FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოს სასამართლოში უჩივიან, საქმეში ფიგურირებს გუბერნატორიც

მთავარიპოლიტიკა 03.04.2015
მთავრდებოდა თუ არა გუბერნატორის სატელეფონო ზარებით, გინებითა და მუქარით ადიგენში საკრებულოს სხდომები; რეგიონის პირველ პირს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზეწოლაში ადანაშაულებს. რატომ გადააყენეს ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან და რატომ მიიჩნევენ აკაკი მაჭუტაძეს ყოფილი ხელისუფლების მავნე გადმონაშთად;

ადიგენის საკრებულოს სასამართლოში უჩივიან, საქმეში ფიგურირებს გუბერნატორიც

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე, რომელიც თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს, საკრებულოს მუშაობაში გუბერნატორის ჩარევასა და მისი მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

პირველი დავალება და გაფრთხილების ზარი გუბერნიიდან

ლობჯანიძე ამბობს, რომ პირველი დავალება აკაკი მაჭუტაძისგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარებამდე მიიღო.

„გუბერნიაში დაგვიბარეს და აკაკი მაჭუტაძემ გადმოგვცა სია, ვინ უნდა დანიშნულიყო კომისიის თავმჯდომარედ და ვინ ფრაქციების თავმჯდომარედ. წესით ეს საკითხი ბიუროს შვიდკაციან სხდომაზე უნდა განხილულიყო, მაგრამ ბიუროს არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა და არც ერთი კანდიდატი არ შეთანხმებულა ჩვენთან“, – ამბობს ლევან ლობჯანიძე.

კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები ადიგენის საკრებულოში, როგორც ლობჯანიძე ამბობს, გუბერნიაში მიღებული სიის მიხედვით აირჩიეს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი სპეციალობის მიხედვით არ იყო შერჩეული.

მოულოდნელობა ლობჯანიძეს საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პირველივე სხდომაზეც შეხვდა: „გამგეობიდან რიგგარეშე საკითხად, 17.000 ლარად გამგებლის მოადგილისთვის მაღალი გამავლობის მანქანის შესყიდვის საკითხი შემომიტანეს. პირველივე სხდომაზე გაღატაკებული რაიონისთვის კომფორტული მანქანის ყიდვა მოსახლეობის მხრიდან ცუდ რეაქციას გამოიწვევდა და ასეც მოხდა“

ამიტომ ლობჯანიძემ კოლეგებს აღნიშნულ საკითხზე კომისიის შექმნა შესთავაზა, – ყველა პარტიის წარმომადგენელი ერთად შეისწავლიდა მანქანის ხარჯს და იმას, იყო თუ არა საჭირო მისი ყიდვა: „როდესაც გაიგო გამგებელმა, რომ ამ საკითხის განხილვას ცუდი რეაქცია მოჰყვა, სხდომაზე შემოვიდა და თქვა, რომ მისი მოადგილისთვის მანქანის ყიდვა აუცილებელი იყო, რადგან გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა მოადგილეს უნდა შეესრულებინა“.

საკრებულოს თავმჯდომარეს კენჭისყრისას აღნიშნული საკითხისთვის ხელი არ აუწევია, თუმცა, ხმათა უმრავლესობით მანქანის შეძენა გადაწყდა. იმ ღამეს, როგორც ლობჯანიძე ამბობს, მასთან გუბერნატორმა დარეკა: „აკაკიმ მისაყვედურა, მითხრა, ხომ გაგაფრთხილე ‘ბორბალში ჯოხს ნუ ჩადებო’. გამგებლის მოადგილე ცხენით, ან მეზობლის მანქანით ხომ არ ივლის, როცა გადაადგილება დასჭირდებაო“.

ლობჯანიძე: „გუბერნატორმა სამი რუსული სიტყვა მითხრა და ტელეფონი გამითიშა“

ხმაური ადიგენში საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთი საკითხის განხილვას მოჰყვა – არალში საბავშვო ბაღის შენობის ნაწილი უზურფრუქტის წესით ამავე სოფელში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უნდა გადაეცათ. პირველი სხდომისგან განსხვავებით, ამჯერად დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

„საბუთებს რომ გადავხედე, საბავშვო ბაღის მენეჯერის პოზიცია არ ჩანდა. ამიტომ კომისიის თავმჯდომარეს, მღებრიშვილს დავავალე, რომ ეს საკითხი შეესწავლა და სხდომაზე ისე გამოეტანა“, – ამბობს ლობჯანიძე და ამატებს, რომ ამ დროისთვის საბავშვო ბაღები უკვე უფასო იყო და მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბევრი ბავშვი ბაღში უადგილობის გამო ვერ დადიოდა, – „ამიტომ, საკითხის შესწავლის გარეშე, საბავშვო ბაღის შენობის ნაწილის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გადაცემა, სოფელში პროტესტს გამოიწვევდა“.

ლობჯანიძის განცხადებით, მღებრიშვილმა საკითხი საკრებულოს სხდომაზე ისევ შესწავლის გარეშე გაიტანა, ამიტომ დეპუტატებმა მისი განხილვა გადადეს. სხდომის დამთავრების შემდეგ კი გუბერნატორმა ლობჯანიძეს ისევ დაურეკა.

„ლანძღვა დამიწყო: მე შენ ერთხელ უკვე გაგაფრთხილე და მეორედ აღარ გაგაფრთხილებ, რომ რასაც შემოიტანს გამგებელი, ყველაფერი ულაპარაკოდ უნდა დაამტკიცოო. ვთხოვე მოესმინა, რომ ამეხსნა ასე რატომ გავაკეთეთ, მაგრამ სამი რუსული სიტყვა მითხრა და ტელეფონი გამითიშა“, – აცხადებს ლობჯანიძე და ამატებს, რომ ამის შემდეგ თავად გუბერნატორთან დარეკვა ორჯერ სცადა, მაგრამ მან ტელეფონს აღარ უპასუხა.

შეაგინა თუ არა გუბერნატორმა საკრებულოს თავმჯდომარეს?

კიდევ ერთი საკითხი, რამაც ლობჯანიძის თქმით, გუბერნატორის გაღიზიანება გამოიწვია და ის უკვე სატელეფონო ზარებს გასცდა, მოხეში სადავო შენობის თემა იყო.

მაშინ, როცა ქრისტიანებმაც და მუსლიმებმაც საკრებულოს თავმჯდომარეს შენობის გადაცემის თხოვნით წერილობით მიმართეს, საკრებულოში კიდევ ერთი წერილი რელიგიის სააგენტოდან შევიდა. ახლადშექმნილი უწყება საკრებულოს სთხოვდა, რომ თუ რომელიმე კონფესიის მხრიდან მიწის, ან შენობის სტატუსის შეცვლის შესახებ, საკრებულოში საკითხი განსახილველად შევიდოდა, მათთვის ეცნობებინათ, სააგენტო იმსჯელებდა და რეკომენდაციას შესთავაზებდა.

რადგან მოხის სადავო შენობის ქრისტიანებისთვის, ან მუსლიმებისთვის გადაცემის საკითხი სხდომაზე მარტივი განსახილველი არ იქნებოდა, ლობჯანიძემ მუსლიმებისა და ქრისტიანების წერილები, ასევე ამავე მოთხოვნაზე მუსლიმებისთვის გაგზავნილი გამგებლის უარი, ერთმანეთს დააკრა და სააგენტოში გაგზავნა. თუმცა, ვიდრე გაგზავნიდა, როგორც თავად ამბობს, ამის შესახებ ზარზმის მონასტრის წინამძღვარს მამა ნიკოლოზს (გეწაძეს) და გუბერნატორის მოადგილეს ავთანდილ კაჭკაჭაშვილს უთხრა.

„ახალციხეში მოვდიოდი და გზაზე ვნახე ორივე, საუბრობდნენ. ავთომ მითხრა, ეგ საკითხი უკვე გადაწყვეტილია, მანდ (სადავო შენობაში) ბიბლიოთეკა იქნებაო“, - იხსენებს ლობჯანიძე.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე ასპინძაში, ქალთა ოთახის გახსნაზე მიდიოდა. მისი თქმით, გზაში გუბერნატორის მოადგილემ, ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა დაურეკა და უთხრა, სასწრაფოდ მობრუნებულიყო და სამხარეო ადმინისტრაციაში მისულიყო, იქ მისული კი გუბერნატორთან შეიყვანა.

„აკაკიმ ყვირილი დამიწყო, ისინი რატომ გადააგზავნე სააგენტოში, რატომ ერევი ამ საქმეებშიო. ვთხოვე დაწყნარებულიყო და ნორმალურად ელაპარაკა, მაგრამ რომ არ დამითმო, მერე მეც ავუწიე ხმას. ყვირილზე ავთოც შემოვიდა და იმანაც დაიწყო, რატომ გაგზავნე, სად ეტენებიო. ვუთხარი, რომ ეგ საკითხი კომისიურად უკვე შესწავლილი მქონდა, არსად არ ვეტენებოდი და სიტყვები უნდა შეერჩია“, - ამბობს ლობჯანიძე.

მისი თქმით, მან სცადა კაჭკაჭაშვილისთვის შეეხსენებინა, რომ სააგენტოში წერილების გაგზავნის შესახებ მას მამა ნიკოლოზთან ერთად უთხრა: „ასევე ვუთხარი, რომ სააგენტო მათი ზემდგომი იყო და არ მქონდა უფლება ეს წერილები არ გადამეგზავნა. ამაზე აკაკიმ ღრიალი დაიწყო, შენ გიჩვენებ სეირსო“.

ლობჯანიძემ გუბერნატორის ოთახიდან გამოსვლისას გინება გაიგონა: „უკვე ავთოს ოთახისკენ მივდიოდი, დედის მისამართით გინება რომ გავიგონე, მივედი და ვკითხე, აკაკი მე შემაგინე–მეთქი და არაო მითხრა. იქ მხოლოდ მე და ავთო ვიყავით, ან მე შემაგინა, ან ავთოს“.

გუბერნიაში ლობჯანიძის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ

აკაკი მაჭუტაძემ ლობჯანიძის ბრალდებებზე საუბარი არ ისურვა. მისი მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი კი აცხადებს, რომ ლობჯანიძე გუბერნატორის კაბინეტში, გარდა ერთი შემთხვევისა, როცა მაჭუტაძე საკრებულოების წარმომადგენლებს შეხვდა, არ ყოფილა.

„ლევანისთან ბევრჯერ დამირეკავს, მაგრამ ისეთი, რომ გზიდან მომებრუნებინა და მერე აქ გველანძღა, არაფერი ყოფილა. ადამიანის ბინძურ გონებას საზღვარი არ აქვს, – აცხადებს კაჭკაჭაშვილი და ამატებს, რომ ლევანთან არც გუბერნატორი დარეკავდა, – თუ კაკოს ლევანთან რაიმეს გადაცემა უნდოდა, ყოველთვის მე მეუბნებოდა რომ დამერეკა“.

ასევე, კატეგორიულად უარყოფს კაჭკაჭაშვილი ფაქტს იმის შესახებ, რომ საკრებულოს კომისიისა და ფრაქციის ხელმძღვანელების სია, ლობჯანიძეს გუბერნიამ გადასცა: „ასეთი სია თუ მიიღო, გვაჩვენოს. თან კანდიდატურის დაყენება საკრებულოს თავმჯდომარის პრეროგატივაა. საკრებულოს საქმიანობაში არასდროს ჩავრეულვართ“.

ლობჯანიძე სასამართლოში ჩივის და საქმეს „სამხრეთის კარიბჭეს“ სტატიას ურთავს

მაჭუტაძისა და გუბერნიის საკრებულოების საქმიანობაში ჩარევის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენებმადე ხუთი თვით ადრე, გასული წლის სექტემბერში წერდა. სტატიაში ლობჯანიძე ღიად ადასტურებდა, რომ მკაცრად იყო გაფრთხილებული, საკითხები საკრებულოს სხდომებზე გატანამდე გუბერნიასთან შეეთანხმებინა. სხდომის გამართვამდე დღის წესრიგს საკრებულოები გუბერნიას რომ უგზავნიდნენ, ეს აღნიშნულ სტატიაში სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთევან მიშველიძემაც დაადასტურა, თუმცა გუბერნატორმა კატეგორიულად უარყო.

დღეს მიშველაძის განცხადებას კაჭკაჭაშვილი ასე ხსნის: „ალბათ კითხვა ვერ გაიგო. თქვენ სხვა რამე ჰკითხეთ და მან სხვა გიპასუხათ“.

აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კი, როგორც ლობჯანიძე ამბობს, ამჯერად მას საუბარი გუბერნატორის ნაცვლად, სწორედ კაჭკაჭაშვილთან მოუწია. იმის გამო, რომ მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ გუბერნიის საკრებულოს საქმიანობაში ჩარევის ფაქტი დაადასტურა, უსაყვედურეს, თუმცა, ეს სხვა სატელეფონო ზარებისა და შეხვედრების მსგავსად მწვავე არ ყოფილა: „ავთომ მითხრა, როდესაც კორესპონდენტი გირეკავს, ფრთხილად უნდა იყოო“.

„ვინ არ იყო ფრთხილად“, ვის რა უნდა ეთქვა და ერევა თუ არა საკრებულოს საქმიანობაში გუბერნია, ამაზე სასამართლო იმსჯელებს. ლევან ლობჯანიძეს დღეს, 3 აპრილს ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. იგი გუბერნატორის მხრიდან ზეწოლისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გადაყენების გამო ჩივის. მისი სასარჩელო მოთხოვნა, თანამდებობაზე დაბრუნებაა. თუმცა, ვიდრე გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ მათ საქმიანობაში გუბერნია არასოდეს ჩარეულა და შესაბამისად, არც ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენებაა გუბერნატორთან რაიმე კავშირში.

რას ამბობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში ლობჯანიძის გადაყენებაზე

„ლობჯანიძეს გუნდურობის და კოლეგიალობის პრინციპი არ გამოუვიდა“, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.
მისი თქმით, მომხდართან გუბერნია არაფერ შუაშია და მუნიციპალიტეტი სამხარეო ადმინისტრაციასთან არაფერს ათანხმებს.

ენდელაძეს ეთანხმება ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეული იმედა მღებრიშვილი: „ძირითადად მიზეზი იყო ის, რომ ოპოზიციური ძალების აზრს უფრო ითვალისწინებდა, ვიდრე კოალიციისას. ჩვენ უმრავლესობა ვართ და უმცირესობას თავისი მოსაზრება ვერ გაჰქონდა, მაგრამ ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა ლევანს მათთან“.

კითხვაზე, რაში გამოიხატებოდა ეს, მღებრიშვილი გვპასუხობს: „ერთ–ერთი ასეთი საკითხი ჩვენი თანაგუნდელისთვის საყვედურის მოხსნა იყო. ლობჯანიძის პრინციპული პასუხი კი ამაზე იყო: არა“.

სადავო საკითხების რიცხვში იხსენებს მღებრიშვილი არლის საბავშვო ბაღის ფლიგელის ნაწილის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გადაცემასაც: „ამაზე უარი ლევანმა იმიტომ გვითხრა, რომ არ შეიძლება ასეთი ბავშვების ერთად ყოფნაო“.

აღნიშნულს ლობჯანიძეც ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ მთავარი მიზეზი მღებრიშვილის მხრიდან საკითხის სხდომაზე მოუმზადებლად გატანა იყო: „ეს კი ამ თემის მეორე ნაწილი გახლდათ“.

ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საკრებულოში ლობჯანიძის მუშაობას იწუნებენ. მღებრიშვილი აცხადებს, რომ იმ შვიდი თვის განმავლობაში, რაც ლობჯანიძე საკრებულოს თავმჯდომარე იყო, საკრებულოს წარმომადგენლებს მოსახლეობასთან არცერთი შეხვედრა არ ჰქონიათ: „ლევანი ამის წინააღმდეგი იყო“.

კითხვაზე, პირადად მას რა უშლიდა ხელს მოსახლეობას შეხვედროდა, გვპასუხობს: „მოსახლეობას მაინც ვხდებოდი, მაგრამ ეს უნდა ყოფლიყო დაფიქსირებული განრიგით. მაჟორიტარი დეპუტატი ხალხს მაინც ხვდება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი შეხვედრაა“.

კითხვაზე, მაშინ როგორია არაჩვეულებრივი შეხვედრა, მღებრიშვილი გვპასუხობს: „არის რეგლამენტი, რომლითაც ხელმძღვანელობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მასში ნათქვამია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს მოსახლეობასთან გასვლის განრიგს, შემდეგ დგება შეხვედრის ოქმი და იგზავნება გამგეობაში“.

მიუხედავად მღებრიშვილის უკმაყოფილებისა, პირადად მას, შემთხვევა, როცა აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე დააყენა და ლობჯანიძისგან უარი მიიღო, არ ახსენდება.

„პირიქით, ვთხოვდი მათ, რომ გასულიყვნენ ხალხში და განსახილველი საკითხები მოეტანათ. მაგრამ დღის წესრიგით ეს საკითხი საკრებულოში არასდროს შემოსულა და კომისიის არც ერთ წევრს არასდროს დაუყენებია. ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზია! – აცხადებს ლობჯანიძე და ამატებს, რომ თვითმმართველობის მუშაობას ხელს მაქსიმალურად უწყობდა, – ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში ექვსი სხდომა უნდა ჩატარებულიყო და ჯამში ჩატარებული 24 სხდომა მაქვს. აქედან 18 რიგგარეშე სხდომა იყო, რომ შემოსული საკითხები სწრაფად განგვეხილა“.

ამეტებს თუ არა გუბერნატორი სამსახურეობრივ უფლებამოსილებას?

მისი თქმით, მუშაობის პარალელურად გუბერნიიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ, მან პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული სამსახურის უფროსს აცნობა: „ვუთხარი რომ ასე მუშაობა არ შემეძლო და თუ საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, უნდა მქონოდა ჩარევის გარეშე მუშაობის საშუალება. ეს იყო დიქტატურა, მაშინ როცა გუბერნიას უფლება არ აქვს შეეხოს საკრებულოს“.

პარტიაში მომხდარის შესახებ საუბარი არ ისურვეს და განაცხადეს, რომ ამგვარი საკითხები, უპირველეს ყოვლისა, შიდაპარტიულ შესწავლას საჭიროებს: „აღნიშნულის შესახებ საჯარო განცხადებას მას შემდეგ გავავრცელებთ, რაც შიდა პარტიული მოკვლევა დასრულდება“.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის კოტე კანდელაკის განცხადებით, გუბერნატორის მხრიდან ასეთი პირდაპირი ჩარევა ნიშნავს იმას, რომ საქმე თანამდებობის პირის უფლებამოსილების გადამეტებასთან გვაქვს და თუ ნამდვილად ასე იყო, გასაჩივრების შემთხვევაში დადასტურდება კიდეც: „მაგრამ რადგან ამ ყველაფერს არაფორმალური სახე ჰქონდა, ვფიქრობ, ამ საკითხით დაინტერესება ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა“.

პრემიერის აპარატში კი აღნიშნულის შესახებ ამ პასუხით შემოიფარგლენენ: „ხელისუფლებას ერთ-ერთი მთავარ მონაპოვრად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რეალური დამოუკიდებლობა და მათ საქმიანობაში ჩაურევლობა მიაჩინა. არც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და არც რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულების- გუბერნატორების ადმინისტრაციები არ ერევიან ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამას დღევანდელი კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავს“.

რაც შეეხება შეკითხვებს ლობჯანიძის ბრალდებებზე, პრემიერის აპარატში ასე გვიპასუხეს: „ამ კონკრეტული კითხვების ადრესატი გუბერნატორია და მას მიმართეთ“.

გუბერნატორი „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვებს არ პასუხობს, კანდელაკს კი გუბერნატორის მუშაობაზე საუბრისას ყოფილი ხელისუფლება ახსენდება.

„ეს წინა ხელისუფლების ყველაზე მავნე გადმონაშთია და სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება პრაქტიკაში, როცა სახელმწიფოს რწმუნებულები თვითმმართველობების მუშაობაში ერევიან. ზუსტად ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, რეგიონში გუბერნატორები თავს ყველას უფროსებად მოიაზრებდნენ. სამართლებრივად კი მათ თვითმმართველობებში ჩარევის უფლება არ აქვთ“, – ამბობს კანდელაკი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს
ზაქარია ენდელაძე: ლობჯანიძეს გუნდურობის პრინციპი არ გამოუვიდა
ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
‘ნაციონალები’: საკრებულოს თავმჯდომარე კლანურ დაპირისპირებას შეეწირა
ადიგენის საკრებულომ იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხი ცნობად მიიღო
ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება