FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი შეეცვალა

მთავარისაზოგადოება » განათლება 26.12.2012
ხმაურის ფონზე გათავისუფლებული რექტორი, რვა წლის შემდეგ, ძველ თანამდებობაზე დაბრუნდა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს რექტორი შეეცვალა. მანამდე კი უნივერსიტეტში პოლიტიკური ”ფერიცვალება” დაიწყო.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს რექტორი შეეცვალა
1990-იან წლებში სამცხე-ჯავახეთში უნივერსიტეტის დამაარსებელი მერაბ ბერიძე, რომელსაც თსუ მესხეთის ფილიალის დირექტორის თანამდებობა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ სკანდალის ფონზე დაატოვებინეს, ქვეყანაში ხელისულფების შეცვლის შემდეგ სასწავლებლში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება.

ბერიძემ თინა გელაშვილი ჩაანაცვლა, რომელსაც რექტორის თანამდებობა 2007 წლიდან ეკავა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებას (#1997.) ბერიძის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვინის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს ხელს. ბრძანება 11 დეკემბრით თარიღდება. ამავე რიცხვითაა დათარიღებული გელაშვილის გათავისუფლებაც. თუმცა, დანიშვნის შესახებ ბრძანება სასწავებელმა 20 დეკემბერს მიიღო, გათავისულფებისა კი 21-ში.

”თუმრე მეც 11 დეკემბერს ვყოფილვარ გათავისუფლებული. არ ვიცოდი.
სამინისტროს იურისტს ვთხოვე გადმოეგზავნათ ბრძანება ელექტრონული ფოსტით”, - ამბობს გელაშვილი.

რა მოხდა 8 წლის წინ


ბერიძე 2005 წლის 22 თებერვალს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა მას 58 ათასი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდა. პროკურატურის განცხადებით, ბერიძემ უკანონოდ გახსნა სამხედრო კათედრა უნივერსიტეტში და მიითვისა სტუდენტების მიერ გადარიცხული თანხები, რომლებიც სამხედრო კათედრის გახსნას სჭირდებოდა.

რაიონის სასამართლომ მერაბ ბერიძეს პატიმრობა შეუფარდა, იქვე ჩატარდა მეორე სასამართლო, რომელმაც იგი სამსახურიდან გადააყენა.

ბერიძის დაპატიმრებას დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც ახალციხეში, ასევე თბილისში. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა პროტესტის გამოსახატად და რექტორის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩებში მასობრივი აქციები გამართეს. პარალელურად იმართებოდა ახალციხეში სტუდენტების საპროტესტო აქცია, რომლებიც ყოფილი რექტორის დაპატიმრებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ბერიძე კორუმპირებულია.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბერიძე 23 თებერვალს სამთვიანი წინასწარი პატიმრობიდან თავდებით მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პარლამენტართა ჯგუფმა მისი გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა წარადგინა.

ამის შემდეგ ყოფილი რექტორი სასწავლებელში პროფესორად დარჩა და მუშაობა სამეცნიერო მიმართულებით განაგრძო.


ბიოგრაფია


ბერიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ახალციხის უნვიერსიტეტის სრული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის მონოგრაფიები: “მესხეთის ტოპონიმთა სტრუქტურისა და ისტორიისათვის”( 2008), “მაჰმადიანი მესხების ფესვები და დღევანდელობა” ( 2009), “ტაძრები და სახელები” ( 2010) და სხვ. 1974-1990 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში . 1990-2005 წლებში იყო თსუ ახალციხის ფილიალის დირექტორი. 2002 -2005 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ ჯავახეთის ფილიალს ახალქალაქში.

ცვლილებას ასაიდუმლოებდნენ


იმის შესახებ, რომ უნივრსიტეტში რექტორი უნდა შეცვლილიყო,”სამხრეთის კარიბჭე” 4 დეკემბერს წერდა. მაშინ გაზეთისთვის სანდო წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო არ ადასტურებდა.

”რეორგანიზაციის შემდეგ სასწავლებელში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინა გელაშვილია დანიშნული. რაც შეეხება სასწავლებლის რექტორის დანიშვნას, შეიკრიბება საბჭო და აირჩევენ ახალ რექტორს“, - აცხადებდა განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი.

ამის შესახებ არც ბერიძე საუბრობდა: „ვერაფერს დაგიდასტურებთ. მაცადეთ რამდენიმე დღე”.

ხელმოწერები გელაშვილის მხარდასაჭერად


მითქმა-მოთქმის პარალელურად, თინა გელაშვილის რექტორად დანიშვნის მოთხოვნით, უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებმა სალომე პაპიაშვილმა და ჯული დეკანოიძემ უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსში ერთ დღეში70-მდე ხელმოწერა შეაგროვეს. მათი მტკიცებით, ხელმოწერების შეგროვების იდეა მათ ეკუთვნოდათ. თუმცა, ვერ გვეუბნებოდნენ სად გაგზავნიდნენ შეგროვილ ხელმოწერებს.

”გვინდა, რომ გელაშვილი დარჩეს რექტორად. სად მივიტანთ არ ვიცი, ალბათ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში“, - ამბობდა სალომე.

უნივერსიტეტში ხელმოწერების შეგროვება მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა. თუმცა, ცოტა მოგვიანებით სასწავლებელში ახალი ანკეტები გაჩნდა.

პოლიტიკური ”ფერიცვალება”


ახალციხის უნივერსიტეტში რექტორის შეცვლამდე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ადმინისტრაციაში კი აცხადებდნენ, რომ სასწავლებელი აპოლიტიკური ორგანიზაციაა. ანკეტები ხელმოსაწერად ლექციებზე შეჰქონდათ.

”სემინარს ვყვებოდი და არ მიმიქცევია ყურადღება ანკეტები ხელმოსაწერად ვინ შემოიტანა”, - გვითხრა ფინანასები და საბანკო საქმის მეორე კურსის სტუდენტმა, რომელიც პრესასთან ინკოგნიტოდ რჩება.

ხელმოწერები შეიტანეს იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებთანაც. თუმცა, როგორც პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, მათ ამის შესახებ არაფერი იციან.

”უნივერსიტეტი აპოლიტიკური დაწესებულებაა. ლექციებზე რომ შეეტანათ ანკეტები, ეს არც მინახავს და არც გამიგონია”, - გვითხრა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ბიძინა მაისურაძემ.

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საკუთარ კაბინეტში შეკრებილ სტუდენტებს ხელისმოწერა სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინა გელაშვილმაც შესთავაზა. 17 ოქტომბერს სასწავლებლის რეორგანიზაციის შესახებ სასაუბროდ რექტორის კაბინეტში 20-მდე სტუდენტი შეიკრიბა.

”საუბარი ხელმოწერებით დაიწყო, ფურცელი მოგვაწოდა და გვითხრა, ვისაც სურვილი გვქონდა ხელი მოგვეწერა. ერთი სტუდენტის გარდა ხელი არავის მოუწერია”, - გვიყვებიან სტუდენტები, რომლებიც პრესასთან ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ.

მათ რექტორის შეთავაზება გაუკვირდათ.

”რექტორი არასდროს უშლიდა სტუდენტებს ”ნაციონალების” მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა, რასაც ვერ ვიტყვით ”ოცნებაზე”. ბორჯომში ერთ-ერთ ”ნაციონალების” დაგეგმილ აქციაზე ხუთჯვრიანი დროშებით უნივერსიტეტის ეზოდან არა ერთი ”მარშუტკა” გავიდა. არჩევნებამდე ასე ხშირად ხდებოდა, - ამბობენ სტუდენტები და ამატებენ, რომ არ ეყოთ გამბედაობა რექტორისთვის იმის შესახებ თუ რატომ შეიცვალა პოზიცია, პირდად ეკითხათ - ბოლოს რექტორმა საუბარი დაამთავრა იმით, რომ უნივერსიტეტი აპოლიტიკურია”.

პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ხელმოწერებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”ერთსულოვნება საზოგადოების ერთსულოვნებისთვის” აგროვებს. აღნიშნული ორგანიზაციის ახალციხის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის ელგუჯა ბიჭაშვილის თქმით, 300 ხელმოწერა უნივერსიტეტში შესაგროვებლად სასწავლებლის რექტორმა თავად წაიღო.

”ყველამ კარგად იცის, რომ გელაშვილი ”ნაცმოძრაობის” მარჯვენა ხელად იყო აღიარებული, მაგრამ მან თქვა, რომ ის ემსახურება საქართველოს და არა პიროვნებებს. ამ დახმარებისთვის მისთვის დიდი მადლობელი ვარ”, - გვითხრა ბიჭაშვილმა.

გელაშვილი ამბობს, რომ სასწავლებელში ხელმოწერების შეგროვების შესახებ გაგებული აქვს: ”ვიცი, რომ ნამდვილად გროვდება, მაგრამ ვინ აკეთებს ამას, ზუსტად ვერ გეტყვით. არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყვნენ მოსული და გვითხრეს, რომ ანკეტებს დატოვებდნენ და დავატოვებინე”.

მისი თქმით, ხელმოწერა ნებაყოფლობითია: ”ვისაც უნდა ხელს მოაწერს, ძალას არავის ვატანთ. უნივერსიტეტი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ჩვენთან მსგავსი საკითხების განხილვა ცოტა უხერხულია”.

რექტორის ამპლუაში


ბერიძე ადმინსიტრაციის წარმომადგნელEბსა და პროფესორ მასწავლებლებს გელაშვილმა 21 დეკემბერს წარუდგინა. ყოფილმა რექტორმა სასწავლებელში მის გაკეთებულ საქმეებზე, ახალდანიშნულმა კი სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ბერიძის თქმით, წინა პლანზე წამოიწევს სტუდენტი და პროფესორი, მათი ურთიერთობა და მაღალი აკადემიური დონე. ასევე ერთ-ერთი რიგით პირველი პრიორიტეტი ახალქალაქსა და ახალციხეში, ორი სრულფასოვანი და თანაბრად მაღალკვალიფიციური სასწავლებლების ჩამოყალიბებისათვის მუშაობაა იქნება.

თანამშრომლებთან წარდგენის შემდეგ ბერიძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაემგზავრა. ნოემბრიდან სასწავლებლის რეორგანიზაციის შემდეგ უნივერსიტეტი იმისთვის, რომ ხელფასები გაიცეს და კომუნალური ხარჯები დაიფაროს ბიუჯეტის დამტკიცებას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლის 1 ნოემბრიდან, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯის გაერთიანების შედეგად ჩამოყალობდა. რეორგანიზაციის საფუძველი საქართველოს მთავრობის 416-ე დადგენილება გახდა. დადგენილება 2012 წლის 3 ოქტომბერსაა მიღებული და მას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი აწერს ხელს.

უნივერსიტეტის თანამშრომლებს ამ დრომდე ნოემბრის ხელფასები არ მიუღიათ. ბიუჯეტის დამტკიცება კი რეგენტთა საბჭოს შეკრებას ელოდება. იმ შემთხვევაში თუ ეს პროცესი კვლავ გაჭიანურდება 24 დეკემბერს უნივერსიტეტი პარალიზებული გახდება. მას შუქი, წყალი, გაზი და ინტერნეტი აღარ მიეწოდება.

გელაშვილმა კაბინეტი უკვე დაცალა. მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სასწავლებელს დატოვებს თუ აქ მუშაობის გასაგრძელებლად კვლავ დარჩება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ
”ორხელისუფლებიანობა” ახალციხის უნივერსიტეტში
უნივერსიტეტის რექტორობისთვის ყოფილი რექტორები იბრძვიან
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა