FM97.5 / LIVE

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები ახალციხეში – კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 15.08.2016
ახალციხეში, მერიის მიერ გამართულ ღონისძიებას ‘ქართული ოცნების’ მაჟორიტარობის კანდიდატი, ახალციხის ყოფილი მერი გიორგი კოპაძე დაესწრო და მოსახლეობასაც მიმართა. იურისტები ამ ქმედებაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ხედავენ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები ახალციხეში – კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე
მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაზე მიკროფონთან. 14 აგვისტო, 2016წ. ახალციხე

ღონისძიება ახალციხეში

14 აგვისტოს, ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ახალციხის ცენტრში, ომში გარდაცვლილთა მემორიალთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე–ადიგენის ოლქში, გიორგი კოპაძე ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც წამყვანმა, ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯინჭველაძემ ამ დღის შესახებ ისაუბრა, მიკროფონთან გიორგი კოპაძეს სთხოვა.

მაჟორიტარობის კანდიდატი აფხაზეთის ომზე საუბრობს და კონკურენტს, დამოუკიდებელ კანდიდატს ეხმაურება

გიორგი კოპაძე ცენტრალურ პარკში შეკრებილ მოქალაქეებს აფხაზეთის ომის შესახებ ესაუბრა: „დღევანდელი დღე არის სოხუმის აღების დღე. დღევანდელ დღეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სეპარატისტებისგან გაათავისუფლეს სოხუმი. ეს მოხდა სულ რაღაც 20 წუთში. მე პირადად ვმონაწილეობდი ამ ბრძოლაში. გავიდა თითქმის ერთი წელი და მეზობლის, ასე ვთქვათ „სეპარატისტების“ გვერდში დგომის გამო მოხდა სოხუმის დაკარგვა, ბევრი ადამიანის გამო“. [სტილი დაცულია. ს.კ.]

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები ახალციხეში – კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე ამის შემდეგ, მაჟორიტარობის კანდიდატი მისი კონკურენტის, დამოუკიდებელი კანდიდატის ნუგზარ პარუნაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც „სამხრეთის კარიბჭეზე“ გამოქვეყნდა. (პარუნაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში გიორგი კოპაძის წარსულს ახსენებს): „მე რატო გადავწყვიტე აქ გამოსვლა, ამასწინად, ერთ–ერთი სიანფორმაციო საშუალებიდან, ხაზი მინდა გავუსვა, შეიძლება ზოგს არ მოეწონოს, მაგრამ ჩემი მეგობრების მხარდასაჭერად ვინც ომში მონაწილეობდა, მინდა ვთქვა. ამასწინად, ერთ–ერთი ჩვენი აქაური გაზეთის, თუ რა ქვია ამას, გაისმა ასეთი რამ, რომ მე მაქვს ცუდი წარსული, სამშობლოსთვის ბრძოლა, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, საკუთარი ქალაქისთვის ბრძოლა თუ ცუდი წარსულია, ვინც ეს სიტყვები თქვა, იმ ადამიანზე ყველამ კარგად იცით. თუკი ახალციხისის სახელმწიფო ქონების ირანელებზე გაყიდვა არის კარგი წარსული, ეს გაურკვეველ გარემოებას იწვევს ჩემში“ [სტილი დაცულია. ს.კ.].

გიორგი კოპაძემ მოსახლეობას მისი ოჯახის წარმომავლობის შესახებ შეახსენა: „მე იმ ოჯახიდან ვარ, რომელიც ყოველთვის საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოსთვის იბრძოდა. ეს კულტურული ძეგლების დაცვა იყო თუ გვარის. რავიცი, რა არის ასეთი ჩემს წარსულში, იქნებ ვინემემ შემახსენოს. ეს ცოტა ისეთი გადახვევა იყო“.

ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ ამაყია რომ იმ ქუჩაზე დგას, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის პაატა ნათენაძის სახელს ატარებს და ქუჩისთვის სახელის შეცვლაში მონაწილეობა თავადაც აქვს მიღებული: „მადლობა ყველას, რომ მობრძანდით და ამ ტკივილს იზიარებთ“.

რა სტატუსით იყო კანდიდატი მერიის მიერ დაფინანსებულ შეხვედრაზე

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები ახალციხეში – კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე კოპაძის გამოსვლის შემდეგ, მერიამ, აფხაზეთის ომში მონაწილეთა ოჯახებს საჩუქრად პურის საცხობები გადასცა. საჩუქარი 10–მა ოჯახმა მიიღო.

იმის გასარკვევად რა სტატუსით იყო მიწვეული შეხვედრაზე გიორგი კოპაძე, „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის კულტურის სამსახურის უფროსს, მარინა ჯინჭველაძეს მიმართა. ჯინჭველაძეს არც ჟურნალისტის დანახვა ესიამოვნა და არც ჩვენი შეშვება უნდოდა ოთახში. მას შემდეგ, რაც არაერთხელ შევახსენეთ, რომ საჯარო მოხელეა და ვალდებულია კითხვებზე გვიპასუხოს, რამდენიმე კითხვაზე პასუხი ზურგშექცეულმა გაგვცა: „რა შეკითხვა გაქვს? გიორგი კოპაძე ისე მყავდა მიწვეული, როგორც ომში მონაწილე“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გარკვევაც სურდა, თუმცა, კულტურის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ინფორმაცია ამიერიდან ყველა საკითხზე წერილობით უნდა გამოვითხოვოთ: „ახლა მინდა, რომ წერილით ვიკონტაქტო თქვენთან, ყველასთან, „სამხრეთის კარიბჭესთან“. ოფიციალურად მინდა თქვენთან ურთიერთობა. დამანებე თავი, არ მცალია“.

იურისტები: მომხდარში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ირმა პავლიაშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიების არჩევნებისთვის გამოყენება, დარღვევად ითვლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იყო თუ არა დარღვევა, მას გადაჭრით თქმა უჭირს და ამბობს, რომ აქ მნიშვნელოვანია, რა სტატუსით იყო კანდიდატი ღონისძიებაზე.

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად", – განმარტავს ირმა პავლიაშვილი.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები ახალციხეში – კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე
პავლიაშვილის მსგავსად, ამავეს ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამების კოორდინატორი ლევან ნატროშვილი: "ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე მსგავსი ტიპის ქმედება საარჩევნო აგიტაციად ითვლება".

ამავე ორგანიზაციის იურისტის გიგი ჩიხლაძის განმარტებით, კი „ამ შემთხვევაში იგი[კოპაძე] დარეგისტრირებული არ არის ცესკოში კანდიდატად და პირდაპირ დარღვევავზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, წარდგენილია ოფიციალურად კანდიდატად და ფაქტია, რომ იგი ტრიბუნად იყენებს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებას“.

გიორგი კოპაძე ოფიციალურად კანდიდატად ნამდვილად წარდგენილია. ზუსტად ერთი კვირის წინ, ამავე ადგილას, ხახლმრავალ შეკრებაზე, გიორგი კოპაძე ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად, პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. წარდგენიდან სამ დღეში მან მერის პოზიციაც დატოვა და საარჩევნო შტაბში გადაინაცვლა. ახალციხეში მერის მოვალეობას ახლა ვიცე მერი ილია ზარდიაშვილი ასრულებს.

რაც შეეხება გიორგი კოპაძის სტატუსს, მისი სტატუსი ღონისძიების წამყვანს საერთოდ არ გამოუცხადებია. "სამხრეთის კარიბჭეს" კითხვაზე, თუ მაჟორიტარობის კანდიდატი ღონისძიებაზე ისე იყო მიწვეული, როგორ ომის მონაწილე, რატომ არ ახსენა ეს მისი წარდგენისას, კულტურის სამსახურის უფროსმა გაღიზიანებულმა გვიპასუხა, რომ "ეს იგულისხმა": „რა გინდა შვილო?! როგორც წესი იყო, ისე წარვადგინე. მე ვიგულისხმე ისე, როგორც ომის ვეტერანი“ და დაამატა, რომ სხვა გამომსვლელებიც იყვნენ და არც მათი სტატუსები უხსენებია.

ვის შეიძლება დაეკისროს ჯარიმა, მომხდარის გამო

როგორც იურისტები განმარტავენ, მსგავს შემთხვევებში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

„88–ე მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“, – განმარტავს ირმა პავლიაშვილი.

გიგი ჩიხლაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში ახალციხის მერიის პასუხისმგებლობის საკითხი დგება: „2000 ლარია ჯარიმა და მერიის პირველი პირი ჯარიმდება“.

ჩიხლაძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა შევიდეს, რის შემდეგაც მოხდება ფაქტზე რეაგირება.

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ჯერ ამ საკითზე მათთან საჩივარი არ შესულა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს
გამოიყენა თუ არა ‘ოცნების’ კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსი – ფაქტს საოლქო კომისია სწავლობს
„ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივი მედიის წინააღმდეგ
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
'სამხრეთის კარიბჭეს' სპეციალური განცხადება [Video]
გიორგი კოპაძე: „არ გამოვრიცხავ, რომ მერობის  კანდიდატი  ზარდიაშვილი იყოს“.
‘შეიძლება ოთახში შევედი და გამოვედი’ – რას ამბობს გიორგი კოპაძე 6 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე [Video]