FM97.5 / LIVE

‘დაუსრულებელი’ ექსპედიცია

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება 22.02.2019
სტუდენტების ექსპედიციიდან, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს რეგიონში ტურისტული კუთხით ინფრასტრუქტურული პრობლემები უნდა შეესწავლათ და საპროექტო წინადადებები მოემზადებინათ, შვიდი თვე გავიდა. რა ინიციატივები ჰქონდათ სტუდენტებს და რაში გაითვალისწინეს ის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უცნობია. უწყებიდან რედაქცია საჯარო ინფორმაციაზე პასუხს მეოთხე თვეა უშედეგოდ ელოდება.

‘დაუსრულებელი’ ექსპედიცია

სამცხე–ჯავახეთში სტუდენტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ექსპედიცია მხარის ყოფილი გუბერნატორის კახა სამხარაძის ინიციატივით 2018 წლის 11 ივნისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100–მდე სტუდენტმა ორი–ორი დღის განმავლობაში ექვსივე მუნიციპალიტეტის კულტურულ -ისტორიული ძეგლები, ტურისტული ობიექტები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ერთად დაათვალიერა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემებიც მოისმინა. ამ პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდები გუბერნატორთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე მერიის თანამშრომლებთან ერთად ღამეს კარვებში ათევდნენ.

ექსპედიციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს თავიანთი თვალით დანახული პრობლემების შესახებ წინადადებები უნდა მოემზადებინათ და სამხარეო ადმინისტრაციაში მიეტანათ. ადმინისტრაციას ეს ინიციატივები უნდა გაეანალიზებინა და რეგიონის განვითარების სამომავლო გეგმაში გაეწერა, ასევე, მუნიციპალიტეტებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას გაეთვალისწინებინათ.

თუმცა, ჯერ კიდევ ექსპედიციის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, 26 ივლისს კახა სამხარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის გამო სტუდენტებს და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ახალქალაქში ექსპედიციის მოწყობა კახა სამხარაძის გარეშე მოუწიათ. 2018 წლის 20 აგვისტოდან კი ამ პოზიციაზე ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა. რეგიონის პირველმა პირმა დანიშვნიდან მალევე, სექტემბრის ბოლოს, „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მისი წინამორბედის მიერ წამოწყებული პროექტის დასრულებას და სტუდენტებთან სამომავლო თანამშრომლობას გეგმავდა.

„სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მეც ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, რომ მათთან კომუნიკაცია მექნება. რაც შეეხება ექსპედიციებს, უკვე დასრულდა, ყველა მუნიციპალიტეტი შემოიარეს. დამატებითი შეხვედრა იყო საჭირო საბოლოო გადაწყვეტილება რომ მიეღოთ რეგიონის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით. მოგესხენებათ, რომ აქამდე სტუდენტები ისვენებდნენ და ამიტომ მათთან შეხვედრა ვერ მოვახერხე, თუმცა აუციებლად შევხვდები, მოვისმენ მათ მოსაზრებებს და პროექტს დავასრულებთ. უნდა ვიმსჯელოთ რა ფორმით გვქონდეს კომუნიკაცია იმისთვის, რომ შედეგი მიიღოს რეგიონმა“, – აცხადებდა მაშინ ბესიკ ამირანაშვილი.

მხარის რწმუნებულის ამ განცხადებიდან ხუთი, ექსპედიციის დასრულებიდან კი შვიდი თვე გავიდა, თუმცა, რა ბედია ეწია სამხარაძის წამოწყებულ ექსპედიციას ამ დრომდე უცნობია. სამხარეო ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაცია წერილობით ჯერ კიდევ 2018 წლის 20 ნოემბერს გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ადმინისტრაციაში ამ საკითხზე, რედაქციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომენტარიც არ გააკეთეს.

‘დაუსრულებელი’ ექსპედიცია

სტუდენტები ამბობენ, რომ ღონისძიებების დასრულების შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციაში აღარ შეკრებილან და არც იმ საკითხებზე უმსჯელიათ, რომლებიც ექსპედიციის დროს ჩაინიშნეს.

„მოვინიშნეთ რომელ მუნიციპალიტეტში რა იყო მოსაგვარებელი, პრობლემები ჩამოვწერეთ და გუბერნატორთან მივიტანეთ. მას შემდეგ შეხვედრა არ გვქონია“, – ამბობს სტუნდენტი ანა არუთუნიანი, რომელმაც ექსპედიციის ფარგლებში სამი მუნიციპალიტეტი მოიარა.

შედგა თუ არა საბოლოო დოკუმენტი, სადაც სტუდენტების ინიციატივებისა და წინადადებების ანალიზის შედეგად რაიმე გეგმები დაისახა, ამის შესახებ ინფორმაცია არც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს აქვთ.

„მე მხოლოდ სტუდენტების და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მასპინძლობა მევალებოდა. ორდღიანი ექსპეტიცია იყო, ჩვენთან არფერი არ შემოუტანიათ, სხვას ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.

„როგორც მახსოვს, სტუდენტებს უნდა დაეწერათ თავიანთი შეხედებულებები და იდეები. სამხარეო ადმინისტრაცია და მაშინდელი გუბერნატორი იყო ამის ინიცატორი, იქ უნდა შეკრებილიყვნენ, სხვა არაფერი ვიცი“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე.

ექსპედიციის მოწყობა 15 000 ლარზე მეტი დაჯდა. ამ თანხაში შედის თვითმმართველობების მიერ კვებისთვის გახარჯული თანხა: ახალციხე – 2 889 ლარი, ნინოწმინდა– 1 000 ლარი, ასპინძა– 2 570, ადიგენი – 6 240 ლარი, ახალქალაქი – 1 000 ლარი. რაც შეეხება ბორჯომს მათ მიერ გაწერილი თანხის ოდენობა უცნობია, უწყებამ საჯარო ინფრომაცია არ მოგვაწოდა.

სამხარეო ადმინისტრაციის თანმშრომლების გადაადგილებისთვის გუბერნიამ ბიუჯეტიდან ბენზინის საყიდლად 800 ლარი გამოიყო, სტუდენტების ტრანსპორტირებისთვის კი 860 ლარი არასამთავრობო ორგანიზაცია „world vison–მა“ გადარიცხა.

‘დაუსრულებელი’ ექსპედიცია

მარშრუტი მხოლოდ ქრისტიანული ძეგლების გავლით


ექსპედიციის წევრებმა მუნიციპალიტეტების კულტურის და ინფრასტრუქტურის სამსახურების, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ შედგენილი მარშრუტით იხელმძღვანელეს. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად მათ 25–ზე მეტი სალოცავი დაათვალიერეს, აქედან ყველა მართლმადიდებლური ეკლესია–მონასტრები იყო, გარდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ნანახი სომხური სამოქციქულო ეკლესიებისა.

სამხარეო ადმინისტრაციაშიც და თვითმმართველობებიც ირწმუნებიან, რომ ისტორიული ძეგლები არა რელიგიური, არამედ ტურისტული კუთხით შეირჩა. მარშრუტში მოხვდა ის ლოკაციები, რომლებსაც ბევრი ტურისტი სტუმრობს.

„კულტურული ობიექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, საბანაკე ადგილები და დასასუფთავებელი ლოკაციები შეირჩა იმის მიხედვით, სადაც ტურისტების აქტიური ნაკადია და არა იმისთვის, რომ რომელიმე კონფესიის სალოცავები გვენახა. ჩვენი ძირითადი ინტერესი იყო გვენახა რა არის და რითი შეიძლება განვავითაროთ“, – გვითხრა ექსპედიციის დასრულების შემდეგ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მიადგილემ გიორგი მიქელაძემ.

მხარის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე, რომელიც ამ ექსპედიციის ინიციატორი იყო, ამბობს, რომ არ ახსოვს იმ ლოკაციების ჩამონათვალი, სადაც სტუდენტები ჰყავდათ: „ჩვენ კათოლიკურშიც ვიყავით და მულიმურშიც. შეიძლება ფოტოკოლაჟში [სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე] ვერ მოხვდა, მაგრამ იყო ჩასმული. ეს ძირითადად ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენ ადგილზე გვენახა გარკვეული პრობლემები".

ადიგენში, იქ სადაც ძალიან ბევრია სხვა რელიგიური კონფესიის სალოცავებიცაა, ექსპედიციის მონაწილეებს აბასთუმანის ისტორიული სახლები, ობსერვატორია, თრიალას ტბა, ზანავის და ოქროს ციხეები, ასევე, ზარზმის და ჭულეს მონასტრები დაათვალიერეს.

„რატომ აკეთებთ აქცენტს ტაძრებზე?! ტაძარია ოქროს ციხე, აბასთუმნის რეაბილიტაცია ან თრიალას ტბა?! ზარზმა და ჭულე არ იყო თვითმიზანი, უბრალოდ ბუნებაში საჭმელი მიირთვეს და დამთავრდა ამით ყველაფერი. მე თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელი ვარ რატომ წავალ სხვაგან მოსალოცად?! მუსლიმი რატომ წავა ჭულეში სანახავად?! როგორც ვიცი ეს ბავშვები ქრისტიანები იყვნენ და რატომ უნდა ენახათ თუ არ აინტერესებდათ?! არც სტუდენტებს არ უთქვამთ გვაჩვენეთო, თორემ აუცილებლად ვაჩვენებდით“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე.

ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში ის ისტორიული ძეგლები შეირჩა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება და ქალაქიდან შორსაა. რაც შეეხება ქალაქში არსებულ ეკლესია მონასტრებს და ისტორიულ ძეგლებს, სტუდენტებს მათი ნახვა დამოუკიდებლადაც შეუძლიათ: „მაინცდამაინც ეკლესიების სანახავად არ ვყოფილვართ, ჩვენ გზა დავათვალიერეთ. საფარაში რომ ვიყავით იქ საფარის პროექტი გაკეთდა. რაც შეეხება აგარების მონასტერს, აქ გზის მშენებლობა უნდა დაიწყოს და ტურიზმის განვითარების ადგილად მოიაზრება“.

„თუ ინფრასტრუტურას აკავშირებდნენ ძეგლებთან და გაკეთებულსაც უჩვენებდნენ გასაკეთებელთან ერთად, ახალციხის კათოლიკურ ეკლესიასთან და სინაგოგასთან, ასევე, ადიგენში მოხეს მეჩეთთან ასფალტი დაიგო და თავისუფლად შეიძლებოდა ამის მიბმა ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან. ძალიან ბევრი ტურისტი მიდის რაბათის კათოლიკურ ეკლესიაში, სინაგოგაზე რომ აღაფერი ვთქვათ. მე მათ ადგილზე სხვა კომფესიების სალოცავებსაც აუცილებლად შევიტანდი გეგმაში“, – გვითხრა ასოციაცია „ტოლერნატის“ ხელმძღვანლემა და ისტორიკოსმა ცირა მესხიშვილმა.

სტუდენტები კი რომლებიც ექსპედიციაში იყვნენ, ამბობენ რომ ამ საკითხისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.

„სიმართლე გითხრათ არ გამიმახვილებია ყურადღება ქრისტიანული იყო თუ მუსლიმური“, – ამბობს სტუდენტი მადონა ხანიანცი, რომელიც ექსპედიციას ახალციხეშიც ახლდა, ადიგენშიც და ასპინძაშიც.

„რაც ვნახე კმაყოფილი ვარ“, – გვითხრა სტუდენტმა საბა ჩინჩალაძემ.

‘დაუსრულებელი’ ექსპედიცია

რა დაათვალიერეს სტუდენტებმა


ახალქალაქი: ახალქალაქის ციხე, კუმურდოს ტაძარი, ახალქალაქის ეკლესიები, ბარალეთის ეკლესია (შეხვედრა ბარალეთის მოსახლეობასთან),იხტილას ეკლესია, სამსარის სამონასტრო კომპლექსი,არაგვას ეკლესია, არაგვა-გომანის გზის რეაბილიტაციის მონახულება, კარწახის საბაჟო, ახალქალაქის მერია, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი,უნივერსიტეტი, ჟვანიას სკოლა, კულტურის სახლი.

ნინოწმინდა: საღამოს ტბა, საღამოს დედათა მონასტერი, ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის, განძის ორი ქართული ეკლესია და სომხური ეკლესიია, ფოკის დედათა და მამათა მონასტრები, ნინოწმინდის სკვერი–შეხვედრა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, საკრებულოს დეპუტატებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ხანჩალის ტბა.

ბორჯომი: ზორეთის საკალმახე მეურნეობა, ქვაბისხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, მწვანე მონასტერი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ცენტრალური პარკი, სადგერის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი. ტიმოთესუბნის მამათა მონასტერი, დაბა წაღვერი.

ახალციხე: საფარის მონასტრი, ოხერასა და მაჭიხეთის ეკლესიები, მუსხის სკოლა მუზეუმი, აგარის მონასტერი, სოფელ ხეოთის წმინდა ბარბარეს ეკლესია, სოფელ წინუბანში ბიეთის მონასტერი, აწყურის ციხე და მონასტერი, ურავლის ხეობა, მუსხის სკოლა–მუზეუმი, კარტოფილი ფრის საწარმო „ფრეკო“,მუსხის ამბულატორია და ბიბლიოთეკა. ურავლის სტადიონზე, კი სოფლისა და ექსბედიციის გუნდებს შორის ჩატარდა ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. სოფელ მუსხში, ურაველში და აწყურში ექსპედიციის წევრებისათვის პატარებმა ღონისძიებები მოაწყეს. ექსპედიცია ახალციხის ხელოვნურ ტბაზე დასრულდა.

ასპინძა: ასპინძის ციხე, აგარის მონასტერი, საროს ტაძარი, ვენახები, ვარძია, ვანის ქვაბები, ვარძიის დედათა მონასტერი, სოფელ ოთაში მიმდინარე ინფრასტრუქტურა, ასპინძის მოსახლეობასთან და საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრა , სტუდენტების ღონისძიება კულტურის სახლთან.

ადიგენი: ზანავის ციხე, ჭულეს მონასტრი, ზარზმის მონსტრი, თრიალას ტბები, ოქროს ციხე, და აბასთუმნის ობსერვატორია, ადიგენში შეხვედრა მოსახლეობასთან, ამხანაგური მატჩი ფეხბურთში.

[თინათინ ზაზაძე, ახალიცხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად ადიგენში ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ექსპედიციას მოაწყობენ
გუბერნატორმა სტუდენტებთან ერთად  ბორჯომში ექსპედიცია მოაწყო
სტუდენტებისა და გუბერნატორის ორდღიანი ექსპედიცია  საზეიმოდ დაიხურა
რეგიონის პირველი პირები სტუდენტებთან ერთად სამომავლო პროექტებს დაგეგმავენ
ახალქალაქში სტუდენტების ექსპედიცია გუბერნატორის გარეშე დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი და სტუდენტები ასპინძას სტუმრობენ