
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სამსულიანი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.
ძლიერმა ქარმა, რომელმაც 4 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტს გადაუარა, ყველაზე მეტად სოფელ ხარჯამში, სოფლის სასაფლაოზე მდებარე ხის სახლში მცხოვრები ალავიძეების ოჯახი დააზარალა.
ქარმა სახლს სახურავი მთლიანად გადახადა.ჩაიმსხვრა ფანჯრის მინებიც. სახლში ჩასულმა წვიმამ კი ყველაფერი დაასველა და გაანადგურა.
”ბანკიდან მარწყვი ბარათით 1000 ლარი გამოვიტანე. ამ ფულით ორ ოთახში შპალერი გავაკარი და საკვები პროდუქტები ვიყიდე, მაგრამ სტიქიამ ყველაფერი გამინადგურა. სახლის კედლები ჩამორეცხა, ფქვილი კი დასველდა და გაფუჭდა”, - გვიამბობს დიასახლისი ეთერ ალავიძე.
21 წელია იგი სოფლის სასაფლაოზე ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.
”მყავს 18 წლის უნარშეზღუდული გოგონა, რომლის ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია. ხის სახლია და სიძველის გამო მის შეკეთებას აზრი არ აქვს. ვთხოვ ადიგენის გამგებელს და მხარის გუბერნატორს, დამეხმარონ, ორი ოთახი მაინც გამომიყონ სადმე, ან აქვე, ჩემს ეზოში რამდენიმე ოთახის აშენებაში დამეხმარონ”, - ამბობს დიასახლისი.
ადიგენის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს უკვე დაეხმარნენ. მათ შორის, ცხადია ალავიძეების ოჯახსაც.
”იმაზე მეტი თუნუქით და ხის მასალით დავეხმარეთ, რაც გადახურვისთვის იყო საჭირო. ამ ეტაპზე მეტის საშუალება არ გვაქვს, ახალ სახლს ვერ ავუშენებთ”, - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი.
სამსულიანი ოჯახი კი სოფლის სასაფლაოზე წლების განმავლობაში, შიშსა და სიცივეში ცხოვრობს. ფიცრებისაგან აშენებულ სახლში ზამთარში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.
” ზაფხულში მთელი ღამე არ გვძინავს, სახლი სავსეა ქვეწარმავლებთ, ზამთარში კი თივის ზვინში ვათენებთ”, - ამბობს ეთერ ალავიძე და ამატებს, რომ სახურავის გარეშე დარჩენილ ოთახებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ.
სახლში, ოთი პატარა ოთახია. ოთახებში ორი საწოლის, რკინის ღუმელის, ძველი მაგიდისა და კარადის მეტი არაფერი დგას.
ოჯახის ახლობელს, რომან ღვიტიძეს ყველაზე პატარა ოთახში შევყავართ და მაგიდაზე სანახევროდ დაცლილ საჭმელი ზეთის ბოთლს გვიჩვენებს.
”მივმართავ ყველას, ვისაც ამ ოჯახის დახმარება შეუძლია. ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელია. ამ ზეთის მეტი არაფერი აქვთ”, -ამბობს იგი.
ეთერ ალავიძემ ”სამხრეთის კარიბჭეს” დასახმარებლად წერილითაც მიმართა.
”მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პირველ ლედის, პრემიერ-მინისტრს!. სტიქიისგან დანგრეულ სახლში მტოვებს ჩემი 21 წლის ვაჟი და სამხედრო სამსახურში მიდის.
”ჟეშტითა” და ხის მასალით უკვე დამეხმარნენ, მაგრამ ეს ქოხი აღარ აღდგება. გთხოვთ, ჩემს ეზოშივე რამდენიმე ოთახის აშენებაში დამეხმაროთ”, - ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ალავიძეებმა ”სამხრეთის კარიბჭეს” 2009 წელსაც მიმართეს. ოჯახი მაშინაც დახმარებას და ყურადღებას ითხოვდა და ამის შესახებ ”სამხრეთის კარიბჭე” მაშინაც წერდა. ალავიძეები ამბობენ, რომ მაშინ მათი გასაჭირის გაზეთის ფურცლებზე გადატანამ შედეგი გამოიღო, გოგონას უფასოდ გაუკეთდა ოპერაცია, თუმცა, მისი მდგომარეობა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. გოგონას თვეში ორჯერ თბილისში, ექიმთან კონსულტაცია ესაჭიროება, ალავიძეებს კი ამის საშუალება არ აქვთ.
ოჯახის შემოსავალი შვილის პენსია 70 ლარი და სოციალური დახმარებაა. მარტოხელა დედა ამბობს, რომ ეს თანხა შვილის მედიკამენტების საყიდლადაც არ ჰყოფნის.
”ექიმებმა ორ კილოზე მეტის აწევის უფლება არ მომცეს, ამიტომ ძალიან მიჭირს წიგნების ტარება”, - ამბობს თეონა და მოკრძალებულად გვიმხელს, რომ მისი ოცნება ნეთბუქია, რომელიც სწავლაში დაეხმარება.
ეთერ ალავიძეს დახმარების სათხოვნელად მხარის გუბერნატორთან სურდა შეხვედრა. თუმცა, ერთკვირიანი ლოდინი უშედეგო აღმოჩნდა. რეგიონის პირველ პირს მასთან შესახვედრად არ ეცალა. ალავიძეებმა ვერც კანცელარიაში დატოვებულ წერილზე მიიღეს პასუხი.
”15 ადამიანი ველოდებოდით გუბერნატორთან, ივანე წიკლაურთან შეხვედრას, ჩემს გოგონასთან ერთად, ყოველდღე მიწევდა სოფლიდან ჩამოსვლა, მაგრამ ნახვა მაინც ვერ მოვახერხე”, - ამბობს იგი.
მხარის გუბერნატორთან შეხვდრა ვერც ”სამხრეთის კარიბჭემ” შეძლო.
” დღეს და ხვალ ივანე წიკლაური მოქალაქეებს ვერ მიიღებს, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. რაც შეეხება წერილს, ის ადიგენის მუნიციპალიტეტს გადაეცა და პასუხს ათ დღეში მიიღებს”, - განგვიმარტეს კანცელარიაში.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]