FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტის რექტორობისთვის ყოფილი რექტორები იბრძვიან

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 07.06.2017
საარჩევნოდ დაჭერილი თადარიგი და ცვლილება უნივერსიტეტის წესდებაში. ვინ არიან და რას გვპირდებიან სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები; მათი წარსული და სამოქმედო გეგმები;

უნივერსიტეტის რექტორობისთვის ყოფილი რექტორები იბრძვიან

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ორი კანდიდატი, მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი მიიღებენ. ორივე მათგანი რექტორის პოზიციაზე ნამუშევარია. მერაბ ბერიძე სასწავლებლის მოქმედი რექტორია.

ბიოგრაფიები

ბერიძე უნივერსიტეტის პირველი ხელმძღვანელი იყო. 1990-2005 წლებში იგი თსუ ახალციხის ფილიალს დირექტორობდა. ამავე პოზიციაზე 7 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა, – 2012 წლის 20 დეკემბერს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მთავრობის განკარგულებით დაინიშნა. 2005 წელს მის გათავისუფლებასაც და 2012 წელს მის დანიშვნასაც დიდი ხმაური მოჰყვა.

2005 წლის 22 თებერვალს მერაბ ბერიძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა მას 58 ათასი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბერიძემ უკანონოდ გახსნა სამხედრო კათედრა უნივერსიტეტში და მიითვისა სტუდენტების მიერ გადარიცხული თანხები, რომლებიც სამხედრო კათედრის გახსნას სჭირდებოდა. მაშინ სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა რექტორის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩებში აქციები გამართეს. მოგვიანებით მერაბ ბერიძე სამთვიანი წინასწარი პატიმრობიდან თავდებით გაათავისუფლეს.

2012 წელს რექტორად დაბრუნებულს წინააღმდეგობის გაწევა მაშინდელი რექტორისთვის თინა გელაშვილისთვის მოუხდა. ამჯერად საპროტესტო აქციები არცერთის მხარდასაჭერად არ გამართულა, თუმცა, გელაშვილის რექტორად დარჩენის მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდა.

თინა გელაშვილი უნივერსიტეტის რექტორად 2007 წელს აირჩიეს. მანამდე იგი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი იყო. გელაშვილს ბოლო ათი წლის განმავლობაში 18 სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, ერთი კი ამჟამად იბეჭდება.

რაც შეეხება მერაბ ბერიძეს მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია ასზე მეტია. ორივე მათგანი უნივერსიტეტის სრული პროფესორია და სასწავლებელში წლების განმავლობაში არაერთი აკადემიური თუ ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავათ.

სამოქმედო გეგმები

მათი სამომავლო გეგმა, თუ როგორ აპირებენ სასწავლებლის მართვას, საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა. აკადემიურ საბჭოში აცხადებენ, რომ ორივე კანდიდატის გეგმა საბჭოს ყველა წევრს დაეგზავნა. თინა გელაშვილმა საკუთარი გეგმა მოგვაწოდა, ბერიძე კი აცხადებს, რომ მისი გასაჯაროება არ უნდა. ასევე მან „სამხრეთის კარიბჭეს“ თანდასწრებით თანამშრომლებს განუცხადა, რომ არჩევნებამდე მათ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ უნდა გასცენ. მიუხედავად ბერიძის ბრძანებისა, უნივერსიტეტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა რედაქციას მისი სამოქმედო გეგმა მოაწოდა.

ბერიძისა და გელაშვილის საარჩევნო პროგრამები მოცულობით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ბერიძის სამოქმედო გეგმა 69, გელაშვილის კი 19 გვერდზეა დატანილი.

მოქმედი რექტორის პროგრამის ძირითადი ნაწილი 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც იგი რექტორის უფლებამოსილებას შეუდგა, 2017 წლის ჩათვლით განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშს მოიცავს. სამომავლო გეგმებთან ერთად აქვეა წარმოდგენილი ამ ხნის განმავლობაში, მაგალითად, უნივერსიტეტში გამართული კონფერენციების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალი, ასევე ფინანსური ანგარიშიც.

ბერიძის სამოქმედო პროგრამისგან განსხვავებით გელაშვილის სამოქმედო გეგმა უნივერსიტეტის სუსტი მხარეების ანალიზით იწყება. ასეთი სულ 24 პუნქტია ჩამოთვლილი. შემდეგ კი მისი ხედვა უნივერსიტეტის განვითარების შესახებ ხუთ თავშია თავმოყრილი.

ცვლილება უნივერსიტეტის წესდებაში


უნივერსიტეტში არჩევნები 3 ივლისს უნდა გაიმართოს, თუმცა მერაბ ბერიძე მასში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, წინასწარ ამასთან დაკავშირებით თადარიგი რომ არ დაეჭერა. მას მეორედ რექტორად არჩევას, რეალურად კი მესამედ ამ პოზიციის დაკავებაში ხელს ასაკი უშლიდა.

ბერიძე, მისი ავტობიოგრაფიის მიხედვით, რომელიც უნივერსიტეტის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული, 1949 წლის 30 სექტემბერსაა დაბადებული. შესაბამისად იგი 67 წლისაა და 68 შეუსრულდება სექტემბერში. უნივერსიტეტის წესდების მიხედვით კი „უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი“.

თუმცა, ამავე წესდებაში განათლების სამინისტროსადმი უნივერსიტეტის მიმართვის შემდეგ ასაკთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა და 15.30–ე მუხლის მეორე პუნქტში ჩაიწერა: „გამონაკლისის სახით უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკს გადაცილებული პირი, თუ იგი აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ კონკურსში მონაწილე კანდიდატისადმი დადგენილ მოთხოვნებს“.

„საინტერესოა რა იგულისხმება გამონაკლისში. როცა გამონაკლისზე ვსაუბრობთ, ეს მართლა იშვიათი, უფრო სწორად გამოუვალი შემთხვევა უნდა იყოს და ჩვეულებრივ წესად არ უნდა იქცეს“, – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ირმა პავლიაშვილი.

რა იგულისხმება გამონაკლისში, ამის გარკვევა უნივერსიტეტის იურისტთან თამუნა ჟუჟუნაძესთან ვცადეთ, თუმცა მას მერაბ ბერიძის მითითების გამო, რომ არჩევნებამდე „სამხრეთის კარიბჭესთან“ არაფერზე ისაუბრონ, განმარტების მოცემის საშუალება არ მიეცა.

მერაბ ბერიძე აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ყველა დასმულ კითხვას უპასუხებს, ახლა კი იმ მიზეზით, რომ „სამხრეთის კარიბჭეს“ აჟიოტაჟის გამოწვევა უნდა“ დუმილს ამჯობინებს.

კანდიდატები საკუთარ პროგრამებს 21 ივნისს აკადემიურ საბჭოს წევრებს გააცნობენ, საკუთარ არჩევანს კი 3 ივლისს დააფიქსირებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს
თინა გელაშვილმა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებიდან კანდიდატურა მოიხსნა