FM97.5 / LIVE

დასეტყვილი სოფლები რეაგირების მოლოდინში

მთავარიეკონომიკა 21.07.2012
19 ივლისს მოსული სეტყვის კვალი სამცხე-ჯავახეთის სოფლებს ჯერ ისევ ეტყობა.

დასეტყვილი სოფლები რეაგირების მოლოდინში

დასეტყვილი სოფლების ეზოებსა და ხილის ბაღებში მიწა გაშავებული ხეხილითაა სავსე. ნათესები ხმება. იმ ნაკვეთებში კი რომლებიც მდინარის ნაპირებთანაა ახლოს, მოსახლეობა ამ დრომდე ვერ შედის.

- ”ხილიდან ჭანჭური, ვაშლი, მსხალი და კაკალი გვქონდა, სულ ძირს ჩამოიტანა, გააოხრა. ნათესები გააუბედურა ისე, რომ აღარ გამოდგება. სიმინდი, ლობიო და კარტოფილი გვეთესა”, - მეუბნება სოფელ მინაძეში მცხოვრები ტალო ეჟიკოვა და ფოტოაპარატს როგორც კი ამჩნევს, მთხოვს დაზიანებული სახურავის გამო სახლში ჩასული წვიმისგან დასველებული ოთახები გადავიღო.

- ”ჯამში ერთი ჰექტარი გვაქვს. ეზოშიც ბოსტნეული გვქონდა, ყველაფერი გაფუჭდა. დავრჩით მშივრები”, - აგრძელებს საუბარს და თან ჯოხით იქვე, ეზოში გადასაყრელად მოგროვებულ კაკლისა და ჭანჭურის გროვას ქექავს.

ხმაურზე ეჟიკოვების ეზოში მეზობლად მცხოვრები ლეილა მამალაიძე შემოდის და საუბარში იქამდე ერთვება, ვიდრე რამეს თავად ვკითხავ.

- ”22 მეასედზე სიმინდი მეთესა, 5 მეასედზე ხახვი, 5 მეასედი სახლთან ბოსტნეული მქონდა, სულ განადგურდა. ყურძენი ისე დაზიანდა, სანახევროდ ხეზევე ლპება”, - მეუბნება და მთხოვს გავყვე და სახლის დაზიანებული სახურავიც გადავიღო, - ”როგორც გარეთ წვიმდა, ისე წვიმა შიგნით”.

მინაძე ერთ-ერთია ახალციხის მუნიციპალიტეტის იმ 18 სოფელს შორის, რომელიც 19 ივლისს, ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან დაზარალდა. სოფელში მცხოვრები 100 კომლიდან მეტ-ნაკლები ზარალი ყველამ მიიღო. განსაკუთრებით ის ოჯახები დაზარალდნენ, რომელთაც სახნავ-სათესი ნაკვეთები ეგრეთ წოდებულ ჭალის ტერიტორიაზე ჰქონდათ.

- ”იქ უფრო ნაყოფიერი მიწებია და ძირითადად მოსავალი იქ მოდის. თან, იმ ადგილას უფრო ძლიერი სეტყვა იყო”, - მისხნიან ადგილობრივები.

მინაძის მცხოვრებთა უმეტესობისთვის სასოფლო-სამეურენეო საქმიანობით მიღებული თანხა შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

როგორც მინაძის თემის გაერთიანების რწმუნებული მანანა მოსიძე ამბობს, მინაძეში ხეხილის ბაღები ნაკლებად აქვთ. იმის გამო, რომ ხილის რეალიზაცია სჭირდა, მოსახლეობამ ბაღები გაჩეხა და სახნავ-სათესად აქცია.

- ”მინაძეში ამ ეტაპზე 100 ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ მიწის ნაკვეთები130 ოჯახს აქვს. ჭალის ტერიტორიაზე მოსავლის 60-70 პროცენტი განადგურებულია, საკარმიდამო მიწებისკენ უფრო 50 პროცენტი განადგურდა”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ მისი ზედაპირული გათვლებით, სოფელ მინაძეში 40 ჰექტარი სახნავ-სათესი განადგურდა, - ”ბაღები უფრო ნაკლებია, მაგრამ რაც არის იქ ძალიან კარგი ხარისხის ვაშლი მოდიოდა”.

არც ეჟიკოვასა და არც მამალაიძეს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება არ შეუტანიათ.

- ”ამის საჭიროება არ არის. დავალება გვაქვს, რომ აღვწეროთ ყველა მცხოვრების მდგომარეობა. ვითვლით დაზიანებულ სახურავებს, თუ კიდევ რამე ზიანი მიიღეს სახურავის გამო. ასევე, პროცენტულად ვითვლით მიწის ნაკვეთებს, სად რამდენი დაზიანდა”, - ამბობს მინაძის თემის რწმუნებული მანანა მოსიძე, რომელიც მეორე დღეა კუთვნილ თემში, რომელშიც სამი სოფელი, მინაძე, ღრელი და ჭაჭარაქი შედის, კარდაკარ დადის და დაზარალებული მოსახლეობის მონაცემებს აგროვებს. იწერს მიწის ფართობს, საპასპორტო მონაცემების მიხედვით და დაზარალებული მოქალაქის პირად მონაცემებს.

ადგილობროვ ხელისუფლებაში განაცხადები არც ჭაჭარაქის მცხოვრებლებს შეუტანიათ.

- ”შიფერი” დაამტვრია. ალუჩა, ქლიავი, ბალი, სულ ძირს ჩამოვიდა. კაკალი დაბერტყა. სახნავ-სათესი 75 მეასედი გვქონდა და ისიც მიწასთან გაასწორა. ყველაზე მეტი კარტოფილი გვეთესა, გვქონდა ხორბალიც და ლობიოც”, -ამბობს ჭაჭარაქში მცხოვრები ლია ოგანესიანი.

ასევე 75 მეასედი სახნავ-სათესი გაუნადგურდა მის მეზობლად მცხოვრებ გაიანე მინასიანს.

- ”რაც სეტყვას გადაურჩა, მდინარე შევარდა და ისე დაიტბორა ჯერაც ვერ შევდივართ”, - ამბობს იგი და კითხვაზე, ვინმეს თუ მიმართეს დასახმარებლად, მპასუხობს, - ”არავის არაფერი უთქვამს, სოფლის რწმუნებული იწერს მონაცემებს და დაგვპირდა, რომ ყველას დაგვეხმარებიან”.

მონაცემების შესაგროვებლად თემის რწმუნებულებს ვადა დღის ბოლომდე აქვთ. ამის შემდეგ მონაცემები რეგიონის დაზარალებული მუნიციპალიტეტების გამგეობებმა უნდა დააჯამონ და საბოლოო მონაცემი სამხარეო ადმინისტრაციას გადასცენ. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ვის როგორ დაეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლებიდან.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ზარალის ოდენობას ითვლიან
‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში  [ფოტო]
ადგილობრივი: წნისში სეტყვამ მოსავლის 70 პროცენტი გაანადგურა
სტიქიამ მოსავლის 80 პროცენტი გაანადგურა
სტიქია ლელოვანში – დახოცილი ფრინველი და განადგურებული ნათესები
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
სოფელ ჩუნჩხაში ძლიერმა სეტყვამ ნათესები გაანადგურა