FM97.5 / LIVE

EMC: ენზელ მკოიანის კლანური ძალაუფლება პოლიტიკურ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.05.2020
EMC მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ 2020 წლის 26 მარტსა და 8 მაისს, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, გამოკვეთოს მონაწილე პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არ დაუშვას ლოიალობა და პრივილეგიები ენზელ მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ.

EMC: ენზელ მკოიანის კლანური ძალაუფლება პოლიტიკურ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს
ფოტო: ახალქალაქის მერია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული არაერთი ძალადობრივი დაპირისპირების შემთხვევას, რომელიც მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრსა და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის სახელსა და პასუხისმგებლობას უკავშირდება.

EMC მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან აღნიშნული შემთხვევების დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას. ამასთან, EMC მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ პარტიას გადახედოს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში კლანური ძალაუფლებისა და მმართველობის მკვეთრად ანტიდემოკრატიულ შინაარსს და გაიაზროს კორუფციული და კლანური მმართველობის მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგები.

ბოლო თვეებში, სამცხე-ჯავხეთის რეგიონში დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირებების არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის სახელსა და პასუხისმგებლობას უკავშირდება. სამწუხაროდ, აღნიშნულ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება სამართალდამცავ ორგანოებს ამ დრომდე არ ჰქონიათ, რაც გამოძიებაზე პოლიტიკური ინტერესების გავლენისა და რეგიონში ჭარბი ძალაუფლების მქონე დეპუტატის პოლიტიკური და სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს ატარებს.

2020 წლის 8 მაისს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ ხოსიპოში მცხოვრებ ორ მოქალაქეს ენზელ მკოანთან დაახლოებულმა პირმა ა.ა.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. მომხდარის ირგვლივ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა) გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. თუმცა ადგილობრივები საუბრობენ, რომ სავარაუდო დამნაშავეების დეპუტატთან ახლობლობის გამო, შესაძლოა დაზარალებულები თავს იკავებდნენ გამოძიებასთან თანამშრომლობისგან და არსებობს მომხდარის არაეფექტური გამოძიების რისკი. ადგილობრივების განმარტებით, ჯგუფურ დაპირისპირებები პერიოდულად ხდება, სადაც ე. მკოიანის ახლობლები მონაწილეობენ, დაზარალებულ პირებს აშინებენ, რის გამოც პოლიციას არ მიმართავენ, დამნაშავე პირები არ ისჯებიან, რაც კიდევ უფრო ახალისებს მკოიანის გარემოცვის უკანონო ქმედებებს. უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეთა შორის ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები პირველად არ უკავშირდება ენზელ მკოიანის და მასთან დაახლოებული პირების სახელებს. ჯერ კიდევ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მკოიანის ახლობლები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ინციდენტში აგრეთვე მონაწილეობდა 8 მაისს შემთხვევის სავარაუდო მონაწილე ა.ა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სასამართლოს განაჩენით ბრალდებულებს სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრათ.

ძალადობრივ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 2020 წლის 26 მარტსაც, როდესაც მკოიანის და ყოფილი დეპუტატის, საველ პეტროსიანის ახლობლები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღებით დაუპირისპირდნენ. მედიაში გავრცელებული ვიდეო მასალით დგინდება, რომ ცეცხლსასროლ იარაღს თავად მკოიანი, მისი ძმისშვილი და ყოფილი დეპუტატი, საველ პეტროსიანი იყენებდნენ. ამ შემთხვევაშიც საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ს. პეტროსიანს და ენზელ მკოიანის ძმისშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო მასალაში ჩანს, როგორ იყენებს იარაღს მკოიანი, მის მიმართ გამოძიება არ დაწყებულა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკოიანის ძმისშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ახალქალაქში და სოფლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა თუ სკოლის ადმინისტრაციის მეშვეობით მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება.

მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. ბოლო მოწვევის პარლამენტში მან კენჭი იყარა ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან. VII და VIII მოწვევის პარლამენტში კი მან კენჭი იყარა საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; VI და V მოწვევის პარლამენტში კენჭი იყარა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით. ენზელ მკოიანს და მისი ოჯახის წევრებს არა ერთი ბიზნესი აქვთ ადგილზე ნავთობპროდუქტების სფეროში. ენზელ მკოიანის ძმა და ბიძა, მარტუნ და ნორაირ მკოიანები ხელისუფლებაში მყოფი პარტიების მსხვილი შემწირველები არიან. მკოიანების ოჯახის ბიზნესებში ჩანს სახელმწიფო ტენდერების უკანონო და კორუფციული მიზნებისთვის გამოყენების ნიშნებიც. ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის სამ კომპანიასთან ჯავახეთში საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით. კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2010-2019 წლებში 2 312 278 ლარი მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 30 იანვარს აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიების მოთხოვნით საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას მიმართა, თუმცა მას რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია.

ენზელ მკოიანი მაჟორიტარი დეპუტატის ის კატეგორიაა, რომელიც კლანური გზებით მართავს რეგიონს და ყველა ხელისუფლება ცდილობს ელექტორალური მიზნებისთვის გამოიყენოს მისი გავლენები. სამწუხაროდ, ამგვარი მაგალითები გვხდება სხვა რეგიონებშიც (მათ შორის, ქვემო ქართლი, ზემო აჭარა). ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება და რეგიონების პოლიტიკურ იზოლაციას აღრმავებს, ის არსებითად აზიანებს დემოკრატიის მშენებლობის პროცესს ქვეყანაში. ენზელ მკოიანის ინტერესებისა და გავლენების მასშტაბი, ასევე მომხდარ ძალადობრივ შემთხვევებზე სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება, კიდევ ერთხელ აჩვენებს მის მიმართ პოლიტიკური ლოიალობისა და მისი სამართლებრივი პრივილეგირების ნიშნებს, რომელიც რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკებს ქმნის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ენზელ მკოიანის პასუხისმგებლობის ნაწილში კი, ასევე გენერალურ პროკურატურას, 2020 წლის 26 მარტსა და 8 მაისს მომხდარ ინციდენტზე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, გამოკვეთოს მონაწილე პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და არ დაუშვას ლოიალობა და პრივილეგიები ე. მკოიანისა და მისი გარემოცვის მიმართ.

მმართველ პოლიტიკურ პარტიას გაიაზროს ენზელ მკოიანის მსგავსი პოლიტიკური და ბიზნეს ფიგურების კლანური და კორუფციული მმართველობის მძიმე შედეგები დემოკრატიული პროცესებისთვის და არ დაუშვას ამგვარი პიროვნებების პოლიტიკაში მონაწილეობა და პრივილეგირება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოალიცია თანასწორობისთვის დეპუტატ ენზელ მკოიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს
სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო
პროკურატურამ პასუხისგებაში ენზელ მკოიანის ძმა და შვილი მისცა
სამველ პეტროსიანმა და ენზელ მკოიანის ძმისშვილმა საპატიმრო დატოვეს
ენზელ მკოიანის შესაძლო შანტაჟის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო [ვიდეო]
'თავდასხმას ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა' – გიორგი ვაშაძე