FM97.5 / LIVE

რომელმა პარტიებმა დაიწყეს საარჩევნო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, არჩევნები 01.09.2020
გასული წლებისგან განსხვავებით, 2020 წლის არჩევნებისთვის სამცხე-ჯავახეთში ახალი პოლიტიკური ძალები და საარჩევნო სუბიექტები გამოჩნდნენ. არჩევნებამდე ზუსტად ორი თვით ადრე, რეგიონის ორ ოლქში ამ ეტაპზე ექვსი პოლიტიკური ძალა გამოიკვეთა. მათმა ნაწილმა აქტიური კამპანია უკვე დაიწყო, ნაწილი კი საარჩევნო ნომრის მინიჭების მოლოდინშია.

პოლიტიკური პარტიები

მას შემდეგ, რაც 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად დაიწყო.

პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომისა და ნინოწმინდა-ახალქალაქის ოლქებში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად დაასახელა. ნაწილს კი, წარდგენა არ გაუმართავს, თუმცა სავარაუდო კანდიდატები შერჩეული ჰყავს.

„დავით ჭიჭინაძე–ტრიბუნა“

„ტრიბუნას“ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა ამ ადგილზე სამცხე-ჯავახედთის ყოფილი გუბერნატორი გელა კვარაცხელია მოიაზრება.

ამ ეტაპზე პოლიტიკური ძალა ადგილზე შტაბის ჩამოყალიბების საკითხებზე მუშაობს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვინ შევა შტაბში ან ვინ უხელმძღვანელებს, თუმცა პარტიას აქვს საკუთარი ოფისი და მუშაობის აქტიურ რეჟიმზე გადასვლას სექტემბრის პირველი კვირიდან აპირებენ: „მანველიშვილის N33 -ში გვაქვს ოფისი. ველოდებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით და ვაკომპლექტებთ შტაბებს. აქამდე მაინც კანონთან შეუსაბამობა იყო, ამიტომ გვქონდა მხოლოდ ინდივიდუალური შეხვედრები და შტაბის პრეზენტაციასაც გავაკეთებთ“, - ამბობს გელა კვარაცხელია.

„თავისუფალი საქართველო“

აქტიური კამპანია არ დაუწყია, თუმცა ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში სავარაუდო კანდიდატი უკვე ჰყავს „თავისუფალ საქართველოს“. გოდერძი კუბალშვილი, რომელიც 2016 წელს არჩევნებში პარტია "თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსათვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, ოთხი წლის შემდეგ გამარჯვებისთვის ისევ იბრძოლებს.

მისი თქმით, უკვე მზად არის პლაკატი მისი გამოსახულებით, თუმცა საარჩევნო კამპანიას მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით ახორციელებს.
„უფრო ცივილიზებულად დავიწყე მუშაობა. რეგიონში ერთი შტაბი გვექნება მხოლოდ, საფარის ასახვევში. ახლა გახსნის პროცესში ვართ, ვალაგებთ. ნელ-ნელა ვაკომპლექტებთ შტაბსაც, აქტიური კამპანია კი მხოლოდ სოციალური ქსელით გვაქვს დაწყებული“, - აცხადებს კუბლაშვილი.

მისივე თქმით, მოხდება თუ არა მისი, როგორც კანდიდატის ოფიციალურად წარდგენა ჯერ უცნობია: „არ ვიცი პარტიაში გადაწყვეტენ იქნება თუ არა ჩემი წარდგენა. გაკეთებულია პლაკატი და გამოიკვრება. თუ არჩევნები ჩატარდება ცივილურად, დებატებით, შეჯიბრით, ხალხი გადაწყვეტს. 20 ლარად ვინც გაიყიდება, გაიყიდოს“.

„თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“

კიდევ ერთი პარტია, რომელიც რეგიონში 2020 წლის არჩევნებისთვის გამოჩნდა „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზაა”. მათ ოფიციალურად კანდიდატი ახალციხის მოსახლეობას უკვე წარუდგინეს. ხმების მოსაპოვებლად ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში ზურა ხუციშვილი იბრძოლებს -„გამარჯვება ღმერთის ნებაა, ჩვენ გზავნილი უნდა მივიტანოთ ხალხამდე და მერე ღმერთის ნებაა ვინ გაიმარჯვებს. ამ დრომდე პრობლემა არაფერზე შეგვქმნია, მთავარია მშვიდობა იყოს“, - ამბობს ხუციშვილი.

პარტიას რეგიონში ამ დრომდე ოფისი არ აქვს. ჯერ არც მათი პლაკატები ჩანს, რადგან საარჩევნო ნომერი პოლიტიკურ ძალას ჯერ არ მინიჭებია.
„კენჭისყრა იქნება ალბათ ერთ კვირაში და როცა ნომერს მიგვანიჭებენ, მერე გავაკეთებთ პლაკატებსაც და გავალთ სოფლებშიც მოსახლოებასთან შესახვედრად. დასახლებების ნაწილში უკვე ვიყავით. მაგალითად: ბაკურიანში, დვირში, საკირეში, ჭობისხევში, წნისში, კლდეში, აწყურში, თისელსა და ტყემლანაში“.

ხუცისშვილის თქმითვე, 10 სექტემბრამდე გაიხსნება ახალციხეში პარტიის ოფისი და შტაბი დაკომლექტდება.

„ლელო საქართველოსთვის“

საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გაცილებით ადრე გაიხსნა „ლელო საქართველოსთვის“ ოფისები სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში. მიუხედავად აქტიურად დაწყებული კამპანიისა, ამ დრომდე რეგიონის არცერთ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. ამის გამო, დროებით შეაჩერეს შეხვედრები დასახლებებში.

„შეხვედრები რაღაც ეტაპზე ერთი კვირაა შევაჩერეთ, რადგან მაჟორიტარის ოფიციალურად დასახელებას ველოდებით და იმდენი სახსრები არ გაქვს რომ ცალ-ცალკე ვიაროთ. წესით, კვირის ბოლომდე უნდა იყოს წარდგენა“, -ამბობს „ლელოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯუმბერ ინასარიძე, რომელიც ამავდროულად სავარაუდოდ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება: „ველოდებით ნომრის მინიჭებას. პლაკატები ბილობორდებისთვის დიდები, საერთო პარტიული და მამუკა ხაზარაძის დამზადებული გვაქვს, თუმცა რაღაც ორიგინალური მოვიფიქრე და ცოტა ხანში გაიგებს ყველა. არ ვაპირებთ ქალაქის დაბინძურებას“, - ამბობს ინასარიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

აქტიურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მათ შტაბები არა მხოლოდ ცენტრალურ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც ექნებათ. გარდა ამისა, ქალაქში აპირებენ მეორე შტაბის გახსნასაც: „ შტაბები იქნება უდეში, არალში, ვალეში, ვარხანში, აწყურში, მთლიანობაში შვიდი შტაბი დაემატება. იქ, სადაც ჩვენი მხარდამჭერების სიმრავლეა, რომ არ ვაწვალოთ და ხშირად არ მოუწიოთ ჩასვლა ახალციხესა და ადიგენში, მოსახლეობისთვის უფრო ადვილი იქნება ამ სოფლებში მისვლა. ასევე ხშირად ივლიან ჩვენი პარტიის წევრები იმ სოფლებში, სადაც შტაბი არ გვექნება. ასეთი შტაბები ამარტივებს ხალხთან ურთიერთობას“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ივერი ბალახაშვილი.

მისივე თქმით, უკვე დაწყებულია მზადება პლაკატებისთვის და ქალაქ ახლციხეში შერჩეულია რამდენიმე ადგილი ბილბორდისთვის: „გამზადებული გვაქვს ბილბორდებზე ადგილები, გაკრული არ გაქვს. ერთ-ერთი უნდა იყოს მაგალითად რესტორან „ვარძიასთან“. ახლა რაც ცარიელი ბილბორდებია ქალაქში და სადაც „ოცნების“ პლაკატი არ არის, ჩვენ ავიღეთ“.
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა არჩევნების თარიღი, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვაჟა ჩიტაშვილმა შეხვედრა სოფელ უდიდან დაიწყო.
„ნაციონალურმა მოძრაობას“ მაჟორიტარების ოფიციალური წარდგენა არ ჰქონია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში პარტიის სახელით ვაჟა ჩიტაშვილი იბრძოლებს, ახალქალაქი-ნინოწმინიდის ოლქში კი მელიქ რაისინი. http://old.sknews.ge/index.php?newsid=28812

„ქართული ოცნება“

წინასაარჩევნო კამპანია სამცხე-ჯავახეთის ოლქებში აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“. რამდენიმე დღით ადრე ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში პარტიამ მაჟორიტარად ანტონ ობოლაშვილი დაასახელა, ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში კი სამველ მანუკიანი.
ობოლაშვილის პლაკატები ახალციხეში ბილობორდებზე აგვისტოში გააკრეს. დაკომლექტებულია შტაბებიც. 2020 წლის არჩევნებისთვის ახალციხის შტაბს ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი გიორგი კოპაძე ხელმძღვანელობს, აღმასრულებელი მდივანი კი გიორგი გვარამაძეა.

„ოცნების“ კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყეს. ობოლაშვილი ბორჯომის, ადიგენის, ასპინძისა და ადიგენის სოფლებში შეხვედრებს თითქმის ყოველდღიურად მართავს. რაც შეეხება სამველ მანუკიანს, მან კამპანია სოფლების კარწახისა და ფილიპოვკის მოსახლეობასთან შეხვედრით, 1-ელ სექტემბერს დაიწყო.

„ევროპული საქართველო“

სამცხე-ჯავახეთში „ევროპულმა საქართველომ“ მაჟრიტარობის კანდიდატები სხვადასხვა დროს დაასახელა. ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში გამარჯვებისთვის არსენ კარაპეტიანი იბრძოლებს. იგი ოფიცილურად სამ აგვისტოს წარადგინეს. საარჩევნო კამპანიაც ჯავახეთში აგვისტოდან დაიწყო. ამავე წარდგენისას ახალციხის-ადიგენის-ასპინძისა და ბორჯომის ოლქში კანდიდატი არ დაუსახელებიათ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამავე ოლქში „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, რომელიც ვანო მერაბიშვილი უნდა ყოფილიყო.

მერაბიშვილმა მაჟორიტარობაზე უარი სწორედ სამ აგვისტოს, დილით განაცხადა. შესაბამისად, „ევროპელებმა“ საკუთარი კანდიდატის დაყენება გადაწყვიტეს. მანამდე კი „ევროპული საქართველოს“ ახალციხის შტაბი რამდენიმე თანამშრომლემა, მათ შორის შტაბის ხელმძღვანელმა გელა დემეტრაძემ დატოვა.

ადგილობრივ ორგანიზაციას სათავეში ყოფილი პარლამენტარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურა ჩილინგარაშვილი ჩაუდგა. 1-ელ სექტემბერს იგი პარტიამ ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად დაასახელა.

დააყენებენ თუ არა რეგიონში სხვა პოლიტიკური პარტიები საკუთარ მაჟორიტარობის კანიდატებს ცნობილი არ არის.

ამ ეტაპზე ცესკოს რეგისტრაციისთვის 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. დანარჩენ, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს თავმჯდომარისთვის მიმართვა 4 სექტემბრამდე შეუძლიათ. ამავე პერიოდამდე შეუძლიათ, რეგისტრაცია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსაც.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ქართული ოცნების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინსაარჩევნო კამპანია დაიწყო
პოლიტიკური დუმილი ახალციხეში
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხე-ადიგენი-ასპინძა–ბორჯომის ოლქში ზურა ჩილინგარაშვილი წარადგინა
საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხეში 14 კანდიდატი დარეგისტრირდა
ყოფილი გუბერნატორი სამცხეში ‘ტრიბუნას’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოიაზრება
როგორ ემზადებიან სამცხე-ჯავახეთში პარტიები არჩევნებისთვის
‘ევროპელების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში სავარაუდოდ ზურა ჩილინგარაშვილი იქნება