FM97.5 / LIVE

ადიგენის ყოფილი გამგებლის „საქმის ავტორის“ ორსაათიანი დაკითხვა

მთავარისამართალი 29.01.2014
რატომ ადარებენ „ათას ერთი ღამის“ ზღაპარს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესს; რომელი მოწმის „ბლატაობაზე“ მიუთითა არაერთხელ დაცვის მხარემ მოსამართლეს და რატომ დაუსვეს კითხვები გამომძიებელს ცოდნის დონის შესამოწმებლად;

ადიგენის  ყოფილი გამგებლის „საქმის ავტორის“ ორსაათიანი დაკითხვა
დღეს, 28 იანვარს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქედან 2 საათი ერთი მოწმის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს გამომძიებლის გიორგი გვარამაძის დაკითხვას დაეთმო.

რატომ ეთქვა უარი პროკურორს მტკიცებულების ელექტრონული ფორმით გამოკვლევაზე?


თუმცა, მანამდე, სასამართლო პროცესი დაცვის მხარის პროტესტით დაიწყო. მათ სასამართლო დარბაზში ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების ელექტორნული ფორმით წარმოდგენის მცდელობა გააპროტესტეს. გამომძიებელს, რომელიც დაკითხვაზე შემოვიდოდა, მონიტორზე, ინტერნეტში უნდა ეჩვენებინა ის შეუსაბამობა, რომელიც სადავო ტენდერებს ეხებოდა. თუმცა, იმის გამო, რომ მტკიცებულებათა ნუსხაში აღნიშნული მტკიცებულება ელექტორნული ფორმით არ იყო წარმოდგენილი, მისი გამოყენების საშუალება მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელს პროცესზე არ მიეცა.

მანამდე ვიდრე გამომძიებლის დაკითხვას დაიწყებდნენ, ჩვენება შპს „ადიგენი 2009“-ის დირექტორმა ზაზა გიგოლაშვილმა მისცა. პროკურატურა ბრალდებულებს სწორედ „ადიგენი 2009“-სთან ინტერესთა კონფლიქტის გამო ედავება. აღნიშნული ფირმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტის და მაშინ სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრის გელა აღლემაშვილის იყო.

გიგოლაშვილმა იმ შესრულებული სამუშაოების ნუსხა ჩაიკითხა, რომლებიც მისმა კომპანიამ განახორციელა. მოწმის თქმით, მას გელა აღლემაშვილი სამუშაოების შესრულებაში ხშირად ეხმარებოდა, თუმცა, აღლემაშვილმა ფირმა 2013 წლის იანვარში გაასხვისა და ახლა მისი 100%-იანი წილის მფლობელი აღარაა.

„როგორც წინასწარ გამოძიებაში გიგოლაშვილმა განაცხადა, მას აღლემაშვილი ეუბნებოდა, რომ ტენდერი იყო გამოცხადებული და მონაწილეობა მიეღო“, - ეს უკვე სასამართლო დარბაზში დაკითხვისას პარუნაშვილის საქმის გამომძიებელმა გიორგი გვარამაძემ განაცხადა.

მოწმემ კითხვები უპასუხოდ დატოვა


თუმცა, მან თავი აარიდა დაცვის მხარის მიერ სადავო ტენდერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს: რამდენ ლარზე იყო გამოცხადებული ტენდერი? კრძალავს კანონი, რომ პრეტენდენტმა დოკუმენტებში შესწორება შეიტანოს? სპარტაკ მაჭარაშვილის მიერ დოკუმენტებში შეტანილი ცვლილების შესახებ იცოდა თუ არა ვინმემ? თანხა მეტი ჩაერიცხა თუ ნაკლები, ფირმას რომელმაც სამუშაო განახორციელა? მიადგა თუ არა ვინმეს ზიანი? დაიკითხნენ თუ არა დაზარალებულები? იცით თუ არა, რა დანაშაული აქვს ჩადენილი სიმონ პარუნაშვილს?

„გამომძიებელს კითხავთ, როგორც პროკურორს“, - გააპროტესტა დაცვის მხარის შეკითხვები პროკურორმა რევაზ მამადაშვილმა.

ამ შუამდგომლობას სირცხვილი უწოდა სიმონ პარუნაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა: „გამომძიებელს ვკითხავთ თუ მუშას?! იქნებ საგამოძიებო მოქმედებებს სხვა ატარებდა და ხელს ეს აწერდა?!“

არ გაიზიარა პროკურორის პროტესტი მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ: „ეს არ არის უბრალო მოწმე, ის საქმის ავტორია“.

გელხაურმა დაკითხვა გააგრძელა: „აგვიხსენით,რაში მდგომარეობს პარუნაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული“.

„თქვენ უკვე გადმოგეცათ ეს საქმე“, - უპასუხა გვარამაძემ.

„ბატონო მოსამართლე, ეს მოწმე გვებლატავება! გთხოვთ, მიუთითოთ გვიპასუხოს შეკითხვებზე“ - მიმართა გელხაურმა მოსამართლეს და დაამატა, რომ საქმე მოწმის არაკომპეტენტურობასთან გვაქვს.

„რა არის ინტერესთა კონფლიქტი?“ - ჰკითხა ისევ ადვოკატმა მოწმეს.

„არც ამ კითხვაზე გიპასუხებთ, რადგან ეს ჩემი ცოდნის შემოწმებას გულისხმობს“, - განაცხადა გამომძიებელმა.

„კი, თქვენ ცოდნას ვამოწმებთ“, - უთხრა გელხაურმა და ასევე დაინტერესდა, რამდენი წელია რაც გვარამაძე გამომძიებლად მუშაობს და აქვს თუ არა იურისტის განათლება.

რაზეც გვარამაძემ უპასუხა, რომ 2 წელია გამომძიებლად მუშაობს, უმაღლესი განათლება აქვს და პროფესიით იურისტია.

„ეს სასამართლო პროცესია თუ კინო ჩვენება „ათას ერთი ღამიდან?!“ თქვენ ვალდებული ხართ ყველა კითხვას უპასუხოთ!“ - ვერ დაფარა აღშფოთება ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლისა და ერთ-ერთი ბრალდებულის რატი ტატალაშვილის ადვოკატმა ივანე ტატალაშვილმა. თუმცა, მოწმემ მის მიერ დასმული კითხვების ნაწილსაც თავი აარიდა.

დაცვის მხარის შეკთხვებისგან განსხვავებით, გამომძიებელმა პროკურორის ყველა კითხვას უპასუხა. მისი თქმით, სახელმწიფოს 4,729 ლარის ზარალი მიადგა, ახსნა რას გულისხმობს ინტერესთა კონფლიქტი და რა დანაშაული ჩაიდინეს გამგეობის თანამშრომლებმა.

რა შემთხვევაში შეიძლება თქვას უარი პროკურატურამ ბრალდებაზე?


სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, როგორც დაცვის მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, იმ შემთხვევაში თუ სიმონ პარუნაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლობაზე უარს იტყვის, უარს იტყვის ბრალდებაზე პროკურატურაც.

„აქ ნათურები და ბოძები არაფერ შუაშია. არაერთხელ სთხოვეს სიმონს, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური ნაბიჯი გადაედგა, რაც იმას გულისხმობს, რომ ადიგენში უნდა იყოს გამგებელი „ოცნებიდან“ და არა "ნაციონალებიდან“, - გვთხრა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა, რომელიც პარუნაშვილის პროცესს ესწრებოდა.

პარუნაშვილის თქმით, იგი ბრალს, რომელიც არ ჩაუდენია, ვერ აღიარებს, გამართლების შემთხვევაში კი გამგებლად აუცილებლად დაბრუნდება.

სხვა გეგმები აქვს მის ყოფილ მოადგილეს, ასევე, ერთ-ერთ ბრალდებულს რატი ტატალაშვილს: „საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას“.

მომავალი სასამართლო პროცესი 12 თებერვალს 13:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურორის განცხადებით, დარჩენილი 10 მოწმიდან შესაძლია 3 მოიხსნას.

შეგახსენებთ, სიმონ პარუნაშვილი მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. მასთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალი ედებათ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ჯემალ იაკობაძეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტს გელა აღლემაშვილსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს რატი ტატალაშვილს. სიმონ პარუნაშვილის გარდა, დანაშაულს ყველა ბრალდებული აღიარებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
რას ჰყვებიან მუშები ადიგენის გამგებლის სასამართლო პროცესზე
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
ადიგენის ყოფილი გამგებლის დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ
ადიგენის გამგებლის საქმეს ერთი ბრალდებული გამოაკლდა
დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესზე