დაბა ასპინძაში მცხოვრებ თარხნიშვილების ხუთსულიან ოჯახს 12 ივილისის სტიქიამ ნათესების უმეტესობა გაუნადგურა. გარდა ამისა, დაუხოცა შინაური პირუტყვი. ოჯახს ამ დრომდე არავინ დახმარებია.
„ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ ყველაფერი. ახალად მოვხანით და დავთესეთ კარტოფილი. 4 გოჭი წაიღო წყალმა და არც მაგის ზარალი აუნაზღაურებიათ. სიმართლე გითხრათ, არავისთვის მიგვიმართავს. გვითხრეს დაგეხმარებითო, მაგრამ იმედი არ მაქვს“, – ამბობს ასპინძაში მცხოვრები ქეთევან თარხნიშვილი.
თარხნიშვილებისგან განსხვავებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დახმარების მოთხოვნით წერილი დაწერა და ხშირად აკითხავს 85 წლის შურა რობაქიძე.
„არავინ დამხმარებია. კიტრი და პომიდორი მერგო და თავის მიწიანად წაიღო. ეზოს ღობე მთლიანად მოგლიჯა. გამგეობაში ჯერ გვითხრეს არჩევნების მერე დაგეხმარებითო და მერე რომ მივედი, ჯერ არ არის დამტკიცებულიო. ნათესს რაღა ეშველება და ეზო მაინც შემომაღობინონ, სხვისი ხბოები შემოდიან და რაც გადარჩა, იმასაც ჭამენ“, – ამბობს იგი.
დაბა ასპინძაში ყველაზე მეტად ის ოჯახები დაზარალდნენ, ვინც მდინარე ოთის წყალთან ახლოს ცხოვრობენ. ნოდარ მექოშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად სტიქიის დროს მისი ოჯახი დაზარალდა: „მე და ჩემს მეუღლეს თონე და ვუკლანიზაცია გვაქვს. 6 ტომარა ფქვილი დაგვისველა. 80 ვედრო ტალახი გამოვიტანეთ თონედან. ვულკანიზაციაში კი ძვირადღირებული აპარატურა ხელახლა გამიხდა ასაწყობი“.
ასპინძის მუნიციპალიტეტს სტიქიამ 12 მაისს შეუტია. ზარალი მალევე დაითვალეს აღმოჩნდა, რომ სტიქიის შედეგად დაბა ასპინძაში საცხოვრებელ სახლებს 10,712 ლარის ზიანია მიადგა; დაბაში დაზიანებული სკვერის რეაბილიტაციას 18,500 ლარი სჭირდება; ასფალტის საფარის აღდგენას - 40,000; 4-5 სარწყავი არხის ქვა - ღორღისგან გაწმენდას - 35,000; ხიდებს - 24,130; წყლის კალაპოტისა და მორღვეული გაბიონების მოწესრიგებას 670,080; სასოფლო-სამურნეო სავარგულების დაზიანებით მიღებული ზარალი კი 90,000 ლარია;
დიდია ზარალი სოფელ დამალაშიც: საცხოვრებელი სახლები - 33,169 ლარი, გზები 24,000, ნაპირსამაგრი სამუშაოები 36,000, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები - 83,673; შედარებით ნაკლებად დაზარალდა ოშორა: საცხოვრებული სახლები 4,660, ხიდები 10,830, სასოფლო სამეუნრეო სავარგულები - 3,948; იდუმალაში მხოლოდ ერთი სახლი დაზიანდა და მის შეკეთებას 500 ლარი დასჭირდება, ხიდის აღდგენას - 5,000, სასოფლო-სამურნეო სავარგულებს - 2,143; 7,000 ლარია საჭირო აწყვიტაში საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად, გზისთვის 4,000, სასოფლო-სამურნეო სავარგულებს კი 2,476 ლარი დასჭირდება;
სტიქიის შედგედა განსაკუთრებით სოფელი ოთა დაზარალდა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სწორედ ეს სოფელი გამოაიარა. აქ საცხოვრებელ სახლებს 27,460 ლარის ზიანი მიადგა, ასევე წყალმა წაიღო ხიდები და მათ აღდგენას 53,127 ლარი სჭირდება. რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, ოთაში ზარალი 96,614 ლარს ითვლის.
ჯამში მუნიციპალიტეტზე მიყენებულმა ზარალმა პირველადი დათვლებით 1,343,022 ლარი შეადგინა; ასპინძის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ამ თანხას დაახლოებით 35.000 ლარი გამოაკლდება, ასპინძის სარერზევრვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა. თუმცა, ამ თანხის დიდი ნაწილი გზების და და სარწყავი არხების გაწმენდას მოხმარდა. დაზარალებულ ოჯახებს არავინ დახმარებია.
გამგეობამ ზარალის შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს გადაუგზავნა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხარვეზების გამო დოკუმენტაცია უკან გადმოგზავნა და გამოსასწორებლად 10–დღიანი ვადა მისცა.
„აღმოჩნდა რომ ვერ ახერხებდნენ ფოტომასალის იდენტიფიცირებას, ვისი რომელი იყო: მოსახლეობის, ინფრასტრუქტურის და ა. შ. მარტო ოთის წყალზე 8 ხიდი გვაქვს. სატელეფონო საუბრით გავასწორეთ, მაგრამ წერილი უკვე დაწერილი იყო და ამიტომ დაგვიდგინეს ხარვეზი“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის განყოფილების უფროსი დავით პაპაშვილი.
მისივე თქმით, რადგან ინფრასტრუქტურის ზიანის დიდ ნაწილს ხიდები შეადგენდა, ამიტომ ხიდების რეაბილიტაციისთვის ზუსტი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციიის მომზადება გახდა საჭირო.
„ასეთი ობიექტი ძალიან დიდი სიფრთხილეს საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე პროექტირებისა და ექსპერტიზის დროსაც. სამინისტროს გაუგზავნეთ წერილი და ახალი ფოტომასალა რომ გვიშუამდგომლონ მთავრობასთან და მოგვცენ საპროექტო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის თანხა“, – განმარტავს პაპაშვილი.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის კუთხით მიყენებულ ზარალს, ამის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ინფორმაცია სოფლის მეურნოების სამინისტროს გადაუგზავნა. 27 ივნისს გაგზავნილ წერილზე პასუხი ჯერ არ მოსულა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ნანიკო ჩინჩილაკაშვილის განმარტებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას, სამინისტროს თანამშრომლები, მხოლოდ ზარალის დათვლაში დაეხმარნენ. სამინისტრო ზარალს არ ანაზღაურებს, აქედან გამომდინარე, მონაცემები არც უნდა გადაეგზავნათ.
„ზარალის ანაზღაურება უნდა მოხდეს მთავრობის დადგენილებით. მხარის გუბერნატორს კითხეთ, არ არის ჩვენი კომპეტენცია“, – ამბობს ჩინჩილაკაშვილი და ამატებს, რომ შესაძლოა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ზარალის შესახებ ინფორმაცია იმიტომ გააგზავნა სამინისტროში, რომ სამინისტროს სპეციალიტები იყვნენ საქმეში ჩართული: „შეიძლება გადმოაგზავნეს იმ კუთხით, რომ სამინისტრომ იცოდეს თავის სპეციალისტი რას ანგარიშობს“.
დაეხმარებიან თუ არა დაზარალებულ ასპინძელებს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში ვერ გვპასუხობენ. ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის ია გოგატიშვილის განმარტებით, დაეხმარებიან თუ არა მოსახლეობას, სამხარეო ადმინისტრაცია პასუხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ელის.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ეკა ჯოჯუას განმარტებით, ასპინძის მუნიციპალიტეტიდან ინფორმაცია მიღებულია და მზადდება შუამდგომლობა, რომელსაც შემდეგ მთავრობის სხდომაზე წარადგენე: „პირველ ეტაპზე გამოიყოფა თანხა პროექტირებისთვის და შემდეგ პროექტს რომ წარმოადგენენ, სამუშაოებისთვისაც გამოიყოფა“.
[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]