ფოტო: ინნა ღაზაზიანის ფეისბუკის გვერდიდან, გადაღებულია ერევანშიახალციხიდან სამი დატვირთული მიკროავტობუსი 6 ოქტომბერს გავიდა. საკრებულოს წევრ ამბარცუმ ბაბოიანთან ერთად ერევანში ტვირთი წაიღეს ახალციხისა და ბორჯომის მიტროპოლიტმა, ჰაკობ სააკიანმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა.
ამბარცუმ ბაბოიანი ჯერ დაგვპირდა, რომ მოგვიყვებოდა ვიზიტის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.
ერევანში ყოფნისას, ადგილობრივ მედიასთან კი განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანით, ის სოლიდარობას უცხადებს ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხებს.
„ჩამოვედით ჩვენი თანამემამულეების, ძმების, დების მხარდასაჭერად. ჩვენ, მოვედით ყარაბაღიდან, არცახიდან გადმოსახლებულ ხალხთან, ისინი დღეს ერევანში იმყოფებიან. ახალციხეში დღესაც გრძელდება სურსათის, ტანსაცმლის და ფულის შეგროვება. მინდა ვთქვა, რომ მთელი სომხური დიასპორა, ახალციხე, ჯავახეთი დგას ჩვენი სომეხი ჯარისკაცის გვერდით“, - აცხადებს ამბარცუმ ბაბოიანი.
ფლობენ თუ არა ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათი წარმომადგენლის, საკრებულოს დეპუტატის ერევანში ვიზიტის შესახებ, მაშინ როცა ქვეყანას ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია უკავია, ჩვენთვის უცნობია, რედაქცია პარტიის პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარი არ გააკეთეს.
„ამბავი არ ვიცი, თქვენს მოყოლილს ვერ შევაფასებ. არ ვარ კომპეტენტური“, - განგვიცხადეს "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ისურვა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძემაც: „არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, შესაბამისად ვერ შევაფასებ“.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სურსათი, ტანსაცმელი და ფული ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული კონფლიქტის შემდეგ გროვდება.
ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება ახალქალაქის, ნინოწმინდის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს.
სურსათის, მედიკამენტების, ტანსაცმლის და საბურავების საზღვარზე გადატანის მოთხოვნით,
28 და
29 სექტემბერს ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, ადგილობრივებმა აქციები გამართეს, საბოლოოდ საზღვრის გადაკვეთის უფლება სურსათით და ტანსაცმლით დატვირთულ მიკროავტობუსებს
მისცეს და მას შემდეგ, თითქმის ყოველ დღე იგზავნება.
ასევე გროვდება თანხაც, რომელიც სპეციალურ ანგარიშზე ირიცხება. 6 ოქტომბერს ახალქალაქში მშვიდობიანი აქციაც
გაიმართა, სადაც ყარაბაღის კონფლიქტში გარდაცვლილი პირების ფოტოებიც გამოფინეს. აღნიშნულ აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც
ესწრებოდნენ.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს განახლდა. გამოცემა JAMnews–ის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან მოყოლებული, ყარაბაღში, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიებს შორის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. ოფიციალურად, ორივე მხარეს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის, 400 ადამიანამდე დაიღუპა და ათასობით ადამიანი დაშავდა. არაოფიციალურად – გაცილებით მეტი. ორივე მხარე რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ტექნიკის განადგურების შესახებ და ერთმანეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
საერთაშორისო ორგანიზაციები, დასავლეთი და რუსეთი მხარეებს წინაპირობების გარეშე, ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
ფოტო: ინნა ღაზაზიანის ფეისბუკის გვერდიდან, გადაღებულია ერევანში
ასევე ნახეთ:
თავი შეიკავეთ სიძულვილის ენის გამოყენებისგან - ომბუდსმენთან არსებული საბჭოები ყარაბაღის კონფლიქტზე[რიმა სარუხანიან]