ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ლობჯანიძის საკითხი, საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის, ბოლო, მე–8 საკითხად იყო გატანილი.
როგორც კი საკრებულომ ლობჯანიძის დაბრუნების საკითხი ცნობად მიიღო, საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა, მოადგილემ თამაზ ძაძამიამ და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. ეს ისე მოხდა, რომ არც ლევან ლობჯანიძეს მიეცა რაიმეს თქმის საშუალება და ვერც საკრებულოს სხვა წევრებმა მოასწრეს კითხვების დასმა.
მას შემდეგ, რაც იმედა მღებრიშვილმა და თამაზ ძაძამიამ დარბაზი დატოვეს, ლევან ლობჯანიძემ განაცხადა, რომ მას თამაზ ძაძამია ზეწოლაში ადანაშაულებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
დარბაზში დარჩენილ დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ იმ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც ლობჯანიძეს უნდა გადაეცეს განაცდურის ასანაზღაურებლად. საუბარია 60, 950 ლარზე.
უმრავლესობის დეპუტატი, ოთარ კვარაცხელია ფიქრობს, რომ ეს სერიოზული თანხაა ადგილობრივი ბიუჯეტისთვის: "მაშინაც ასეთი ხრიკებით გადააყენეს და მგონია რომ ახლაც რაღაცას მოუწყობენ. ეს საკმაოდ დიდი თანხაა ბიუჯეტისთვის, ამიტომ, ეს ფული თვითონ ძაძამიამ და მღებრიშვილმა უნდა გადაიხადონ“.
სხდომის დასრულების შემდეგ, დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა იმისთვის, რომ ლევან ლობჯანიძეს ისევ იმპიჩმენტი მოუწყონ.
კითხვაზე, რატომ დატოვეს სხდომა, იმედა მღებრიშვილი გვპასუხობს: "ცნობად მივიღეთ, სხა განსახილველი არაფერი იყო“. რაც შეეხება საუბარს იმის შესახებ, რომ ლობჯანიძეს ისევ იმპიჩმენტს უპირებენ, იმედა მღებრიშვილი ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია.
ამ დრომდე ისიც უცნობი რჩება, როდის მიიღებს ლობჯანიძე იძულებით განაცდურს. იმედა მღებრიშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტში ამისთვის თანხა არ არის.
"სამხრეთის კარიბჭე" შეეცადა იურისტთან გაერკვია, არის თუ არა ამ წუთიდან ლევან ლობჯანიძე მოქმედი თავმჯდომარე.
"განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც, ლევან ლობჯანიძის გადაყენების ოქმი და იმედა მღებრიშვილის არჩევის ოქმი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, უკვე მზადაა. მათზე ხელი უნდა მოაწეროს თამაზ ძაძამიამ, იმიტომ, რომ იმედა მღებრიშვილს ეხება და მას აღარ აქვს უფლება ხელი მოაწეროს. როგორც კი ძაძამია ხელს მოაწერს და ვფიქრობ, რომ დღესვე მოაწერს, იმ წუთიდან ლევან ლობჯანიძე შეუდგება მუშაობას“, – განმარტავს საკრებულოს იურისტი შალვა ტყემალაძე.
როგორ განვითარდება მოვლენები, ამ დრომდე უცნობი რჩება. ლევან ლობჯანიძე ამბობს, რომ თუ ისევ იმპიჩმენტს მოუწყობენ, კვლავ სასამართლოს მიმართავს.
ეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე 2015 წლის 4 მარტს, საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით თანამდებობიდან გადააყენეს. იმავე დღეს დეპუტატებმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.
ლობჯანიძე ადგილობრივ თვითმმართველობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებდა. მიაჩნდა, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება პროცედურული დარღვევებით მოხდა, ამიტომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის სხდომის შედეგებისა და ახალი თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის არჩევის ბათილად ცნობას ითხოვდა. მან საქმე სამივე ინსტანციაში მოიგო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საკრებულო ვალდებულია, უახლოეს სხდომაზე, ყოფილი თავმჯდომარე პოზიციაზე აღადგინოს და 23 თვის იძულებით განაცდური აუნაზღაუროს. თვეში მისი ხელფასი 2 650 ლარით განისაზღვრებოდა. შესაბამისად მას ადგილობრივი თვითმმართველობიდან ანაზღაურება 60, 950 ლარი ეკუთვნის. როგორც იურისტები განმარტავენ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი აღსრულება სავალდებულო. ამდენად თვითმმართველობას ვერ ექნება ვერანაირი მიზეზი და არგუმენტი იმისთვის, რომ ლობჯანიძეს იძულებით განაცდური არ აუნაზღაურონ.
[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]