FM97.5 / LIVE

იმპიჩმენტი მეორედ? – ლევან ლობჯანიძე საკრებულომ შესაძლოა ისევ გადააყენოს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.02.2017
თოვლისგან გასაწმენდი გზები თუ შეხვედრა იმპიჩმენტის მოსამზადებლად; რატომ შეხვდა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ადიგენში საკრებულოს უმრავლესობას;

იმპიჩმენტი მეორედ? – ლევან ლობჯანიძე საკრებულომ შესაძლოა ისევ გადააყენოს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ერთ–ერთი დეპუტატის განცხადებით, ადიგენის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ლევან ლობჯანიძეს მას შემდეგ რაც საკრებულოს თავმჯდომარედ დააბრუნებენ, იმპიჩმენტის წესით ხელახლა გადააყენებენ. როგორც დეპუტატი „სამხრეთის კირიბჭესთან“ პირად საუბარში აცხადებს, დღეს, 2 თებერვალს ამ საკითხის განსახილველად სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ადიგენის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

„არჩევის შემდეგ ჩემს გადაყენებას რომ ისევ გეგმავენ, ეს მეც გავიგე“, –გვითხრა სატელეფონო საუბარში ადიგენის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ლობჯანიძემ.

რაც შეეხება გუბერნატორის უმრავლესობის წევრებთან შეხვდრას ლობჯანიძე ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის: "მაშინ ჩემ გადაყენებას გუბერნატორს ვუკავშირებდი და მის მონაწილეობას ხელახლა იმპიჩმენტის დაყენების საკითხში არც ახლა გამოვრიცხავ".

დღეს, 2 თებერვალს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მართლაც იმყოფებოდა. რეგიონის პირველი პირი რომ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა, ამას „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამიაც ადასტურებს და გამგებელი ზაქარია ენდელაძეც.

თუმცა, ორივე მათგანის განცხადებით, გუბერნატორის ვიზიტი ადიგენის სოფელბში თოვლის გამო ჩაკეტილ გზებს ეხებოდა.

„ძალიან ცუდი სიტუაციაა სოფლებში, ქარმა თოვლი გადმოიტანა და გზა ჩაგვიკეტა ზანავში, ასევე, ენთელში ქიქინეთი–ფხეროს მიმართულებით. მოსახლეობა ვერ მოძრაობდა და გუბერნატორი ამიტომ მოვიდა, დამატებით დახმარების გაწევაზე იყო საუბარი“, – ამბობს ძაძამია.

მიუხედავად მისი განცხადებისა, სოფელ ენთელში გამგებლის წარმომადგენელი პეტრე საკანდელიძე აცხადებს, რომ სოფლამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და მოძრაობა არ შეფერხებულა: „ვინ თქვა ჩაიკეტაო?! ასეთი რამ არ ყოფილა!“

რაც შეეხება ზანავს აღნიშნულ სოფელში გამგებლის წარმომადგენელი გივი ანძაველიძე გვიდასტურებს, რომ გუშინ ღამით ქარმა გზაზე მოძრაობა მართლაც შეაფერხა: „მაგრამ ამის გამო არანაირი პრობლემა არ შექმნილა“.

რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შალვა გავაშელს, რომელიც გუბერნატორთან შეხვედრას ესწრებოდა ამბობს, რომ რეგიონის პირველ პირთან ერთად დეპუტატებმა მოხეში გზის საკითხი განიხილეს: „ხომ გაჟღერდა, რომ თითქოს მოხეში გზა იყო ჩაკეტილი, ხოდა ამაზე იყო საუბარი, არადა აქ პრობლემა არ შექმნილა, არც გზა ჩაკეტილა“.

ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ გუბერნატორთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ იყო, თუმცა, რატომ ესწრებოდნენ ამ შემთხვევით შემდგარ შეხვედრას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატები, ამაზე არავინ გვპასუხობს.

„ფართო შემადგენლობით არ ვიყავით, 7 დეპუტატი მაინც იყო უმრავლესობიდან, ესწრებოდა გამგებელიც“, – ამბობს თამაზ ძაძამია.

რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა საუბარი ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით ხელახლა გადაყენებაზე ძაძამია გვპასუხობს: „საუბარი ყველაფერზეა. რიგი დეპუტატები კერძო საუბრებში არ მალავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორად მიაჩნაით“.

რაც შეეხება პირადად მის დამოკიდებულებას, არ მალავს, რომ მისთვის ლობჯანიძე მიუღებელი პიროვნებაა.

„ბოლო პერიოდში ჩვენ შორის ვითარება დაიძაბა, უთანხმოება გვქონდა. მაპატიეთ, მაგრამ ძალიან ჯიუტი პიროვნებაა, ბევრჯერ უნდოდა, რომ მისი გადაწყვეტილებების პირდაპირი აღმასრულებელი ვყოფილიყავი მეც და სხვაც. არ ვარ პატარა ბიჭი, რომ მის თამაშებს ავყოლოდი“, – გვიყვება ძაძამია.

მისი თქმით, ლობჯანიძეს საკრებულოში გუნდური მუშაობა უჭირდა, არადა საკრებულომ გამგეობასთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტების განხორციელებას ხელი შეეშლება.

შეკითახვაზე, რამდენად ხედავს პროექტების შეჩერების საფრთხეს ლობჯანიძის თავმჯდომარედ დაბრუნების შემთხვევაში, ძაძამია გვპასუხობს: „ჩვენ ამ საფრთხეს მაშინაც ვხედავდით. ახლა მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, იმდენი პროექტი რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ადიგენში განხორციელდა, ცხრა წლის მანძილზე ერთად არ განხორციელებულა. თუკი ლობჯანიძე დაბრუნდება და მუშაობის სტილს არ შეიცვლის, მის კაპრიზებს ვერ ავყვებით“.

იგივე შეკითხვაზე პასუხს თავს არიდებს ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე. მაშინ, როცა ლობჯანიძეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს, ძაძამიას მსგავსად ენდელაძეც მას გუნდურ მუშაობას უწუნებდა: „წარსულში რაც იყო, ყველამ კარგად ვიცით. მომავალზე საუბრისგან თავს შევიკავებ“.

ენდელაძე ამბობს, რომ ლობჯანიძის ხელახლა იმპიჩმენტის დაყენების საკითხს, არ ადასტურებს. გუბერნატორის ვიზიტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების შემდეგ კი კაბინეტს ტოვებს: „ოთახიდან გავდივარ და თქვენ აქ დარჩებით?“

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „გუბერნატორი მიმდინარე კვირის განმავლობაში მხარის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობის გამო შექმნილ მდგომარეობას ადგილზე ეცნობოდა, ამავე მიზნით იყო ადიგენში. დიდთოვლობის გარდა არანაირ სხვა თემაზე შეხვედრა არ შემდგარა“.

დიდთოვლობის გამო შეხვედრას ადიგენის გამგეობაში საკრებულოს უმცირეობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

„უმრავლესობა უნდობლობას უცხადებს ლობჯანიძეს და ეს უხერხულობას ქმნის. ამიტომ გადაყენებას რომ დაუპირებენ ეგ აშკარაა, მაგრამ რამდენად შეძლებენ არ ვიცი“, – ამბობს საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რატი ტატალაშვილი.

იმისთვის, რომ ლობჯანიძე კვლავ იმპიჩმენტის წესით გადააყენონ, 16 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში თუ მცდელობა არ გამართლდება, სამართლებრივად კვლავ უნდობლობის გამოცხადების უფლება საკრებულოს უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში აღარ ექნება.

ახლა კი, დანიშვნიდან მალევე უნდობლობის გამოცხადება რომ შეუძლია საკრებულოს, ამას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი“ ირმა პავლიაშვილი გვიდასტურებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. იმავე დღეს დეპუტატებმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.

მაშინ ლობჯანიძე ამ იმპიჩმენტს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს უკავშირებდა. ამის შესახებ იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ვრცლად საუბრობდა.ლობჯანიძემ საქმე სასამართლოში გაასაჩივრა და სამივე ინსტანციაში სარჩელი დაუკმაყოფილდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
ზაქარია ენდელაძე: ლობჯანიძეს გუნდურობის პრინციპი არ გამოუვიდა
ადიგენის საკრებულომ იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხი ცნობად მიიღო
ადიგენის საკრებულოს იმედა მღებრიშვილი უხელმძღვანელებს
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება
‘ნაციონალები’: საკრებულოს თავმჯდომარე კლანურ დაპირისპირებას შეეწირა