დღეს, 22 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გადაიდო, პროცესზე ბრალდებული არ გამოცხადდა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა განმარტა, რომ მე–7 საპყრობილედან ბადრაგირების სამსახურმა სასამართლოში ოქმი გამოგზავნა, რომლის თნახმადაც, აბულაძე სასამართლო პროცესზე დასწრების წინააღმდეგია.
როგორც პროცესზე ბრალდებულის ადვოკატებმა შალვა ხაჭაპურიძემ და ილია ლომიამ განაცხადეს, პატიმარს ორი დღის წინ შეხვდნენ და ესაუბრნენ. მათი თქმით, ბრალდებული პროცესებზე დასწრების წინააღმდეგი არაა.
„მას ციხეში აწამებენ. შალვას აქვს გრძელი თმა, წვერი და ფრჩხილები, ის 21–ე საუკუნის გრაფი მონტე კრისტოა. პატიმარი არ გადმოიყვანეს, თორემ ის დასწრებაზე უარს არ იტყოდა. ვთხოვთ სასამართლოსაც და პროკურატურასაც, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ“, – განაცხადა ადვოკატმა ილია ლომიამ.
პროკურორმა დავით მეფარიშვილმა კი საპყრობილედან წარმოდგენილ ოქმში საეჭვო ვერაფერი დაინახა: „ბრალდებულმა თავი აარიდა სასამართლო პროცესზე დასწრებას, მას ამის უფლება აქვს. ამიტომ სხდომა მის გარეშე ჩავატაროთ“.
„თუ ბრალდებული უარს აცხადებს პროცესზე დასწრებაზე, არ გვაქვს საფუძველი სხვა რამ ვიფიქროთ“, – განაცხადა პროცესზე მოსამართლემაც და დაამატა, რომ სხდომა ჩვეულებრივ გაგრძელდება.
არ დაეთანხმნენ მოსამართლესა და პროკურორს ადვოკატები: „თუ ბრალდებულის გარეშე გააგრძელებთ სხდომას, მაშინ ჩვენ ვიტყვით პროცესში მოანწილეობაზე უარს და შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიმართება“.
ადვოკატების პროტესტის მიუხედავად, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებით, სხდომა გაგრძელდა. თუმცა, მხარეებს შორის ხუთი დღით ადრე მტკიცებულებების გარკვევის ეტაპზე, სასამართლო მაინც იძულებული გახდა სხდომა შეეწყვიტა. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეს არ იცნობენ.
„ჩვენამდე სხვა ადვოკატი ჰყავდა, ამდენად არც კი ვიცით მანამდე მტკიცებულებები გაცვალეს თუ არა. ვშუამდგომლობთ სხდომა გადაიდოს. მოვემზადებთ და მომდევნო პროცესიდან ჩავერთვებით“, – განაცხადეს მათ.
მომავალი სასამართლო სხდომა 27 ივლისს, 13 საათზე ჩაინიშნა.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატებმა და აბულაძის ახლობლებმა კომენტარი არ გააკეთეს.
„როცა დამჭირდება, კომენტარს მაშინ გავაკეთებ“, – განაცხადა ლომიამ.
შეგახსენებთ, რომ შალვა აბულაძეს ბრალად ედება: პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი) ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა.
2015 წლის 11 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა ქ.თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]