FM97.5 / LIVE

'ზამთრის' ცოლები

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.06.2019
მათი ისტორიები ერთნაირია. აქ ყველა ქალი ამბობს, რომ ბედნიერია და ოჯახს ემსახურება. ქმრები - რუსეთში, ცოლები - სახლებში - ყულალისელი ქალების მონათხრობი.

'ზამთრის' ცოლები
ანაიდა პეტროსიანი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისში, მამაკაცების უმეტესობა სამუშაოდ რუსეთში დადის. ამიტომაც, სოფლის ორღობეებში მხოლოდ ქალები გვხვდებიან.

ქალი, რომელმაც სახლში შეგვიპატიჟა, გვარად ქრტიანია. სახელი არ გვითხრა. 21 წელია სოფელ ყულალისში ცხოვრობს. ჰყავს ორი შვილი: 21 წლის ვაჟი და 19 წლის გოგო. უკვე სიდედრიცაა. ხელს იშვერს და მისი ეზოდან დაახლოებით ხუთი მეტრით დაშორებულ სახლს გვიჩვენებს: „აქ გათხოვდა ჩემი გოგო, მეზობლები ვართ. უყვარდა და წაჰყვა“.

გვიყვება, რომ მასაც უყვარდა და ისე გათხოვდა: „მერე მოდის პატივისცემა, მისი აზრის გაზიარება. ესაა სიყვარული“.

გვესაუბრება და პატარა მაგიდაზე ტკბილეულს აწყობს. სამზარეულოდან სასწაული სურნელი გამოდის. ქალი მეორე სართულზეც ხშირად ადის.

„მოხუცი დედამთილ–მამამთილი მყავს და მათ ვუვლი“,– მიხსნის მორიდებით, ცალი ხელით მაგიდაზე აწყობს ცხელ შაქარლამას, მეორე ხელში, მეორე თეფში უჭირავს და კიბეებზე არბის.

დიდ ოჯახს უვლის. აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა მხოლოდ ამას ამბობს და არ აკონკრეტებს, რა სჭირს.

„ჩემი ქმარი რუსეთის მოქალაქეა. იქ მუშაობს. ერევანშიც და თბილისშიც არ არის იმხელა ხელფასი, რასაც რუსეთში იღებს. ასე ძნელია, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება ითხოვს“, – ამბობს ის.

დიანა ხაჩატურიანი 22 წლისაა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ორალიდანაა და ოთხი წელია რაც სოფელ ყულალისშია გათხოვილი. არ მუშაობს, ხუთი თვის ფეხმძიმეა და ამბობს, რომ აქედან არსად წავა. ქმარიც სოფელშია, თუმცა როგორც იქვე მჯდომმა ქალმა მითხრა, როცა დიანა შვილს გააჩენს, მისი ქმარიც წავა რუსეთში. ჯერ შვილები უნდა ჰყავდეს და მერე.

– რატომ? – ვეკითხები მე.
– ასე ხდება სულ და მაგიტო, – მპასუხობს ქალი.

დიანას სახეზე ეტყობა რომ არ ეთანხმება მეზობელს, თუმცა არც ეპასუხება.

„ბედნიერი ვარ, მყავს ქმარი და შვილს ველოდები“, – ამბობს ღიმილით.

54 წლის ანაიდა პეტროსიანი, მეზობელი სოფლიდან საძელიდან ყულალისშია გათხოვილი, სამი ვაჟი ჰყავს. ქმარიც და შვილებიც რუსეთში არიან სამუშაოდ წასული.

ამბობს, რომ ქმრის გარეშე ცხოვრება რთულია, თუმცა ოჯახს რჩენა უნდა.

ოჯახში ახლა ყველაფერს ის აკეთებს – ამუშავებს მიწას, უვლის საქონელს.

'ზამთრის' ცოლები
ვერონიკა პეტროსიანი

ვერონიკა პეტროსიანი 28 წლისაა. მისი ქმარიც რუსეთშია სამუშაოდ წასული. თვითონ არსად მუშაობს. ოჯახს უვლის.

„ძნელია, მაგრამ რას ვიზამთ. ჩემი ქმარი ზრუნავს ჩვენზე, ამიტომ ბედნიერი ვარ“, – ამბობს ვერონიკა.

ორი წლის პოღოსა დედას ხელიდან არ სცილდება. უფროსი, ხუთი წლის ანაიდა, სოფელ პამაჯში დაჰყავს საბავშვო ბაღში.

ქალები ამბობენ, რომ დასვენებისთვის დრო არ აქვთ. ყოველდღიურად ოჯახში უამრავი საქმეა და თუ მეზობელი ეწვია, შეიძლება მაშინ ჩამოსხდნენ მხოლოდ.

„კოფე“, შინდის კომპოტი, ჩირი აუცილებელი ატრიბუტია და ქალებიც საუბარს შეჰყვებიან ხოლმე. მითხრეს, რომ საუბრობენ შვილებზე, საოჯახო საქმეებზე.

– მონატრებულ ქმრებზე არა? ვეკითხები მე. იცინიან და არ მპასუხობენ.

დაბადების დღეებზე ქმრები ურეკავენ. ამბობენ, რომ ინტერენეტით ხშირად აქვთ კონტაქტი ქმრებთან, ძირითადად - ვაიბერით.

დაბადების დღეს საჩუქრებზე საუბარი მოჰყვა. დაბრუნებულ ქმრებს ჩამოაქვთ საჩუქრები ოჯახის წევრებისთვის?

„როცა ქმარი მოდის რუსეთიდან, მოაქვს ფული. მივდივართ და ვყიდულობთ „პალასს“, „ადიელას“. სახლს ვალამაზებთ”, – ასეთია ძირითადი განწყობა.

როგორც ყულალისელმა ქალებმა მითხრეს, 10 დეკემბრისთვის, თითქმის, ყველა ოჯახში ბრუნდებიან ქმრები.

„საახალწლოდ მოდიან. ჩვენ უკვე მომზადებულები ვართ. ღორიც დაკლულია, ქონიც გამდნარია და ქალებიც ვისვენებთ“.

ქონის გადნობა ქალის საქმეა, მითხრეს პირდაპირ. ღორებს კი სოფელში დარჩენილი ახალგაზრდა ვაჟები ან მამამთილები კლავენ.

კაცები ოჯახში დაახლოებით მარტის შუა რიცხვებამდე რჩებიან. ამასობაში დაკლული ღორის ხორციც ილევა. ქალებს კი წინ მთელი თვეები აქვთ შინაური ცხოველის გასაზრდელ–გამოსაკვებად, შრომაში გადის დრო და...

მომდევნო დეკემბერიც მალე მოვა.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]
როცა წასასვლელი არსად გაქვს - ‘ჩვენთან ამბობენ, თუ ქმარი გირტყამს, უყვარხარო’
გულო ყურაძე – ქალის მხრებზეა ყველაფერი [ფოტო/ვიდეო]
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სოფელმაც გარიყა
ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]
მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]
როცა ხუთი შვილის დედა ხარ