FM97.5 / LIVE

მნიშვნელოვანი არჩევნები და ნიჰილისტი ამომრჩევლები

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 07.05.2014
რას ნიშნავს 50%-იანი ბარიერი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მერებისა და გამგებლების არჩევის შემთხვევაში მოქმედებს; რა იციან ამის შესახებ ამომრჩევლებმა, როგორ ხედავენ თავიანთ როლს მომავალ არჩევნებში და რატომაა აუცილებელი აქტიური მუშაობა ელექტორატის გასააქტიურებლად.

მნიშვნელოვანი არჩევნები და ნიჰილისტი ამომრჩევლები
22 წლის ანჟელა არუთუნიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლას და არჩევანის გაკეთებას აუცილებლად აპირებს. თუმცა რა შეიცვალა ადგილობრივ თვითმმართველობასა და საარჩევნო კოდექსში, არ იცის. ანჟელა ფიქრობს, რომ არჩევნები რომ არ გაყალბდეს, 15 ივნისს საარჩევნო უბანზე ყველა ამომრჩეველი უნდა გამოცხადდეს.

„ნამდვილად არ ვიცი როგორ და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები და არც ამ არჩევნების მნიშვნელობაზე მიფიქრია. მაგრამ საარჩევნო უბანში აუცილებლად მივალ და ჩემს არჩევანს დავაფიქსირებ“, - ამბობს იგი.

ანჟელას მსგავსად, ინფორმაციას არ ფლობს მისი მეგობარი არაქსი ვირაბიანი.

„მეტი უფლებები რომ გადაეცემათ მუნიციპალიტეტებს ვიცი, მაგრამ, ჩემთვის რა იქნება სასიკეთო, არ ვიცი. რომ მივიდე, რაში დამეხმარებიან?“-კითხულობს იგი.

ანჟელამ და არაქსიმ არც 50%-იან ბარიერზე იციან რამე, თუმცა, მათგან განსხვავებით, დავით მაისურაძე ფიქრობს, რომ მაღალი საარჩევნო ბარიერით გამარჯვებული კანტიდატის ნდობა მოსახლეობაში უფრო მაღალი იქნება. თუმცა, აქვე მაისურაძე გარკვეულ საფრთხეებს ხედავს: „50%+1 ბარიერით შესაძლებელია არჩევნები უფრო ადვილად გაყალბდეს. ერთ ხმას როგორ ვერ იყიდიან?! ამის გაკეთება არავის გაუჭირდება. ამიტომ, როგორც არასდროს, უნდა ვიაქტიუროთ მოსახლეობამ“.

რას ნიშნავს 50%+1 პრინციპი

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტის თვეში საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო ბარიერმა აიწია და გამარჯვებული ის კანდიდატი იქნება, ვინც ამომრჩეველთა ხმების 50%+1 ხმას დააგროვებს.

ეს პრინციპი მხოლოდ მერებისა და გამგებლების არჩევაზე იმოქმედებს. რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს, ამ შემთხვევაში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინც ხმათა უმრავლესობას დააგროვებს.

„სამოქალქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი ამბობს, რომ რაც უფრო მაღალია ბარიერი, მით უფრო მაღალია არჩეული კანდიდატის ლეგიტიმურობა: „დაბალი როცა არის, მაგალითად 30 პროცენტის შემთხვევაში, ერთ ადამიანს თუ დაუჭირა 30-მა პროცენტმა ხმა და დანარჩენმა გადაინაწილა 25, 20 ან 15 პროცენტი, ჯამში დამარცხებულებიუფრო მეტ ხმას აგროვებენ, ვიდრე გამარჯვებული, ამიტომ უფრო მეტი ხმა იკარგება და ნაკლებია ლეგიტიმურობა“.

რა შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური

„ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის“ თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე ამბობს, რომ მერისა და გამგებლის არჩევის შემთხვევაში თუ კანდიდატმა 50 პროცენტზე ნაკლები ხმა დააგროვა, ამ შემთხვევაში, არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ მეორე ტური დაინიშნება.

„მეორე ტური აუცილებელად ჩატარდება, მაშინაც კი, თუ პირველ ადგილზე გასული კანდიდატი ხმების 30 ან 40 პროცენტს დააგროვებს. მეორე ტურში გადადიან პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები, ამ შემთხვევაში იგივე პრინციპი მოქმედებს, როგორც პრეზიდენტის არჩევნების დროს“, - განმარტავს ლოსაბერიძე.

სამართლიან და ლეგიტიმურს უწოდებს კოტე კანდელაკი არჩევნების ორ ტურიან სისტემას. თუმცა, მის უარყოფით მხარეზეც საუბრობს და ამბობს, რომ მეორე ტურს დამატებით ფინანსური რესურსი და ორგანიზაციული საკითხები სჭირდება.

როგორი პრინციპით ავირჩევთ საკრებულოს წევრებს

მერებისა და გამგებლებისგან განსხვავებით, საკრებულოს წევრების არჩევა იგივე წესით მოხდება, როგორც გასულ წლებში. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

თუმცა, ამ არჩევნებში სიახლეა ის, რომ საკრებულოს წევრობის კანდიდატის წამოყენების უფლება აქვს არამხოლოდ პოლიტიკურ ძალას, არამედ საინიციატივო ჯგუფსაც.

რისი ეშინიათ არასამთავრობოებს

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს და ხელისუფლებას კანონის ფარგლებში აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი, რომელიც 1997-99 წლებში ახალციხის საკრებულოს დეპუტატი იყო, შიშობს, რომ არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა დაბალი იქნება. მესხიშვილს საფუძველს მრავალწლიანი გამოცდილება აძლევს. მისი თქმით, გასულ არჩევნებს თუ გადავხედავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა ყოველთვის ნაკლები იყო, 50%+1 ბარიერით კი, უმრავლეს რეგიონებში, მეორე ტური გარდაუვალი იქნება.

„მთავარი გამოწვევა ჩვენი, არასამთავრობო სექტორისაც და თვითონ იმ მონაწილეების, ვინც უშუალოდ კენჭს იყრის პარტიული, თუ მაჟორიტარული სისტემით, ის არის, რომ მაქსიმალური ინფორმაცია გავავრცელოთ მოსახლეობაში. კანონი დამტკიცდა ძალიან გვიან, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, დრო აღარ არის. მე არ მესმის რანაირად ვატარებთ არჩევნებს, სასწარაფოდ უნდა იქნას მიღებული ზომები. თითოელი პარტია მონაწილე მხარეა, ამიტომ, უნდა იყოს დაინტერსებული, უნდა გამოვიდნენ ოფისებიდან და დაიწყონ მუშაობა მოსახლეობასთან. მეორე ტურზე არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ხალხის მოყვანა რომ ძალიან რთულია, ეს ვიცი, ამიტომ, მერიც ასარჩევი დაგვრჩება და საკრებულოც“, - ამბობს ცირა მესხიშვილი.

ამომრჩეველთა ნაკლებად ინფორმირებულობაზე, ცირა მესხიშვილს ეთანხმება, „სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელი მარინა მოდებაძე. მისი თქმით, მუნიციპალიტეტების დონეზე პოლიტიკურმა პარტიებმა და ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს ამომრჩეველთან, მაგრამ, ცხადია კანონით მინიჭებული უფლებით.

„მოსახლეობა არის საინფორმაციო ვაკუუმში. მე მაქვს შეხვედრები და საუბარი მათთან. უმეტესობა არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. ნაწილი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებია, ნაწილი კი ამბობს, რომ არჩევნებში ხმა დავით ნარმანიას უნდა მისცეს. ამიტომ სჭირდება მათ მეტი ინფორმირებულობა, გათვითცნობიერება, მუდმივი კონტაქტი და მუშაობა. მოსახლეობა ნიჰილისტურადაა განწყობილი“, - ამბობს მარინა მოდებაძე.

მისი თქმით, ბარიერი უნდა აწეულიყო საკრებულოს წევრების არჩევის შემთხვევაშიც.

„ბარიერის აწევა არის ცალსახად დადებითი, მეტი ადამიანი ირჩევს კანდიდატს. როდესაც ნაკლებია ამომრჩევლის აქტივობა, უმრავლესობის ნება აღარ გამოდის, გამოდის, რომ საკრებულოს წევრი აირჩია ამომრჩეველთა პატარა ნაწილმა. აქ ლეგიტიმაციის პრობლემა დგება. ლეგიტიმაცია კი, მითუმეტეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს, ყველა შემთხვევაში სჭირდებათ“, - ამბობს იგი.

არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ადგილობრივებს, პოტენციურ ამომრჩევლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აჩევნებში თავიანთი როლი ნაკლებად აქვთ გააზრებული. ვინაიდან მათთვის 50%+1 პრინციპიც უცნობია, ვერც იმას ააცნობიერებენ, რამდენად გადამწყვეტია თითოეული მათგანის ხმა. გარდა ამისა, ამომრჩეველთა ნაწილს უჭირს იმის გააზრებაც, რომ ვის აირჩევენ თვითმმართველობაში სამომავლოდ მათ საცხოვრებელ გარემოზე აისახება.

„ინფორმაცია საერთოს არ მაქვს. რა შეიცვალა თვითმმართველობაში, არაფერი ვიცი. რა გითხრათ, ჩემი პრობლემები ადგილზე არასდროს მოგვარებულა. მრავალშვილიანი დედა ვარ და არასდროს, არსაიდან არანაირი შეღავათი არ მიმიღია. არც არავის იმედი მაქვს, ჩემნაირებისთვის არამგონია რამე შეიცვალოს“, - გვეუბნება ახალციხეში მცხოვრები ინგა გზირიშვილი და ჯერ არც ის იცის, აირჩევს თუ არა არჩევნებზე ვინმეს.

არადა, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ქალაქის გამგებელი და მერი, ზუსტად ის საჯარო მოხელეები არიან, რომელთაც ზუსტად იმ პრობელემბის მოსაგვარებლად უნდა მიმართოს მოსახლეობამ, რაც ინგა გზირიშვილს აწუხებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ცვლილებები ელის ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე
ცირა მესხიშვილი: ‘შეიძლება თვითმართველობის არჩევნებზე მოსახლეობა საერთოდ არ მივიდეს’
რა გავლენას მოახდენს ახალქალაქის მოვლენები მეორე ტურზე – NGO-ების შეფასებები
ახალციხეში მეორე ტურს პროგნოზირებენ
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

30 ოქტომბერს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება