FM97.5 / LIVE

სადავო სამკვიდრებელი [Photo/Video]

მთავარისაზოგადოება, ვიდეო 05.03.2016
ბოლო სამი წლის განმავლობაში, უკვე მესამედ, ადიგენში ორ ბანკად მესამე სოფელი გაიყო. ჭელასა და მოხეს შემდეგ ადგილობრივი მუსლიმი და მართლმადიდებელი თემი ამჯერად ერთმანეთს სოფელ ადიგენში დაუპირისპირდა, მიზეზი სალოცავი არ ყოფილა, სოფელში სადავო სასაფლაოს ტერიტორია გახდა.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video]
2 მარტი, სოფელ ადიგენში პოლიცია პატრულირებს

საზღვარი

კონფლიქტიდან მესამე დღეს ადიგენში სიმშვიდეა. ხალხმრავლობით დაღლილები „ბირჟაზეც“ აღარ გამოდიან. გზაზე, სადაც წინა დღეს ათობით სამართალდამცავი იდგა, ახლა მხოლოდ პოლიციის ერთი „პიკაპი“ პატრულირებს. მუსლიმებიცა და ქრისტიანებიც ახლა თავიანთი სოფლის ამბავს ტელევიზორით იგებენ, საკუთარ კომენტარებს უსმენენ და ორღობეებში გადაძახილით განიხილავენ.

მეზობლებს შორის დაპირისპირება დასრულდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილს ქრისტიანების სასაფლაოს გვერდით გამოყოფენ. ორივეს ცალ–ცალკე შესასვლელი ექნება და შუაში საზღვარს გაავლებენ.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video]
ფოტოზე: ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, მისი მოადგილე და დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე. მხარეები შეთანხმდნენ საერთო სასაფლაოს გამოყოფასა და გამიჯვნაზე და ათვალიერებენ ტერიტორიას. 2 მარტი, 2016წ. ფოტო: 'სამხრეთის კარიბჭე'

„ჩვენ შორის საზღვარი მაშინ გაივლო, მკვდარი რომ სოფელში არ დაამარხინეს, მაგრამ ეს მაინც ვერაფერს შეცვლის, ისევ ვიმეზობლებთ და ვიმეგობრებთ“, – გვითხრა კონფლიქტის დასრულების შემდეგ სოფელ ადიგენში მცხოვრებმა მუსლიმმა ბადრი კახაძემ.

ზღვარი მეზობლურ ურთიერთობებში ადიგენში პირველად მუსლიმი რევაზ მიქელაძის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა. ოჯახმა მისი დაკრძალვა სოფელში, ცალკე სცადა. აქ სამომავლოდ მუსლიმები სასაფლაოს გაკეთებას ცდილობდნენ. მაგრამ ქრისტიანებმა იმ მიზეზით, რომ თუ ცალკე საფლავის გაკეთების უფლებას მისცემდნენ, მერე იქ მეჩეთსაც დადგამდნენ, მუსლიმებს გარდაცვლილი სოფელში არ დაასაფლავებინეს.
მიქელაძე მეზობელ სოფელში გადაასვენეს.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video] „რატომ ითხოვ ცალკე სასაფლაოს?! მიიყვანე შენი მკვდარი, მამაჩემის გვერდით ადგილია და დაასაფლავე“, – ქრისტიანები მუსლიმებს გარდაცვლილების დაკრძალვას ქრისტიანების სასაფლაოზე სთავაზობენ და აცხადებენ, რომ მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მუსლიმები განცალკევებას არც გარდაცვალების შემდეგ უნდა ცდილობდნენ, – „მაგრამ ჩუმად დადიხართ და ხელმოწერებს აკეთებთ, რომ მიწა გამოგიყონ, მერე იმ მიწაზე მეჩეთს დადგამთ. ამ სოფელში ცალკე ადგილს ვერ გამოგიყოფენ. თუ ვინმეს ამის გაკეთება უნდა ადგილი თავიანთ სახლებში, ეზოებში და კაბინეტებში გამოგიყონ“.

მუსლიმი თემის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რელიგიური წესის მიხედვით სასაფლაოზე მეჩეთს არასდროს აშენებენ.

„მუსლიმებისთვის დაუშვებელია საფლავზე ღვინის, ალკოჰოლის შეტანა, ჯვრის აღმართვა. ასევე ჩვენთვის შეურაცხმყოფელია ბიბლიის კითხვა, როგორც ქრისტიანებისთვის ყურანის“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

ქრისტიანი თემის სასულიერო ლიდერი, ჭულეს მონასტრის წინამძღვარი მამა ანთიმოზი კი ირწმუნება, რომ რელიგიურადაც მუსლიმის და ქრისტიანის გვერდი–გვერდ დასაფლავება პრობლემას არ წარმოადგენს.

დაპირისპირება

ადიგენში დაახლოებით 20 ოჯახი მთიანი აჭარიდან 30 წლის წინ გადმოსახლდა. წლების განმავლობაში ერთ–ერთი გარდაცვლილი აჭარაშივე გადაასვენეს, იაკობაძეებმა გარდაცვლილი მშობლები ხუთი წლის წინ ეზოში დაკრძალეს.

მიქელაძის გარდაცვალების შემდეგ კი უმცირესობის წარმომადგენლებმა მიწის გამოყოფის მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოთხოვნა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს გადაუგზავნეს. მუსლიმების მოთხვნა საბოლოოდ ოთხი თვის შემდეგ დააკმაყოფილეს, თუმცა ვიდრე გამგეობა მუსლიმებს მიწას გამოუყოფდა, ქრისტიანებმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.


29 თებერვალი, მუსლიმებისა და ქრისტიანების პირველი დაპირისპირება, სოფელი ადიგენი

„თუ ვინმე გარდაიცვლება, სოფელში არის სასაფლო და იქ დაასაფლაონ. აქ ცალკე მიწა არ გამოიყოფა“, – აცხადებს ქრისტიანი ზურაბ ტაბიძე.

„სად იყავი აქამდე, მამა რომ მოგიკვდა მიწა მაშინ რატომ არ მოითხოვე?!“ – მიმართეს ქრისტიანებმა მუსლიმ როინ იაკობაძეს.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video] „სირცხვილია, მკვდარს რომ ორ მეტრ მიწას აყვედრებთ“, – უპასუხა იაკობაძემ შეკრებილებს.

სიტყვიერი დაპირისპირება საღამოს, სოფლის „ბირჟაზე“ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც მუსლიმები ყვებიან, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქრისტიანმა ახალგაზრდებმა იერიში სწორედ როინ იაკობაძეზე მიიტანეს.

„ჩაქოლეთო ყვიროდნენ, ბიჭები რომ არ გადაფარებოდნენ, მოკლავდნენ, არადა გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული. თათრებიო იძახდნენ“, – ამბობს როინ იაკობაძის ცოლი ლია იაკობაძე.

ვითარება სოფელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივებთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე მივიდა, მოადგილესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად. გამგებელი მუსლიმ თემს საერთო ტერიტორიის გამოყოფას სთავაზობდა, რომელსაც შუაზე გაყოფდნენ.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video] „ვუთხარი სოფელში ქვევით ბიჭები სვამენ და ამის გამო ვითარება დაიძაბება მეთქი, არ დამიჯერეს, გამგებელი ამოიყვანეს და ამის მერე ატყდა იქ ამბავი. მოვიდა სასწრაფო და პოლიციაც“, – ყვება ზურაბ ტაბიძე.

იმ ღამეს ფიზიკურად ორი ადამიანი დაშავდა. ავთანდილ იაკობაძე თავზე ღია ჭრილობით სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, დავით შავაძეს კი თვალი დაუზიანდა.


რას ყვებიან მუსლიმები 29 თებერვალს მომხდარზე

არც იაკობაძეს და არც შავაძეს არ ახსოვთ ვინ დაარტყა.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video] „რომ დავეცი, გონება დავკარგე“, – ამბობს იაკობაძე.

შავაძე მათ ვინაობას, ვინც მუსლიმებს თავს დაესხა ზუსტად იხსენებს, თუმცა კონკრეტულად რომელმა დაარტყა, არ იცის.

უმცირესობის წარმომადგენლები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ „იდგნენ და არაფერს აკეთებდნენ“. მათი თქმით, „ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა გამგებელიც“.

არ ესმით მუსლიმების უკმაყოფილება ქრისტიანებს: „პოლიცია მთელი ღამე აქ იყო, ან გამგებელს რა უნდა გაკეთებინა მეტი“.

როგორ ხსნიან ქრისტიანები 29 თებერვლის დაპირისპირებას

კონფლიქტიდან მეორე დღეს, 1 მარტს, თავისი სიმართლის დამტკიცებას, ორივე მხარე ცალ–ცალკე ცდილობდა. სოფელი ორ ბანკად გაიყო, დაშავებული ავთანდილ იაკობაძის სახლში მუსლიმები სხვადასხვა სოფლიდან შეიკრიბნენ, მოშორებით ქრისტიანის სახლთან კი თავი ქრისტიანებმა მოიყარეს.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video]
სოფლის სხვადასსხვა მხარეს შეკრებილ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სამართალდამცველები დგანან. 1 მარტი, 2016წ. სოფელი ადიგენი. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

გზას პოლიციის მანქანები და სამართალდამცავების ცოცხალი ჯაჭვი ყოფდა. პოლიცილების მობილიზების შემდეგ სოფელში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ისევ მოადგილესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტთან ერთად გამოჩნდა.

მოლაპარაკების მცდელობა

„იყო გარკვეული გაუგებრობა, მაგრამ ვითარება მალევე განიმუხტა“, – ასე ახსნა დაპირისპირების თვითმხილველმა გამგებელმა წინა ღამეს სოფელში მომხდარი. მუსლიმების ბრალდებას უმოქმედობაზე კი უპასუხა: „მეტი არ უნდა გამეკეთებინა?!“


ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე საუბრობს 2015 წლის 29 თებერვალს ადიგენში, მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირების შესახებ.

მეტის გაკეთება მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, დღის მეორე ნახევარში სცადა. მან ორივე თემის წარმომადგენლებს სამ–სამი კაცის გამოყოფა და მოალაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შესთავაზა.

„გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ“, – უთხრა მან ადიგენელებს.

ქრისტიანი თემი გამგებლის შეთავაზებას მაშინვე დათანახმდა და სამი კაციც შეარჩია, მუსლიმებმა კი ენდელაძეს უნდობლობა გამოუცხადეს: „ჩვენ ხომ ხედავ რომ ვერ შევთანხმდით, თქვენ რას აკეთებთ?!“

„არ არსებობს, უნდა შეთანხმდეთ!“ – უთხრა გამგებელმა შეკრებილ მუსლიმებს.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video] დღის მეორე ნახევარში ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებოდნენ თუ არა. მათ შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად კი შუაში ისევ პოლიცია იდგა.

„ჯერ ვერაფერს გეტყვით რა იქნება“, – გვითხრა მამა ანთიმოზმა. იგი ერთადერთი სასულიერო პირი იყო, რომელიც შეკრებილ ქრისტიანებთან გამოჩნდა.

მუსლიმი სასულიერო ლიდერები კი დილიდანვე სოფელში იყვნენ. მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ და ჭელის მეჩეთის წინამძღვარმა ჯამბულ აბულაძემ დაშავებულები მოინახულეს.

„ვანდალური ფაქტი მოხდა და ეს გააკეთა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რაიონის პირველი პირი საქმეებს ქუჩაში არ უნდა არჩევდეს, ხალხი მან დააპირისპირა. პრემიერს ვთხოვთ რეაგირებას“, – გვითხრა ვაშაყმაძემ.

ვიდრე მუსლიმი და ქრისტიანი თემი ერთად დასხდომას გადაწყვეტდა, დაპირისპირებული მხარეების კანონიერ ჩარჩოებში მოქცევაზე ისევ სასულიერო პირბემა იმსჯელს. მუფთმა და ჭელას მეჩეთის წინამძღვარმა, მამა ანთიმოზთან ერთად დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ერთ საათის განმავლობაში ისაუბრეს.

„მხოლოდ იმაზე შევთანხმდით, რომ მხარეები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან“, – ამბობს ვაშაყმაძე.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video] შეხვედრიდან გამოსულ მუფთს მრევლი უკვე ჭელას მეჩეთში სალოცავად დახვდა წასული . მუსლიმებს მუფთმა სოფლის დატოვება და სალოცავად მეჩეთში შეკრება მანამდე სთხოვა, ვიდრე მამა ანთიმოზთან სასაუბროდ გავიდოდა. მუსლიმები ჭელაში დასავლეთ საქართველოს მუფთს ბეგლარ ქამაშიძეს ელოდნენ. სწორედ ქამაშიძის მოლოდინით ახსნა მუსლიმების დაყოვნება გამგებლის შეთავაზებაზე ვაშაყმაძემაც: „ჩამოვა მუფთი და მოვილაპარაკებთ გამოვყოფთ თუ არა სამ კაცს“.

რაზე ისაუბრა ქამაშიძემ მრევლთან უცნობია. მედიისთვის ღია არც ეს შეხვედრა ყოფილა, თუმცა მეჩეთიდან გამოსულმა შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა გამოყონ სამი კაცი მოსალაპარაკებლად, გვიპასუხა: „არ ვიცი, ჯერ გამგებელსა და გუბერნატორს უნდა შევხვდე“.


დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე ფიქრობს, რომ ადიგენში მომხდარი ხელოვნურადაა ინსპირირებული

მიუხედავად მისი განცხადებისა, მეორე დღეს, დილით ადიგენში მხარეებს შორის, ადგილობრივი მუსლიმების, მართლმადიდებლების, ორივე თემის სასულიერო ლიდერების, სამცხე–ჯავახეთის გუბენრატორისა და გამგებლის მონაწილეობით შეხვედრა შედგა. 2 მარტს გადაწყდა, რომ ორივე თემისთვის საერთო სასაფლაო მოეწყობა და ის შუაზე გაიყოფა.

საკუთარ მიწას საკუთარი სურვილით მუსლიმების სასაფლაოსთვის ქრისტიანი ზაზა გახოკიძე თმობს.

„ოღონდ ვითარება განიმუხტოს და სიმშვიდე იყოს, მიწას ვთმობ, არავინ ძალას არ მატანს“, – გვითხრა მან და დაამატა, რომ გამგეობა მისი ნაკვეთის შესყიდვას დაჰპირდა, თუმცა ჯერ დეტალები გაკრვეული არ არის.

კონფლიქტის შემდეგ

მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სოფელში სიმშვიდეა და მომხდარს ყველა სხვადასხვაგვარად აფასებს.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video] „საქართველოში მოდაშია პოლიტიკა და ამ დაპირისპირებასაც პოლიტიკას ვუკავშირებთ“, – ამბობს ქრისტიანი ქეთევან გახოკიძე.

სოფელში ვითარება ვიღაცამ პოლიტიკური ქულების დასაწერად რომ დაძაბა, ამაზე მუსლიმი თემის წარმომადგენლებიც საუბრობენ, თუმცა, ღიად მისი ვინაობის გამხელას არ აპირებენ. მათ ეთანხმება ქრისტიანი მერაბ ყურაშვილიც: „ალბათ პოლიტიკის ბრალია, ვიღაცა ჩაერია ცუდად, ვინ არ ვიცი, ვერ გეტყვით“.

გარდა პოლიტიკური მოტივისა, სოფელში ვითარების დაძაბვას ადგილობრივ ქრისტიან ახალგაზრდებსაც აბრალებენ.

„ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ვეღარფერს ზომავს და იმიტომ მოხდა ის, რაც მოხდა“, – ამბობს მუსლიმი მზიური ართმელაძე.

ქრისტიანი ახალგაზრდები კი ირწმუნებიან, რომ ვითარება სოფელში დილიდანვე თავად მუსლიმებმა, უფრო კონკრეტულად კი როინ იაკობაძემ დაძაბა: „ჩვენ წლებია მეზობლურად ვცხოვრობთ და ამის მერეც ასე გავაგრძელებთ“.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video]
სამართალდამცველები პატრულირებენ სოფელ ადიგენში. 1 მარტი, 2016წ. ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"

ვისი ბრალი იყო მომხდარი, ეს სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სსკ–ის 156–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაც დევნას (სიტყივს, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) გულისხმობს.

უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული მუხლით ძიების დაწყება იშვიათად ხდება და ამას დადებითად აფასებენ. თუმცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურსიტს რევაზ რევაზიშვილს სამართლიანი გამოძიების იმედი ნაკლებად აქვს: „ასეთი საქმეები ბოლომდე არასდროს მიჰყავთ, შედეგის ეშინიათ. ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და რეალურად არაფერს აკეთებენ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარში მონაწილე პირების გამოკითხვა აქტიურად მიმდინარებს, გამგებელი კი ჯერ არ გამოუკითხავთ.

ვიდრე გამოძიება შედეგს დადებს, მომხადარს ორივე თემის სასულიერო პირებიც სხვადასხვაგვარად აფასებენ.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video] „ეს უნდობლობის ბრალია. ქრისტიანებთან შეთანხმება იყო, რომ მინარეთი აღარ დაიდგმებოდა ჭელაში, მაგრამ ეს შეთანხმება დაარღვიეს და მაინც დადგეს. ამან გამოიწვია ის, რაც ამ დღეებში ადიგენში ხდებოდა“, – ამბობს ადიგენის ტაძრის წინამძღვარი მამა რევაზი.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი კი ირწმუნება, რომ ვთარება გარეშე პირებმა დაძაბეს: „ვის სურს კონფლიქტის ხელოვნურად გამოწვევა არ ვიცი. ეს სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს“.

„ვიღაცა სხვას“ აბრალებს მომხდარს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძეც.

„არსებობენ დაინტერესებული ადამიანები, ვისაც არ აქვს სურვილი იყოს დაწყნარებული ვითარება, დებოშის მოწყობა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და ვითარება მალევე მოვაგვარეთ“, – აცხადებს ენდელაძე.

გამგებლის პოზიციას იზიარებს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, რომელიც ადიგენში მას შემდეგ მივიდა, რაც კონფლიქტი დასრულდა: „ეს იყო ხელოვნურად შექმნილი და პროვოცირებული საქციელი“.


ადგენში მომხდარს TDI-სა და EMC-ის იურისტები აფასებენ

სახელმწიფოს როლი

1 მარტს ადიგენში დილიდანვე მივიდნენ სხვადასხვა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მომხდარის შესწავლა დაიწყეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოს სახალხო დამცველმა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა(TDI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა(EMC) და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "დემოკრატ მესხთა კავშირმა". გარდა შესწავლისა, TDI–სა და EMC–ის იურისტებმა განაცხადეს, რომ დაიცავენ დაზარალებული მუსლიმების ინტერესებს და მათ დაკითხვებზე გაყვნენ.

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video]
1 მარტი, სოფელი ადიგენი, ერთად შეკრებილი ქრისტიანები. ფოტო: 'სამხრეთის კარიბჭე'

TDI აქცენტს 29 თებერვალს მომხდარი ფაქტის მიმართ პოლიციელების ლმობიერ დამოკიდებულებაზე აკეთებს.

"ამ დრომდე, დაზარალებულის სამართლებრივი სტატუსი არ მინიჭებია არცერთ პირს. გაუმართლებელია ის ფაქტიც, რომ არ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზა. ეს აჩენს ეჭვს, რომ სახელმწიფოს, ბოლო წლებში მუსლიმთა დევნის არაერთი ფაქტის მსგავსად, არც მიმდინარე საქმეზე აქვს ნება, ობიექტურად და დროულად გამოიძიოს მომხარი“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც TDI-მ 2 მარტს გამოაქვეყნა.

EMC–ის ანგარიშის მიხედვით, "სოფელ ადიგენში გამოვლენილი ძალადობა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ისლამოფობიური მოტივით ჩადენილი ძალადობის მე-7 მძიმე შემთხვევაა (ნიგვზიანის, წინწაყაროს, სამთაწყაროს, ჭელას, ქობულეთისა და მოხეს მოვლენების შემდეგ). ძალადობების ციკლი პრობლემის სისტემურობაზე მიუთითებს და სახელმწიფო პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის საჭიროებას აჩვენებს".

სადავო სამკვიდრებელი  [Photo/Video]
1 მარტი, სოფელი ადიგენი, ერთად შეკრებილი მუსლიმები. ფოტო: 'სამხრეთის კარიბჭე'

პრობლემის სისტემურობაზეა საუბარი საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშიც.

"ამ რეგიონში პირველად არ მომხდარა განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების დევნა და მათი რელიგიური წესების აღსრულებისათვის ხელის შეშლა. აღნიშნული დარღვევები თავის დროზე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული, დაუსჯელობამ კი ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.


ადიგენი შერიგების შემდეგ

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების დავა შეხლა–შემოხლით დასრულდა
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჭელაში მუსლიმებს ხვდება
სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ
ადიგენში ბეგლარ ქამაშიძეს ელოდებიან
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ