FM97.5 / LIVE

რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

მთავარი 05.04.2014
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები სახელმწიფოს მმართველობაში ბრუნდება. რატომ გადაწყვიტა ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამსახურის რეორგანიზაცია და როგორი იქნება რეგიონული სამსახურის სტრუქტურა;

რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახური სახელმწიფოს მმართველობაში 2014 წლის დასაწყისიდან, ეტაპობრივად გადადის.

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ პირველ და მეორე ეტაპზე, 42 მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, სადაც 129 ბრიგადა მუშაობს, სახელმწიფომ უკვე გადაიბარა. რაც შეეხება მესამე ანუ ბოლო ეტაპს, ის მიმდინარე წლის პირველ აპრილს დაიწყო. ბოლო ეტაპზე სახელმწიფოს მმართველობაში კიდევ 24 მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, 88 ბრიგადა გადავა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გახშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების გაუმართავობის, გამოძახებაზე დაგვიანების, გამოძახების შეუსრულებლობის, პერსონალზე სახელფასო დავალიანების ფაქტები, რამაც ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. სამინისტროში განმარტავენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის სახელმწიფოს მმართველობაში დაბრუნება მსგავს შემთხვევებს შეამცირებს.

„მსგავსი ფაქტები, მიუხედავად სახელმწიფოს არაერთგზის ჩარევისა, არათუ შემცირდა, კატასტროფულად გაიზარდა. შესაბამისად, მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნული სამსახური დაქვემდებარებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“, - აცხადებენ სამინისტროში.

სახელმწიფოს მმართველობაში დაბრუნებამდე აღნიშნულ სამსახურს კერძო სადაზღვევო კომპანიები ფლობდნენ. 2011 წლის პირველი ოქტომბრიდან, თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების სამსახური ეტაპობრივად სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებს გადაეცა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, 2014 წლიდან, რეორგანიზაციის შედეგად საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ შეიქმნა. ცენტრის ადმინისტრაცია თბილისში იქნება, ასევე იარსებებს რეგიონული და რაიონული სამსახურები.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგიონული სამსახური სტრუქტურული ერთეულია, რომელიც რეგიონში შემავალ რაიონულ სამსახურებს მართავს: „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეგიონული მოწყობა ნიშნავს, რომ აღარ იარსებებს მკაცრად განსაზღვრული პრინციპი, შესაძლებელია მეზობელი რაიონის ბრიგადა მოემსახუროს ნებისმიერ ავადმყოფს, უახლოესი პრინციპის გათვალისწინებით“.

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ცენტრი ახალციხეში განთავსდება. ყველა მუნიციპალიტეტში კი რაიონული სამსახური იმუშავებს.

„ჯანდაცვის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის 2013 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური სადაზღვევო კომპანიების კუთვნილ შენობებში რჩება, ხოლო რამოდენიმე თვეში სსიპ-ის კუთვნილ კეთილმოწყობილ ფართში გადავა“, - განმარტავენ სამინისტროში.

თუმცა, შეარჩიეს თუ არა სამინისტროში აღნიშნული ფართი და სამცხე-ჯავახეთის რომელ მუნიციპალიტეტში სად განთავსდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, ამ ეტაპზე ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

უკვე ცნობილია ვინ უხელმძღვანელებს რეგიონულ სამსახურს. სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეგიონული სამსახურის უფროსის მოვალეობას სამი თვის განმავლობაში დავით ფართალაძე შეასრულებს. ვინ არის ფართალაძე და რატომ გადაწყდა მისი ამ პოსტზე დანიშვნა, ჯანდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ. სამინისტროში ამბობენ, რომ სამი თვის შემდეგ კადრებს კონკურსის წესით შეარჩევენ.

ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში 15 სამედიცინო ბრიგადა მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტრო მომავალში ავტოპარკისა და სხვა ინფრასტრუქტურის განახლებას გეგმავს. თუმცა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, გამოძახების ფორმა არ შეიცვლება. სამინისტროს ინფორმაციით სასწრაფოს გამოძახება ისევ ცენტრალური სადისპეჩერო სამსახურის - 112-ის მეშვეობით მოხდება.

ცენტრალიზებული გამოძახება არ მოსწონს მოსახლეობას. მათი თქმით, ამგვარი სისტემა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლას დროში აჭიანურებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური რომ გამოიძახო ჯერ 112-ზე უნდა დარეკო და აუხსნა რომელი რეგიონის, რომელი მუნიციპალიტეტის, რომელი დასახლებული პუნქტიდან რეკავ. შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია ცენტრმა რაიონს უნდა გადასცეს. ცხადია, ამას ემატება ის დროც, რაც ბრიგადას რაიონული ცენტრიდან კონკრეტულ დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელად ესაჭიროება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, სტალინის ქუჩაზე N12-ში მცხოვრებ 88 წლის თამარა ჯოხაძესთვის, ერთი თვის წინ გადატანილი ავადმყოფობის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება მის ოჯახის წევრებს ხშირად უწევთ. ბოლოს სასწრაფო სამედიცინო სამსახური დაახლოები ორი კვირის წინ გამოიძახეს. თუმცა, ბრიგადა 28 წუთის შემდგომ მივიდა.

„წესით ვალეში ხუთ-შვიდ წუთში უნდა ამოსულიყვნენ, მაგრამ 28 წუთი დასჭირდათ. აქ რომ იყო სასწრაფო, უკეთესი იყო, ან ფეხით მივიდოდით, ან დავურეკავდით და უფრო მალე მოდიოდნენ. ადგილობრივი მძღოლები იყვნენ და იცოდნენ ვინ სად ცხოვრობდა. ექიმებიც ნაცნობები იყვნენ და სად მიდიოდნენ იცოდნენ. დროს არ კარგავდნენ და დროულად მიდიოდნენ პაციენტთან“, - ამბობს თამარა ჯოხაძის შვილი გურამ ჯოხაძე.

სამინისტროში კი ამბობენ, რომ რეორგანიზაციის შემდეგ პრობლემას ცენტრალიზებულობაც კი აღარ შექმნის.

„აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს დროში გაჭიანურების შემცირებას“, - ირწმუნებიან სამინისტროში.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ავტომობილი გადაეცა
ვალეში სასწრაფო დახმარების სამსახურს უჩივიან
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოთხი ცენტრი აშენდება
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებების კონტროლს სახელმწიფო უზრუნველყოფს
ნინოწმინდაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების ექიმები გადამზადდებიან
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა