სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ახალი წლის ღონისძიებებისთვის ტენდერი მხოლოდ სამმა, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მერიებმა გამოაცხადეს, ნინოწმინდამ, ახალქალაქმა და ასპინძამ პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულება სხვადასხვა კომპანიასა თუ ფიზიკურ პირთან გააფორმა.
ახალციხეში მერიამ ტენდერი სამ ეტაპად გამოაცხადა. საახალწლო ღონისძიების ორგანიზების უზრუნველყოფაზე გამოცხადებული ტენდერი 19 057 ლარით შპს „ახალციხის კეთილმოწყობამ“ მოიგო. საახალწლო განათებებისა და აქსესუარების შეძენაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „დანდიმ“ 16 413 ლარით გაიმარჯვა, ხოლო საახალწლო ტკბილეულის შეძენაზე კი შპს „მშენსერვის 2012“–მა 10 188 ლარით.
საახალწლო ღონისძიებების უზრუნვეყოფაზე გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულმა სხვადასხვა ფიგურებით უნდა მორთოს ახალციხის 13 სკვერი, ასევე ქალაქი ვალე და სოფლები.
28–31 დეკემბერს თოვლის პაპასა და სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული ექვსი მსახიობი ახალციხის სოფლებს შემოივლიან, ადგილობრივებს ახალ წელს მიულოცავენ და პატარებს ტკბილეულს დაურიგებენ.
31 დეკემბერს 16:00–საათიდან 19:00–საათამდე ქალაქის ცენტრში კონცერტი გაიმართება, სადაც ბენდი და ასევე, სოლო მომღერლები იმღერებენ. ტენდერში გამარჯვებულმა მათთვის გახმოვანების აპარატურა უნდა იქირაოს.
2018 წლის საახალწლო ღონისძიებებისათვის ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 45 000–მდე ლარი იხარჯება.
ახალქალაქში საახალწლო ღონისძიებები 26 დეკემბრიდან იწყება. 26 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ ბაღში, 15:00 საათზე დისკოთეკა მოეწყობა. 28 დეკემბერს, 15:00 საათზე „მომავლის სახლში“ საახალწლო წარმოადგენა გაიმართება. 29 დეკემბერს ე.წ სამხედრო დასახლებაში მდებარე ნაძვისხესთან მუსიკალური წარმოდგენა იქნება.
31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრში მდებარე მთავარ ნაძვისხესთან კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება და ორი საათის განმავლობაში სხვადასხვა ნომერს როგორც ქართული, ისე სომხური მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული გუნდები წარმოადგენენ. კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება.
ახალქალაქის მერია ახალი წლისთვის სულ 19 500 ლარს ხარჯავს.
ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიება მხოლოდ 31 დეკემბერს გაიმართება. ქალაქის ცენტრში დილიდან საღამომდე სხვადასხვა გუნდებისა და შემსრულებლების გამოსვლებია დაგეგმილი.
„სამუსიკო სკოლის მოსწავლეები შეასრულებენ ნომრებს, ასევე, იცეკვებს „ფარვანა“,–გვითრეს ნინოწმინდის მერიაში.
კონცერტის შემდეგ, ნინოწმინდის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ნაძვისხესთან შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ და ახალ წელს მიულოცავენ. დარიგდება ტკბილეულიც. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.
ნინოწმინდის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ ყველაფრისთვის 9 000 ლარს დახარჯავს.
საახალწლო ღონისძიებები
ასპინძაშიც მხოლოდ 31 დეკემბერს გაიმართება. კონცერტი აქ 15:00 საათზე დაიწყება. ცეკვებსა და სიმღერებს ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, ასევე, ინდივიდუალური შემსრულებლები წარმოადგენენ.
მერიამ პირდაპირი შესყიდვის დოკუმენტი შპს „დანდისთან“ გააფორმა, რომელმაც ქალაქში განათებები დაამონტაჟა.
„მანათობლებში 4 483 ლარი გადავიხადეთ, ასევე გევყოლება სანტა კლაუსი რომელსაც ხელშ უჭურავს საქსოფონი, უკრავს და ცეკვავს. ამაში 1 113 ლარი დაიხარჯა, სამკუთხა პარკი დეკორაციებით გავაფორმეთ და ასევე ვიყიდეთ ფოიერვერკი“,–გვითხრა ასპიძნის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა გოდერძი ლაზარაშვილმა.
ასპინძის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის 13 000 ლარამდე დახარჯა.
ბორჯომის მერიას ქალაქში საახალწლო მოწყობილობებისა და ღონისძიებების გამართვა 100 083 ლარი უჯდება. თვითმმართველობამ ტენდერი ორ ეტაპად გამაოცხადა. პირველ ეტაპზე შპს „დანდმა“ 83 303 ლარით მოიგო, ამ თანხაში შედიოდა ნაძვის ხის შესყიდვაც, მეორე ეტაპზე კი შპს „ჯეო სტრიმმა“ 16 780 ლარით ქალაქში მანათობლები მოაწყო.
რაც შეეხება
ადიგენს, აქ მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა. ერთი ქუჩების საახალწლო აქსესუარებით მორთვასა და სცენის მონტაჟზე, რომელშიც 1 778 ლარით შპს „ საერთაშორისო ბიზნეს აკადემიამ“ გაიმარჯვა, და მეორე ნაძვის ხის შესყიდვაზე, თუმცა აღნიშნული ტენდერი ჩაიშალა.
აქ საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას ადგილბორივი ანსამბლები მიიღებენ.
საახალწლოდ ადიგენში მოირთო მერიის შენობის წინ მდებარე სკვერი, ასევე, დაიდგა ანგელოზები და ირმები. მანათობელი მოწობილობებში მერიამ 3500 ლარი დახარჯა.
ჯამში ადიგენის მერიამ საახალწლოდ ყველაზე ცოტა, 5 278 ლარი დახარჯა.
[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]