FM97.5 / LIVE

ნაცრის ყრა, ჯვრის გზა და ოცდაცამეტიანი – დიდმარხვის კათოლიკური ტრადიციები [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 14.03.2019
აქ დიდმარხვა „ნაცრის ყრის“ რიტუალით იწყება და წინაპრებისგან დატოვებული ლოცვებით გრძელდება. ორმოცდღეულის ყოველ პარასკევს კი მესხი კათოლიკეები მაცხოვარის გოლგოთამდე განვლილ გზას იხსენებენ. ცდილობენ ტრადიციებს გაუფრთხილდნენ და იმედი აქვთ, რომ რწმენას მომავალი თაობებიც შეინარჩუნებენ.

ნაცრის ყრა, ჯვრის გზა და ოცდაცამეტიანი – დიდმარხვის კათოლიკური ტრადიციები [Video]

არალი კათოლიკეებით მჭიდროდ დასახლებული სოფელია. აქ მორწმუნეებმა დიდმარხვის პერიოდი ისევე დაიწყეს, როგორც დედა ეკლესიაში – მარხვის პირველ დღეს ანუ როგორც თავად უწოდებენ „ნაცრის ყრის ოთხშაბათს“ აღვლენილ წირვაზე, მოძღვარმა ტრადიციულად ნაცარი აკურთხა და მორწმუნეებს მცირე ოდენობით თავზე დააყარა, სიტყვებით: „მოინანიე და იწამე სახარება“.

ამ რიტუალისთვის მრევლს სახლიდან გასულ წელს, ბზობის დღესასწაულიდან შემორჩენილი ბზის ტოტები მოაქვს. შემდეგ მას წვავენ და ნაცარს რიტუალისთვის იყენებენ.



არლის ეკლესიის მოძღვარი დარიუშ კომადოვსკი ამბობს, რომ „ნაცრის ყრა“ ძველი რიტუალია, იგი სათავეს მერვე საუკუნიდან იღებს, როცა ცოდვილად შერაცხულ ადამიანებს ჯერ ნაცარს აყრიდნენ, შემდეგ კი ტაძრის გარეთ შეკრებილ ხალხთან საჯარო მონანიებისკენ უბიძგებდნენ. თავდაპირველად, ეს წესი მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებოდათ, რომლების მიერ ჩადენილი ცოდვების შესახებაც საჯაროდ იყო ცნობილი. მე–11 საუკუნეში კი პაპმა ურბან მეორემ იგი ყველა მორწმუნეზე გაავრცელა.

„რიტუალის დაწესებიდან პირველ პერიოდში, მორწმუნეები თავზე ნაცარს წირვის შემდეგ იღებდნენ და ტაძარს მაშინვე ტოვებდნენ, რადგან თავს ცოდვილებად გრძნობდნენ. ახლა ეს რიტუალი შუა წირვისას სრულდება, ქადაგების შემდეგ. დღეს იგი სიკვდილისა და ადამიანის არარაობის გაცნობიერების სიმბოლოა“, – გვიხსნის მღვდელი დარიუშ კომადოვსკი.



კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვა ექვს მარტს დაიწყო და 21 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.

სანამ მორწმუნეები დღესასწაულს იზეიმებენ, იქამდე ორმოცი დღის განმავლობაში სულიერად ემზადებიან. მათთვის მარხვა მხოლოდ გარკვეული საკვების აკრძალვას არ გულისხმობს. აქ მოძღვრები ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი მხარეა, ამიტომ მორწმუნეს, საკუთარი ნებისყოფის გამოსაცდელად, შეუძლია უარი საყვარელ ჩვევაზე ან ქცევაზე თქვას, ილოცოს და მოწყალების გაცემისთვის იზრუნოს.
მარხვის შენახვის ტრადიცია არლელ მორწუნეებს წინა თაობებისგან გადმოეცათ. ამბობენ, რომ მათი მშობლები და პაპები დიდმარხვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. პავლე აკოფაშვილი იხსენებს, რომ ადრე, ამ ორმოცი დღის განმავლობაში სოფელში საკლავი არ იკვლებოდა. ახლა ცდილობს წინაპრებისგან მიღებული სარწმუნოება შეინარჩუნოს და ეკლესიაში ყოველ კვირას დადის.

„ადიგენის რაიონში ადრე 120 სოფელი იყო. თითქმის ყველა მათგანში ცხოვრობდნენ თურქები, შემოსევების დროს რჩებოდნენ აქ, მაგრამ არალში ვერ შემოვიდნენ, იმიტომ, რომ თემი ძლიერი იყო და საშუალებას არ აძლევდა. შემდეგ, როცა გვავიწროებდნენ, მთვრობამ დახმარება საფრანგეთს სთხოვა, ჩვენც მათი სარწმუნოება, კათოლიკობა მივიღეთ. ახლა ვცდილობთ სარწმუნოება შევინარჩუნოთ. მე თვითონ ავაშენე ერთი პატარა კათოლიკური ტაძარი სოფლის შემოსასვლელში. პავლე მოციქულის სახელობისაა“, – გვიყვება პავლე აკოფაშვილი.



სოფელ არლის მეზობლად მდებარე ვალე კიდევ ერთი დასახლებაა, სადაც მესხი კათოლიკეები ცხოვრობენ. დიდმარხვას ვალის მრევლშიც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

ისევე როგორც ყველა კათოლიკურ ტაძარში, ვალის ეკლესიის შიდა კედლებზე თოთხმეტი ხატია განთავსებული. თითოეული მათგანი იესოს ვნებას გამოხატავს, ანუ ყოველ ტანჯვას, რომელიც მან შეპყრობიდან ჯვარზე გაკვრამდე გაიარა. დიდმარხვის პერიოდში, ყოველ პარასკევს მორწმუნეები თოთხმეტივე ხატთან ჩერდებიან და ლოცულობენ. ამბობენ, რომ ასე იმ ტანჯვას იხსენებენ, რომელიც მათმა მაცხოვარმა გოლგოთის მთაზე ასვლამდე განიცადა. ლოცვას – „ჯვრის გზა“ ჰქვია და მხოლოდ დიდმარხვაში სრულდება.

„გოლგოთის გზისკენ სიარული ჩვენს ცხოვრებას ჰგავს. ბევრი ფიქრობს, რომ დასასრული სიკვდილია, თუმცა დასასრული არის სწორედ აღდგომა“, – ამბობს ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მიხეილ სურმავა.



კიდევე ერთი ლოცვა, რომელსაც დიდმარხვის პერიოდში მხოლოდ მესხეთში აღავლენენ კათოლიკე მორწუნეები „ოცდაცამეტიანია“. ლოცვაც და მისი შესრულების წესიც ადგილობრივმა მორწმუნე ქალებმა შემოინახეს. ამბობენ, რომ კომუნისტურ პერიოდში, როცა რელიგია იდევნებოდა, სოფლებში სასულიერო პირები არ იყვნენ და ტაძრებსაც მარცვლელულის საწყობებად იყენებდნენ, მორწმუნე ქალები ერთად შეკრებას მაინც ახერხებდნენ და ლოცულობდნენ ისე, როგორც დედებმა და ბაბოებმა ასწავლეს. „ოცდაცამეტიანიც“ ამ დროს გადარჩენილი ლოცვაა და მას მესხი მორწმუნეები დღემდე ლოცულობენ.



კომუნისტურ პერიოდში, კათოლიკურ ტაძრებში არსებულ რელიგიურ რელიქვიებს თავად ადგილობრივები ინახავდნენ და უვლიდნენ. იმის გამო, რომ სოფლებში მღვდლები არ იყვნენ, ადგილობრივებს ნათლობისა და ჯვრისწერის საიდუმლოების მისაღებად თბილისში ან ახალციხის სოფელ სხვილისში წასვლა უხდებოდათ. ამბობენ, რომ 80–იან წლებში მხოლოდ ამ ორ ადგილზე სწირავდნენ მღვდლები.

ქართველი კათოლიკეებით დასახლებულ მესხურ სოფლებში, სასულიერო პირები 90–იანი წლებიდან გამოჩნდნენ. არალში, ვალესა და ხიზაბავრაში მღვდლები პოლონეთიდან ჩამოვიდნენ. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ამ პერიოდში ეკლესიაში სიარული ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო.
ვალელებისთვის განსაკუთრებით საამაყო ის ფაქტია, რომ ამავე პერიოდში მათი თანასოფლელი ქართველი კათოლიკე მღვდელი გახდა. მათივე თქმით, უაკნასკნელი ქართველი მღვდლები, ემანუელ ვარდიძე და კონსტანტინე საფარიშვილი, რომლებიც თბილისში მოღვაწეობდნენ 1960–1970–იან წლებში გარდაიცვალნენ, დაახლოებით 20 წლიანი პაუზის შემდეგ კი მღვდლობა, დღეს უკვე მესხეთის დეკანოზმა ზურაბ კაკაჩიშვილმა გადაწყვიტა.
ავთანდილ კაკაჩიშვილი, იხსენებს, რომ შვილის მღვდლად გახდომის გადაწყვეტილება ოჯახისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ამის შემდეგ იგი ეკლესიას უფრო მეტად დაუახლოვდა.



წყაროების მიხედვით, ქართველ კათოლიკეთა ისტორია მეცამეტე საუკუნიდან იწყება. სარწმუნეობა ქვეყანაში კათოლიკე მისიონერებმა შემოიტანეს. ისტორიკოსთან ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი მისიონერები სამცხე–ჯავხეთში მეთექვსმეტე საუკუნემდე პერიოდულად შემოდიოდნენ. კონკრეტულად მათი მუშაობის შესახებ კი ცნობები ჩვენამდე მოღწეული არ არის. „წყაროთა უქონლობის გამო ჯერ–ჯერობით შეუძლებელი ხდება სამცხე–საათაბაგოში XIII-XVII საუკუნის ჩათვლით კათოლიკობის განვლილი გზის სრული სურათის წარმოდგენა“, – წერდა ქართველი კათოლიკე მღვდელი და მკვლევარი მიხეილ თამარაშვილი.

მესხეთში მოღვაწე მისიონერების შესახებ ოფიციალური ცნობები მე–16 საუკუნიდან ჩნდება. ამავე პერიოდი რეგიონი ოსმალებმა დაიპყრეს, მოსახლეობა იძულებული იყო მათი სარწმუნეობა მიეღო. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ რომის იმპერიასთან მჭიდრო კავშირი აღმოჩნდა. ის ვინც მუსლიმურ სარწმუნიებაზე უარი თქვა, კათოლიკე გახდა. მესხი კათოლიკეები მიიჩნევენ, რომ ასე ეროვნული თვითშეგნება შეინარჩუნეს.
მკვლევარის მარი ბროსეს მიხედვით, საქართველოში უძველესი კათოლიკური ტაძარი 1298 წელს, ახალციხეში აიგო. იგი რაბათში მდებარეობს და დღეს მოქმედია.

ამ დროისათვის, მესხეთში კათოლიკეები ახალციხეში, ივლიტაში, ვალეში, არალში, უდეში, აბასთუმანში, უნწაში, ბენარაში, ხიზაბავრაში, ვარგავსა და ბორჯომში ცხოვრობენ. მათ შვიდი მოქმედი ტაძარი აქვთ. იმ დასახლებებში კი სადაც ეკლესია არ არის, ლიტურგია სამრევლო სახლებში ტარდება.

ახლა მესხები ახალი კათოლიკე მღვდლების კურთხევას ელოდებიან. მღვდლად გახდომის სურვილით ყაზახეთის სემინარიაში მესხი კათოლიკეები არლიდან, ვალიდან და აბასთუმნიდან წავიდნენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ნანა ინასარიძე - ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]
‘ნაცრის ყრის’ ოთხშაბათი – კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვა დაიწყო
კათოლიკეებისთვის დიდმარხვა დაიწყო
კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა
რაბათში კათოლიკური ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]
რაბათში კათოლიკური ეკლესიის დღესასწაული აღინიშნა [ფოტო]