FM97.5 / LIVE

როგორ აფასებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.07.2014
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. აბიტურიენტებმა ოთხი სავალდებულო გამოცდა ჩააბარეს. რომელი გამოცდა იყო ყველაზე რთული, იქონია თუ არა გავლენა ინგლისური ენის გამოცდაზე მოსმენის ნაწილმა და რომელ გამოცდაზე არ ეყოთ დრო აბიტურიენტებს.

როგორ აფასებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს

ვიქტორია ეგიანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეორედ გავიდა. მისი მცდელობა სტუდენტი გამხდარიყო, 2012 წელს უშედეგოდ დასრულდა. ერთი წელი შეისვენა, მოემზადა და წელს ბედი ისევ სცადა.

ვიქტორიას იურისტობა უნდა. იმისთვის, რომ სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე მოხვდეს, 4 სავალდებულო გამოცდა ჩააბარა: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა , ზოგადი უნარები და ისტორია.

ვიქტორია ამბობს, რომ ყველაზე მეტად ისტორიისა და ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ჩაბარება გაუჭირდა: „ქართულის და ინგლისურის გამოცდის ჩაბარება არ გამჭირვებია. თუმცა ისტორიის გამოცდა და ზოგად უნარებში ვერბალური ნაწილი საკმაოდ რთული იყო“.

ვიქტორია ჩივის, რომ ზოგადი უნარების გამოცდაზე დრო არ ეყო: „ცოტა დრო გვქონდა, სააზროვნო კი ბევრი იყო. გამოცდის დრო რომ იწურებოდა, დამკვირვებლები თავზე დაგვადგნენ, ამიტომ, ბოლო საკითხები ვარაუდით შემოვხაზე“.

ვიქტორიას შეფასებით, 2012 წელთან შედარებით, წელს გამოცდების საკითხები უფრო გართულებული იყო.

ვიქტორია ეგიანის მსგავსად, ზოგადი უნარების გამოცდის სრულყოფილად ჩასაბარებლად დრო არ ეყო ჯუნა სტეფნაძეს.

„ჩემს გარდა კიდევ ძალიან ბევრმა ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში საკითხები ვარაუდით შემოხაზა. რთული გამოცდა იყო, ამიტომ საათნახევარი საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ კარგად დავფიქრებულიყავით“, – გვეუბნება ჯუნა.

მას უცხო ენის გამოცდის ჩაბარებაც გაუჭირდა: „რუსულის გამოცდაზე ბევრი სააზროვნო საკითხები იყო, ამიტომ ამ გამოცდის ჩაბარებაც გამიჭირდა“.

თაკო რეხვიაშვილს ყველაზე მეტად ისტორიის გამოცდის ჩაბარება გაუჭირდა. მისი თქმით, თითქმის ყველა საკითხი დაწვრილებით იყო მოცემული.

„ისტორიის გამოცდა საკმაოდ რთული იყო, ისეთი დეტალები ეწერა, რაზეც სკოლაში სწავლის დროს ყურადღებას არ ვამახვილებდით. ვფიქრობ, რომ ეს არასწორი მიდგომა იყო, რადგან ასე დაწვრილებით ალბათ იმ აბიტურიენტებს უნდა ჰკითხო, ვისაც ისტორიის ფაკულტეტი აქვს არჩეული“, – ამბობს თაკო.

2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე სიახლე იყო. მათ შორის ერთი ის, რომ ინგლისური ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატა. თუმცა, როგორც აბიტურიენტები ამბობენ, ამას მათთვის პრობლემები არ შეუქმნია. უმეტესობა ამბობს, რომ მოსმენის ნაწილისთვის სპეციალურად ემზადებოდნენ.

„ფირები გვქონდა ნაყიდი და ვუსმენდით. ამიტომ, ეს ნაწილი არ გაგვჭირვებია“, – ამბობს თაკო რეხვიაშვილი.

წელს სიახლე იყო ისიც, რომ აბიტურიენტებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ჩაებარებინათ. ეს იყო ერთადერთი გამოცდა, რომელშიც აბიტურიენტებს რეპეტიტორებთან მომზადება არ დასჭირვებიათ.
2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ახალციხის საგამოცდო ცენტრში 3.820 რეგისტრირებული აბიტურიენტი იყო. ამათგან, 78 გამოცდებზე არ გამოცხადდა.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე ამბობს, რომ გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, დაფიქსირდა ორი დაგვიანების შემთხვევა და ერთი აპლიკანტი გამოცდიდან მოიხსნა დამხმარე მასალის, ეგრეთ წოდებული შპარგალკის შეტანის გამო.
„საერთო ჯამში გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სერიოზული დარღვევები ნამდვილად არ ყოფილა“, – განმარტავს გელა ინასარიძე.
საქართველოს მასშტაბით გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, სერიოზული ექსცესების გარეშე ჩაიარა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შეფასებითაც.
2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება 20 ივლისიდან დაიწყება. მაია მიმინოშვილის განმარტებით, პირველ რიგში ზოგადი უნარების შედეგები გამოცხადდება.

მაია მიმინოშვილის თქმით, რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ სასურველი ფაკულტეტები და უმაღლესი სასწავლებლები აირჩიონ.

„როგორც კი დასრულდება ყველა საგამოცდო საგნის შედეგების გამოცხადება, კიდევ რამდენიმე დღე ექნებათ აბიტურიენტებს იმისათვის, რომ ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ. შემდეგ უკვე იწყება აპელაციის პროცესი და ბუნებრივია, მათ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა არ ექნებათ“, – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

შეგახსენებთ, 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 16 ივლისს, ფიზიკისა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა. აბიტურიენტებმა 4 სავალდებულო გამოცდა ჩააბარეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს რეგისტრაცია 36.000–ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. წელს ახლებურად ითვლიან მინიმალური კომპეტენციის ზღვარსაც. კერძოდ, გათანაბრებისას გათვალისწინებულია რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი ამა თუ იმ საგნის ნებისმიერი სხვა ვარიანტი რომ დაეწერა, გათანაბრებული ქულა არის მაქსიმალური იმათგან, რაც აბიტურიენტმა მიიღო რეალურად და რაც შეიძლებოდა მიეღო, სხვა ვარიანტი რომ დაეწერა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ სტუდენტთა კვოტა 44 ათასს შეადგენს, იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა რეგისტრაციაგავლილმა აბიტურიენტმა გადალახა, ყველა მათგანი სტუდენტი გახდება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზოგადი უნარების გამოცდაში  აბიტურიენტების 15%-მა ზღვარი ვერ გადალახა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
2014  წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა
20 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება იწყება
აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდას აფასებენ