FM97.5 / LIVE

შეზღუდული ქალაქი

მთავარისაზოგადოება 26.03.2012
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ქალაქის ინფრასტრუქტურა არაადაპტირებულია. მოსახერხებელი არც ის პანდუსებია, რაც მხოლოდ რამდენიმე შენობასა და ქუჩაზე გაკეთდა

შეზღუდული ქალაქი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ქალაქის ინფრასტრუქტურა არაადაპტირებულია. მოსახერხებელი არც ის პანდუსებია, რაც მხოლოდ რამდენიმე შენობასა და ქუჩაზე გაკეთდა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის ახალციხეში არსებულ დაწესებულებებში შესვლა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ქალაქში არსებული მდგომარეობით “სამხრეთის კარიბჭე” პირველად 2009 წელს დაინტერსდა. მაშინ დავათვალიერეთ თითქმის ყველა საჯარო, კერძო, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, სამხარეო ადმინისტრაცია, საფინანსო და სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები, ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის ორივე კორპუსი, პროფესიული გადამზადების ცენტრი, სახელმწიფო თეატრი, სამუსიკო სკოლა, სასტუმროები და ყველა ის შენობა, სადაც კანონის თანახმად შშმ პირებს თავისუფლად შესვლა და დამოუკიდებლად გადაადგილება უნდა შეეძლოთ.

დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ უმეტესობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული არ იყო. გამონაკლისი მხოლოდ პროფესიული გადამზადების ცენტრი და მეხუთე საჯარო სკოლა იყო, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისთვის სპეციალური პანდუსები გააჩნდათ.

რაც შეეხება ქალაქის ქუჩებს, პანდუსები მხოლოდ ყოფილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობისა და ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვნახეთ. თუმცა, არასტანდარტული, იმდენად ვიწრო და მოუხერხებელი, რომ სხვისი დახმარების გარეშე ეტლით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. შენობების ადაპტირების კუთხით 2009 წლიდან დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა.

ის, რომ დაწესებულებები და ქალაქის ქუჩები ინვალიდობის მქონე პირებისთვის მოსახერხებელი არ იყო, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თენგიზ ზედგინიძემ მაშინ იმით ახსნა, რომ შენობების ძირითადი ნაწილი საბჭოთა პერიოდში იყო აშენებული: “იმ დროს, როცა ეს შენობები შენდებოდა, არ ხდებოდა სტანდარტების დაცვა. რაც შეეხება ახალაშენებულ შენობებს, ჯერ ისეთი დანიშნულების დაწესებულება არ აგვიშენებია, რომელიც ამ სტანდარტების დაცვას მოითხოვდა”(“ს.კ.”, #44(268) 28.12.2009)

მაშინ ზედგინიძე გვაიმედებდა, რომ მომავალში ყველა მშენებლობა სტანდარტების დაცვით წარიმართებოდა: “სიმართლე გითხრათ, ინვალიდობის მქონე პირებზე არ გვიფიქრია, მაგრამ მომავალში ამაზე აუცილებლად ვიფიქრებთ”.

მას მერე რამდენიმე დაწესებულება აშენდა და გარემონტდა, თუმცა მდგომარეობა არ შეცვლილა.

რამდენიმე თვის წინ დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენობის ყოფილი ოფიცერთა სახლის რებილიტაციაც, სადაც სამი საჯარო სამსახური: სამხარეო ადმინისტრაცია, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო განთავსდა. შენობას სამი შესასვლელი აქვს: ერთი მათგანით მოქალაქეები სარგებლობენ, მეორე მხოლოდ თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი, მესამე შესასვლელი, რომელიც შენობის უკანა მხარესაა, ეგრეთ წოდებული, უკანა შესასვლელი, დაკეტილია. სწორედ ამ მხარეს აქვს შენობას დამონტაჟებული პანდუსი. თუმცა, ერთი თვალის შევლებითაც ცხადია, რომ იმ პანდუსით სარგებლობა, მისი დახრილობის გამო, გამორიცხულია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი კობა ნადირაძე აღნიშნულ ფაქტს დისკრიმინაციას უწოდებს: “ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების უხეში დარღვევა. გამოდის, რომ ინვალიდობის მქონე პირებმა უკანა შესასვლელით უნდა იარონ, რომლითაც სხვა არავინ სარგებლობს, ეს დამამცირებელია”.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, პანდუსი დაწესებულების ცენტრალურ შესასვლელთან უნდა იყოს, ექვსპროცენტიანი დახრილობით.

იმის გარკვევა, რატომ არ არის დაწესებულება შესაბამისად ადაპტირებული და რატომ გაკეთდა პანდუსი შენობის უკანა მხარეს, ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ვცადეთ. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახუში გვითხრეს, რომ შენობა ადაპტირებულია. “პანდუსი უკანა შემოსასვლელიდან გავაკეთეთ”, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა დავით ჩაჩანიძემ.

სრული პასუხის მისაღებად აღნიშნულ სამსახურს 20 მარტს წერილობითი მოთხოვნაც გავუგზავნეთ. ვითხოვდით შემდეგ ინფორმაციას: ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისას იყო თუ არა გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტერესები; რა სტანდარტების დაცვით გაკეთდა პანდუსი, რომელიც არის შენობის უკანა შესასვლელთან და რატომ უკანა შესასვლელთან. გარდა ამისა, მოვითხოვეთ მშენებლობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები, რომელიც უნდა დაეცვა მშენებელს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისას. კითხვებზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

შენობას “სამშენებლო ტრესტი #3” არემონტებდა. აღნიშნული კომპანიის დირექტორმა ვახტანგ ყანჩაველმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ სამშენებლო ნორმატიული აქტით მხოლოდ ერთი პანდუსის გაკეთება იყო გათვალისწინებული: “ის გავაკეთეთ, რაც გათვალისწინებული იყო ნორმატიული აქტით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეძლებათ მხოლოდ პირველ სართულზე განთავსებული მომსახურებით სარგებლობა”.

თბილისში და რეგიონებში ინფრასტრუქტურა დღემდე რომ არაადაპტირებულია, ამას ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ხელმძღვანელი რატი იონათამიშვილიც: “თუ არ ჩავთვლით ძალიან მცირე გამონაკლისს, მაგალითად რამდენიმე საჯარო სკოლას, ბევრი არაფერი შეცვლილა. საჯარო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, გაჩერებები, საზოგადო ტრანსპორტი და ასე შემდეგ, ფუნქციონირებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გარეშე აგრძელებს”.

მისი თქმით, ამ ყველაფრის გამოსწორება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობით შეიძლება: “ამ პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც. იქნება ეს საზოგადოებრივი ღონისძიებები, ადვიკატირების კამპანიები თუ სხვა სახის აქტივობები, რათა მათ შეძლონ და გააჩინონ მოთხოვნა, რომ ფიზიკური გარემო ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს”.

ინვალიდობის მქონე პირებისთვის გარემოს ადაპტირებას ითხოვს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც. მისი განცხადებით, გარემოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, განსაკუთრებით მწვავედ, რეგიონებში დგას.

სიტუაციის ანალიზის მიზნით, 2011 წელს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ცენტრმა რამდენიმე ქალაქიდან ინფორმაცია გამოითხოვა (ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი, გორი, თელავი, ახალქალაქი). პასუხების მიხედვით ირკვევა, რომ ფიზიკური გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მინიმალურ საჭიროებებს არცერთ ქალაქში არ აკმაყოფილებს.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განახორციელონ ფიზიკური გარემოს ადაპტირება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის სრულად უზრუნველსაყოფად.

ოფიციალური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 5 747 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც პენსიას შესაბამისი სტატუსის მიხედვით იღებენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადმინისტრაციულ შენობას პანდუსი მოანგრიეს
შშმ პირებს ახალციხეში მოძრაობა უჭირთ
შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
უბნებში შშმ პირებისთვის კაბინები დგას, თუმცა, შენობებს პანდუსები არ აქვს
შეზღუდული შესაძლობლების მქონე პირებმა სპორტული შეჯიბრი მოაწყეს
სამცხე – ჯავახეთში 4 445 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული
‘ყველა ყველასთვის’ - სოციალური თანასწორობის დღე ახალციხეში [Video, Photo]