FM97.5 / LIVE

ადიგენის ყოფილი გამგებლის დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ

მთავარისამართალი 27.09.2013
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

ადიგენის ყოფილი გამგებლის დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ
ზურაბ ჩილინგარაშვილის ფოტო

ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. მასთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალი ედებათ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ჯემალ იაკობაძეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტს გელა აღლემაშვილსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს რატი ტატალაშვილს. სიმონ პარუნაშვილის გარდა, დანაშაულს ყველა ბრალდებული აღიარებს.

სასამართლო პროცესი დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღვანდელ სხდომას მოსამართლე გიორგი ლონდარიძე უძღვებოდა. სასამართლო სხდომის დაწყებისას სიმონ პარუნაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენა. რასაც პარუნაშვილთან ერთად ბრალდებულების ადვოკატებიც დაეთანხმნენ. თუმცა, აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე, რომელსაც პროკურორი რევაზ მამარდაშვილი წარმოადგენდა.

„აღნიშნული შუამდგომლობა დავაყენეთ იმიტომ, რომ მოსამართლემ მონაწილეობა მიიღო იმ შუამდგომლობის განხილვაში, რომელიც პროკურატურამ დააყენა წინასასამართლო სხდომის ვადის გადმოწევის შესახებ. წინასასამართლო პროცესი 29 აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების დღეს განისაზღვრა და 25 ოქტომბერს იყო ჩანიშნული. მოგეხსენებათ, რომ ამ საქმეში ოთხი ბრალდებულია, გარკვეული მიზეზების გამო სამმა მათგანმა დანაშაული აღიარა. ამიტომ ბრალდებამ სასამართლოს მიმართა, რომ წინასასამართლო სხდომის ვადა შეემცირებინა“, - განმარტა გიორგი გელხაურმა.

მისივე თქმით, კანონით დადგენილი წესით სიმონ პარუნაშვილმა სასამართლოს მიმართა, რომ იგი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას, თავს არ სცნობს დამნაშავედ და მას ეს ვადა სჭირდება იმისთვის, რომ შეაგროვოს დაცვის მტკიცებულებები. გიორგი გელხაურის თქმით, წინასასამართლოს ვადის შემცირებით მოსამართლემ ფაქტობრივად დაცვის უფლების გარეშე დატოვა ბრალდებული.

„ამის შემდგომ ჩვენ ხელახალი შუამდგომლობა შევიტანეთ სასამართლოში, რომ გაგრძელებულიყო წინასასამართლო სხდომის ვადა, ვინაიდან ფიზიკურად არ გვქონდა დრო იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა მტკიცებულებები. მოგეხსენებათ, რომ უამრავი მოწმეა დასაკითხი, ასევე გვინდოდა ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნა. ეს შუამდგომლობაც ლონდარიძემ განიხილა და თავისივე განჩინებით უარი გვითხრა ამ ვადის გაგრძელებაზე. აქედან გამომდინარე, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული მოსამართლე არაობიექტურია და მიკერძოებული უშუალოდ ამ კონკრეტული საქმის მიმართ. ამიტომ დავაყენეთ აცილება, რომ შეიძლებოდა სასამართლო ტენდენციური ყოფილიყო საქმის არსებითი განხილვის დროსაც“, - განმარტა გელხაურმა.

თუმცა, მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილების მოსმენის შემდგომ, წერილობითი მტკიცებულებების წარდგენა დაიწყო. მტკიცებულებების თანახმად სიმონ პარუნაშვილმა, ჯემალ იაკობაძემ და რატი ტატალაშვილმა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინა შპს „ადიგენი 2009“, რომლის მფლობელიც სატენდერო კომისიის წევრი და აღნიშნული შპს-ს დამფუძნებელი, ასევე ასპროცენტიანი წილის მფლობელი გელა აღლემაშვილი იყო.

გარდა ამისა, სატენდერო კომისიამ უპირატესობა მიანიჭა შპს „ნამქერს“. მას რამდენიმე სოფელში გარე განათება უნდა დაემონტაჟებინა. პროკურორის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი ვალდებულები იყვნენ უარი ეთქვათ შპს „ნამქერისთვის“.

მტკიცებულებების წარდგენის შემდგომ, რევაზ მამარდაშვილი წინა სასამართლო პროცესზე გიორგი გელხაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. პროკურორმა ადვოკატებს მოუწოდა, რომ მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ: „ბრალდების მხარის დისკრედიტაციის მიზნით, გელხაურმა განაცხადა, რომ გამოძიებას ამოღებული აქვს ყველა დოკუმენტაცია, თუმცა სიმონ პარუნაშვილს სხვა ბრალდება ვერ უნახეს. ეს განცხადება არ არის მიმართული პარუნაშვილის დაცვისკენ და მსგავს განცხადებებს შეიძლება მოჰყვეს ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმება“.

რევაზ მამარდაშვილის მოწოდებას გამოეხმარა გიორგი გელხაური და აღნიშნა, რომ წინასასამართლო პროცესზე მან ნამდვილად თქვა, რომ არ არსებობს დანაშაული. თუმცა, ბრალდების მხარის მუქარის არავის არ ეშინია. ამის შემდგომ, გიორგი გელხაურმა დაცვის მხარის მტკიცებულებებზე ისაუბრა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა სიმონ პარუნაშვილმა განმარტა, რომ იგი დანაშაულს არ აღიარებს და მათი ქმედებით სახელმწიფოს არანაირი ზიანი არ მიუღია.

რატი ტატალაშვილმა კი სასამართლო პროცესზე თქვა: „ჩემი სახლის აივნიდან კარგად ჩანს სოფელი ბოლაჯური და მე სიამაყით მევსება გული, როცა განათებულ სოფელს ვუყურებ“.

ამის შემდგომ, მოწმის სახით დაიკითხნენ გელა აღლემაშვილი და რატი ტატალაშვილი. დაკითხვის დროს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ რატი ტატალაშვილმა აღნიშნა, რომ შპს „ადიგენი 2009“-ს დამფუძნებლის და ასპროცენტიანი წილის მფლობელის გელა აღლემაშვილის შესახებ მას უტყუარი ინფორმაცია არ ჰქონია. მან დაზუსტებით არ იცოდა, რომ ეს ის გელა აღლემაშვილი იყო, რომელიც სატენდერო კომისიის წევრი იყო.

„მე ვენდე გელა აღლემაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და საჭიროდ არ ჩავთვალე გადამემოწმებინა და გამერკვია, ვინ იყო ამ კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელი“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე რატი ტატალაშვილმა.

აღნიშნული ფაქტი დაცვის მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუმცა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ტატალაშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტა: „გამომდინარე იქიდან, რომ სატენდერო კომისიის წევრს გელა აღლემაშვილს უკვე დაფიქსირებული ჰქონდა ხელმოწერა, რომ მისი მონაწილეობა ამ შემთხვევაში არ იწვევდა ინტერესთა კონფლიქტს, შესაბამისად ამ ხელმოწერით იხელმძღვანელა სატენდერო კომისიამ. სწორედ ეს მომენტი მქონდა ნაღიარები და მოულოდნელიც ალბათ ამიტომ გახდა. თუმცა, ბრალის აღიარების დროს სწორედ ამ მომენტს ვგულისხმობდი. ჩვენი აღიარება მოიცავს იმას, რომ ჩვენ გვევალებოდა ამის ცოდნა, მაგრამ არაჯეროვნად, გულგრილად მოვეკიდეთ ამ საქმეს და შესაბამისად მოხდა ის, რაც მოხდა“.

გიორგი გელხაურის თქმით ის, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი ამას მხოლოდ ბრალდების მხარე ადასტურებს, თუმცა, ამის მტკიცებულებები არ გააჩნია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, მას გაუკვარდა რატომ დაკითხა პროკურატურამ რატი ტატალაშვილი მოწმის სახით.

„თქვენ ნახეთ რატი ტატალაშვილის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ არ იყო საქმის კურსში, ნახეთ ასევე გელა აღლემაშვილის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ კიბატონო მე ვარ პასუხისმგებელი, მე უნდა მეთქვა, მაგრამ არ ვთქვიო. გამოდის, რომ ტატალაშვილმა ბრალდების საწინააღმდეგოდ მისცა ჩვენება“, - განაცხადა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.

დღესვე იგეგმებოდა მესამე მოწმის, ჯემალ იაკობაძის დაკითხვაც. თუმცა, მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ სამუშაო საათების დასრულების გამო დღეს კიდევ ერთი მოწმის დაკითხვა ვერ მოხდებოდა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში მომდევნო პროცესი 22 ოქტომბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
უსუსური ბრალდებები ადიგენის ყოფილი გამგებლის მიმართ?
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება
დარჩიაშვილი: 'ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო'
დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესზე
ადიგენის  ყოფილი გამგებლის „საქმის ავტორის“ ორსაათიანი დაკითხვა