
ახლა 44 წლისაა, სოფელში ცხოვრობს. საკუთარ თავზე საუბარი უჭირს, მაგრამ ინტერვიუზე მაინც გვთანხმდება.
„პირველად რომ გამარტყა ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა, ვიფიქრე, სად მოვხვდი და რა ცხოვრება მელის–მეთქი. ჩემს ოთახში შევედი და ჩუმად ვიტირე, ბევრი ხალხი იყო სახლში, მეკითხებოდნენ, რატომ გაქვს ლოყა გაწითლებულიო, მეც ხან რას ვპასუხობდი, ხან რას“, – იხსენებს, რომ მას შემდეგ მეუღლე ხშირად სცემდა, -„ეჭვიანია, პატარა რამის გამოც კი მირტყამდა“.
ორი შვილი გააჩინა. გვეუბნება, რომ განქორწინებაზე არც უფიქრია, რადგან საზოგადოების კრიტიკის ეშინოდა.
„არ მინდოდა, შვილები უმამოდ გამეზარდა და ამიტომაც ვერ დავშორდი, ვერ დავბრუნდებოდი მშობლების ოჯახში, ხალხი რას იტყოდა. შვილები შიშში გავზარდე, ძალიან ეშინოდათ ჩემს პატარებს, ჩხუბის დროს ერთი ერთ მხარეს გარბოდა, მეორე მეორე მხარეს. მთვრალს რომ ხედავდნენ, მეორე სართულიდანაც არ ჩამოდიოდნენ. ახლა ხმას იღებენ, მაგრამ მაინც ვერ გააჩერებ ამ კაცს, მე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მივეჩვიე ჩემს ცხოვრებას. არ მინდა რომ შვილები ჩაერიონ ამ საქმეში და მათაც სცემოს. პოლიციისთვისაც არასდროს მიმიმართავს, ხალხი იჭორავებს“.
ფიქრობს, მშობლების მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, იქნებ გაებედა კიდეც ქმრისგან წასვლა. ამბობს, რომ მათ ყოველთვის იცოდნენ, მეუღლე რომ სცემდა, თუმცა მისი დაცვა არასდროს უცდიათ.
„ყველაც ხედავს ძალიან კარგად, მაგრამ არავინ მყავს მხარდამჭერი, ახალგაზრდობაში მშობლებთან რომ მივდიოდი და თვალი მქონდა გალურჯებული მეორეზე ლურჯ წენს ვისვამდი, რომ არ შემჩნეოდა. დედაჩემი მეუბნებოდა, შვილო ერთი თვალი მუქად წაგისვია მეორე ღიადო. იცოდა დედაჩემმა მაგრამ ხმას არ იღებდა“.
მას შედეგ წლები გავიდა, ახლა ქმარს სიტყვიერად წინააღმდეგობას უწევს, თუმცა ამით ძალადობას ვერ აჩერებს.
„ახლა უკვე 44 წლის ვარ, ხმას ვიღებ, ახალი არ ვარ, რომ შემეშინდეს, მაგრამ სიმთვრალის დროს ვერ გააჩერებ, ძალიან აგრესიული ხდება. როცა ფხიზლდება ბოდიშს მიხდის, მეუბნება სიმთვრალისგან ხდება ეგრე, მაგრამ რად მინდა ეგ ბოდიში, როდესაც მთელი ცხოვრება შიშში ვიცხოვრე და ვცხოვრობ. დედამთილ-მამამთილი საყვედურობენ, მაგრამ მას შემდეგ, როცა უკვე ნაცემი ვყავარ. მამამთილსსაც ეშინია ჩემი მეუღლის“.
„გამოსავალს ვერ ვხედავ. ვნანობ, რომ 16 წლის ასაკში გავთხოვდი სოფელში, ბედმა არ გამიღიმა. რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, არ გავთხოვდებოდი პატარა ასაკში. მივიღებდი განათლებას, დავიწყებდი მუშაობას და უკვე ზრდასრული გავთხოვდებოდი, როგორც ჩამოყალიბებული ადამიანი და არა ბავშვი“.
სოფელში ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ ის არ არის, იცნობს სხვა ქალებსაც, რომლებზეც ქმრები ძალადობენ, მაგრამ ჩუმად არიან. „ჩვენთან ასე ამბობენ, თუ ქმარი გირტყამს ნიშნავს, რომ უყვარხარო“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან, 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის 232 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 93 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი იყო. ამ პერიოდში უწყებამ 414 შემაკავებელი ორდერი გამოწერა.
„სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე, მარინა მოდებაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში რეგიონში ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა იმატა.
„ძირითადად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებია, შედარებით ნაკლებია ეკონომიური და სექსუალური, იშვიათად ხდება იძულების შემთხვევები. მომართვიანობა პანდემიის შემდეგ გახშირდა, ვინაიდან ჩაკეტილ სივრცეში იყო მოძალადე და აკონტროლებდა მსხვერპლს“, – ამბობს მარინა მოდებაძე.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს იურიდიულ და ფსიქო–სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს, ასევე აქვთ თავშესაფარი, სადაც ქალები 2–3 თვის განმავლობაში რჩებიან.
ახალციხეში „სამცხე–ჯავახეთის დემკორატ ქალთა საზოგადოების“ ოფისი კოსტავას N109–ში მდებარეობს.
[რიმა სარუხანიან]