
ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დეპუტატობის კანდიდატად მის დასახელებას აპირებდა. მისი თქმით, მმართველ პარტიაში ეს გადაწყვეტილება ბოლო წუთს შეიცვალა და დეპუტატობის კანდიდატად ახალციხის მერი, გიორგი კოპაძე დასახელდა.
„ვიღაცა ჩაერია. „ოცნების“ კანდიდატი რომ არ ვიყავი ეს 7–ში დილით გავიგე“, – აცხადებს პარუნაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
7 აგვისტოს დაასახელა. 6–ში კი საღამოს, როგორც პარუნაშვილი ამბობს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა: „მითხრეს ადგილზე იყავი, არსად წახვიდეო. ქორწილში ვაპირებდი წასვლას და მაგის გამო აღარ წავედი, მაგრამ მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ კანდიდატი მე აღარ ვიყავი“.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ბოლო წუთში შეცვლილი გადაწყვეტილება თავად პარტიის, უფრო კონკრეტულად კი შტაბის წევრებსაც უკვირთ: „გიჩვენებთ მესიჯს, მწერდნენ ჩვენც არ ვიცით რა მოხდაო, ისინი მე მეხვეწებიან ჩამოდი გაგვარკვიე რა ხდებაო“.
პარუნაშვილი ირმწუნება, რომ გიორგი კოპაძე ამ არჩევნებს ვერ მოიგებს და ეს შტაბშიც კარგად იციან: „იციან ვის რა რეიტინგი, განათლება და გამოცდილება აქვს, ან ვინ რა დამოკიდებულებით სარგებლობს ხალხში. გამოკითხვის შედეგებით კოპაძეს მხოლოდ ახალციხეში 13% ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ რაიონში ერთად უფრო ნაკლები შანსი აქვს. ვერ დავასახელებ იმ მიზეზებს რის გამოც მას უარს ეუბნებოდნენ, ეს ზოგადად მის წარსულს და ბიოგრაფიას ეხება“.
შეკითხვებზე: თუ შტაბში კოპაძის დაბალი რეიტინგის, ნაკლები გამოცდილების, განათლებისა და საზოგადოებაში არსებული არც თუ დადებითი დამოკიდებულებების შესახებ იციან, მაშინ რატომ დაასახელეს მისი კანდიდატურა და არჩევნების წასაგებად მზად რატომ არიან, პარუნაშვილი გვპასუხობს: „არ ვიცი, ეს თბილისში, შტაბში უნდა იკითხოთ“.
შტაბში ვიკითხეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. გიორგი კოპაძე კი ამ ყველაფერს სიცრუეს უწოდებს: „თუ განიხილებოდა მისი კანდიდატურა, მაშინ რატომ არ აირჩიეს?! ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!“
კოპაძის განცხადებით, როგორც მისთვის ცნობილია, „ოცნებამ“ კანდიდატები რეგიონში ჩატარებული გამოკითხივს შედეგების მიხედვით შეარჩია: „10–მდე კანდიდატი განიხილებოდა, იქ იყო ნუგზარ პარუნაშვილი და მინდა გითხრათ, რომ ამ სიაში ბევრი ღირსეული ადამიანი იყო. მაგრამ პარუნაშვილი „ოცნებასთან“ როგორ მოიაზრებოდა არ ვიცი“.
გიორგი კოპაძის თქმით, მან იმის შესახებ, რომ ახალციხე–ადიგენის ოლქში დეპუტატობის კანდიდატი იქნებოდა, საბოლოოდ, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიგო: „დამირეკეს და მითხრეს მოემზადე, შენი კანდიდატურა შეირჩაო“.
შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ადიგენი-ახალციხის ოლქში, ქალაქის მერი გიორგი კოპაძე დაასახელა.'
ნუგზარ პარუნაშვილი კი დამოუკიდებელ
დეპუტატად იყრის კენჭს. მან საინიციატივო ჯგუფი უკვე დაარეგისტრირა და ახლა კანდიდატის წასდაგენად ხელმოწერებს აგროვებს.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]