
მასშტაბურ აქციას, სადაც ათასობით ეთნიკურად სომეხი ყარაბაღის კონფლიქტში სომხური მხარის სოლიდარობის ნიშნად გამოვიდა,
შეუერთდნენ საჯარო დაწესებულებებში მომუშავე პირები, თავად ახალქალაქის მერი და პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი.
გარდა ამისა, აქციაზე იმყოფებოდნენ მაჟორიტარობის კანდიდატებიც „ევროპული საქართველოდან“ არსენ კარაპეტიანი და „ნაციონალური მოძრაობიდან“ მელიქ რაისიანი.
პოლიტოლოგი უჩა ბლუაშვილი ამბობს, რომ არაკანონიერია მსგავსი აქციის გამართვა, მასში საჯარო პირების მონაწილეობა კი საშიშროებას ქმნის.
„ორივე მხრიდან [სომხეთი/აზერბაიჯანი] ეს არის არაკანონიერიც, უგუნურიც და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯიც. მით უმეტეს, თუ იქ მონაწილეობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას უკავია მკაცრად ნეიტრალური პოლიტიკა, დაინტერესებული ვართ ამ ომის მალე შეწყვეტით და არცერთ მხარეს არ ვეხმარებით, არ ვაწვდით იარაღს და ა.შ. და ამ დროს, ადგილობრივი დიასპორები სომხური და აზერბაიჯანული, ამ კონტექსტიდან ამოვარდნილები არიან და ქმნიან გარკვეულ საშიშროებას“, - ამბობს ბლუაშვილი.
მისივე განმარტებით, საჯარო პირების მონაწილეობა მსგავს აქციებში შესაძლოა გახდეს ერთგვარი შეგულიანება ამ ორ ერს შორის დაპირისპირებისა:
„ქვემო ქართლი და ჯავახეთი შორსაა ერთმანეთისგან, მაგრამ ავლაბარსა და ორთაჭალაში ზემოთ სომხები ცხოვრობენ, ქვემოთ აზერბაიჯანელები და ძალიან დიდია საფრთხე იმისა, რომ მოხდეს ჩვენს ტერიტორიაზეც გამოსვლები, თუ ასე გაგრძელდა გამოსვლები სომხებისა ან აზერბაიჯანელების მხრიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ მკაცრად უნდა მოუწოდოს თავის სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს, რომ არანაირი მონაწილეობა მიიღონ ამაში და პირიქით, ჩაახშონ ის აჟიოტაჟი, რომელიც არის ახლა ატეხილი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით“, - ამბობს პოლიტოლოგი.
ჰქონდათ თუ არა აქციაში მონაწილეობის უფლება საჯარო პირებს, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. რწმუნებულის მოადგილე, შალვა ბერძენიშვილმა განმარტა, რომ აქციის დეტალები კარგად არ იცის, რადგან დღეს ბორჯომში შეხვედრაზე იმყოფებოდა. მისი პირადი აზრით კი, საჯარო სამსახურში მომუშავე ეთნიკურად სომეხმა პირებმა რომ სოლიდარობა გამოხატეს, ნორმალურია, თუმცა სახელმწიფო ხედვიდან გამომდინარე, მათ თავშეკავებულობაც მოეთხოვებათ.
„აზრის გამოხატვას ვერცერთ ადამიანს აუკრძალავ, თუმცაღა ეს აზრი უნდა იყოს ნეიტრალური პოზიციიდან, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა ამას უფრო ნეიტრალურად უყურებს და პირიქით, იმისკენ არის ორიენტირებული, რომ კონფლიქტის დარეგულირებას ხელი შეუწყოს, შესთავაზოს ნეიტრალურ ზონად, თუნდაც საქართველოში, თბილისის გამოყენება, რომ შეხვედრები აქ მოხდეს. ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებულები უნდა ვიყოთ და მშვიდობის პოლიტიკას ვეწეოდეთ“.
რას ფიქრობენ „ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტში შესული დეპუტატის, სამველ მანუკიანის აქციაში მონაწილეობაზე, ამისი გარკვევა „სამხრეთის კარიბჭემ“ „ქართული ოცნების“ცენტრალურ ოფისში სცადა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ საკითხს გაივლიან.
დღეს, ექვს ოქტომბერს ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ჯერ ახალქალაქის სტადიონზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქალაქში მდებარე ეკლესიის ეზოში გადაინაცვლეს.
მთიანი ყრაბაღის გამო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. კონფლიქტის გაღვივებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
[თაკო ფეიქრიშვილი]