![სიბერის შიში და სიტკბო [ფოტო] სიბერის შიში და სიტკბო [ფოტო]](/uploads/posts/2019-10/1569911128_garmoni.jpg)
„საკუთარი აშენებული სახლი, შვილები და შვილიშვილები, მოსიყვარულე მეუღლე, „გაზ–53“ და გარმონი“ – ადამიანი უბრალო ცხოვრებიდან ღრმა სიბერემდე.
ახალციხეში, სოფელ ურაველში თუ მოხვდებით, საბავშვო ბაღთან, ჩია ტანის მოხუცს ხშირად დაინახავთ – ან ფიცრის ღობესთან, კაკლის ჩრდილში, ფიცრებით გაკეთებულ სკამზე მჯომს, ან ჯოხით მოსიარულეს. ის ამ გზას ყოველდღე გადის. ამბობს, რომ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია: „მოძრაობის გარეშე არ გამოვა. მინდა კიდევ ვიცოცხლო. ამიტომ გავდი–გამოვდივარ ხოლმე ხშირად“.
ამ დროს მეუღლე სახლში შინაურ პირუტყვს უვლის – ათიოდე ქათამი, ძაღლი და კატა ეზოში. სახლში მარტო ცხოვრობენ, თუ შვილები და შვილიშვილები არ ესტუმრნენ უქმეებზე. „დროც ნელ–ნელა გადის“, – ამბობს რაისა, ვალოდიას მეუღლე. ვალოდია 81 წლისაა, ხუთი წლით უფროსი თავის მუღლეზე.
![სიბერის შიში და სიტკბო [ფოტო] სიბერის შიში და სიტკბო [ფოტო]](/uploads/posts/2019-10/1569911163_wyvili.jpg)
სანამ სახლში შეგვიპატიჟებდა, თავისი ერთგული მანქანა გვაჩვენა ეზოში, საბჭოთა „გაზ–53“, რომლითაც 30 წლის განმავლობაში თხევად გაზს ეზიდებოდა. ჩვეულებრივ სატვირთოდ გადაუკეთებია მას შემდეგ, რაც სამუშაოს თავი დაანება. შემდეგ მანქანამ სატვირთოს ფუნქციაც დაკარგა, თუმცა არ დაუკარგავს მთავარი – მნიშვნელობა. „სანამ ვიქნები, ეს მანქანაც იქნება. ბევრი წელი გავატარეთ ერთად, მენანება რომ გავყიდო, ან ჩავაბარო“, – ამბობს და თან ეზოს ძაღლს უბრაზდება, სტუმრებს ნუ ელაქუცებიო.
![სიბერის შიში და სიტკბო [ფოტო] სიბერის შიში და სიტკბო [ფოტო]](/uploads/posts/2019-10/1569911170_gaz53.jpg)
„რა ქნას, მოფერება უნდა, ნუ უბრაზდები“, – ეუბნება რაისა, თან ღიმილით გვესალმება.
ვალოდია, როგორც თვითონ ამბობს, სტუმართმოყვარე და ლხინმოყვარე კაცია. გარმონი და მუსიკა კი – მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ვალოდიასთვის გარმონი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთია. როგორც რაისა გვეუბნება, „თავის თავს არ უვლის ისე, როგორც მაგას“.
ვალოდია გვიყვება, რომ 15 წლის იყო, პირველად როცა აიღო გარმონი ხელში და 65 წლის განმავლობაში მის გარეშე ვერ ძლებდა. მაშინაც კი, როცა მძიმე შრომა უწევდა ოჯახის სარჩენად, მუსიკისთვის დროს მაინც ნახულობდა. უკრავდა თავისთვის, ოჯახისთვის, ქორწილებში და ასე შემდეგ. ყველგან, სადაც მუსიკის გაგონება უნდოდათ.
„მუსიკა ყველაზე მეტად მიყვარდა, მაგრამ ამით თავის რჩენა შეუძლებელი იყო. ამიტომ ხშირად, დღე გაზის ბალონებს დავატარებდი, ღამით კი დასაკრავად მივდიოდი. ქორწილებშიც ვუკრავდი, ყველგან, სადაც მომისმენდნენ“, – ღიმილით იხსენებს ვალოდია.
ცხოვრება რამდენიმე საქმეს მიუძღვნა. ამბობს, რომ რთულია მთელი ცხოვრება ის საქმე აკეთო, რაც გიყვარს, მითუმეტეს თუ ეს საქმე ხელოვნებაა.
თავიანთ სიბერეზე ოჯახი არ წუწუნებს. მათი აზრით, მოხუცისთვის მთავარი ზრუნვა და ყურადღებაა.
„მთავარია ყურადღების მომქცევი გყავდეს, ისე კი, სიბერე ტკბილია შვილო“, – გვეუბნება რაისა და სამახსოვრო ფოტოსთვის ემზადება.
საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 20% ხანდაზმული ასაკისაა. აქედან 60 ათასი შინმოვლისა და ხანგრძლივი მოვლის სერვისებს საჭიროებს (სახალხო დამცველის ანგარიში). საქსტატის 2019 წლის მონაცემებით კი, საქართველოში მოსახლეობის 14.8 % 65 წელზე მეტი ასაკისაა.
![სიბერის შიში და სიტკბო [ფოტო] სიბერის შიში და სიტკბო [ფოტო]](/uploads/posts/2019-10/1569911112_dzagli.jpg)
[რობი ზარიძე, ახალციხე]