FM97.5 / LIVE

პოლიციელების პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ ნათესაური კონფლიქტის შედეგი?

მთავარისამართალი 22.07.2013
ყოფილი პატიმარი ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ადანაშაულებს, რომ მას აიძულებდნენ ნათესავისთვის იარაღი ჩაედო. პოლიციელების ჩაშლილი გეგმა, რომელიც მათ საპირისპიროდ შემობრუნდა თუ ორი ოჯახის 20-წლიანი დავის შედეგი; რატომ ჩაუდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში მცხოვრებ ოთარ ბერიძეს იარაღი;

პოლიციელების პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ ნათესაური კონფლიქტის შედეგი?
„პოლიციამ იარაღის ჩადება მაიძულა“

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოში მცხოვრები 21 წლის რომან იაკობაძე აცხადებს, რომ ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები მას ნათესავისათვის იარაღის ჩადებას აიძულებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილითა და „8 წლის გაცოცხლებით” ემუქრებოდნენ. იაკობაძე ქურდობისთვისაა ნასამართლევი. მან ციხე გასულ წელს დატოვა და ახლა 8-წლიანი პირობითი მსჯავრი აქვს.
იმის შესახებ, თუ როგორ ძალადობდნენ მასზე ადიგენის პოლიციის გამომძიებელი ლევან აბულაძე და უბნის რწმუნებული შმაგი იაკობაძე, იგი პირველად გაზეთ „ბათუმელებს“ მოუყვა. ზეწოლის პროცესში მოგვიანებით კიდევ ერთი პირი, ვინმე აკაკი ჩაერთო, რომელიც რომან იაკობაძეს განყოფილების უფროსის მოადგილედ გაეცნო.

მათი დავალებით, იაკობაძეს გაუფორმებელი თოფი უნდა გამოერთმია მისი ნათესავის მურად ჭელიძისთვის, კონდახი გადაეჭრა და ასევე ნათესავის, ოთარ ბერიძის საბძელში, თივაში დაემარხა. შემდეგ კი სმს-ი მიეწერა პოლიციელებისთვის, რომ ბერიძეს საბძელში გადაჭრილი აბრეზი ჰქონდა.

როგორც იაკობაძე გვიყვება, მან ბერიძეს იარაღი 30 ივნისს, ღამით ჩაუდო. იარაღის უკანონო შენახვისთვის ბერიძე მეორე დღეს დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი პოლიციელებმა იაკობაძე დაიბარეს და უთხრეს, რომ იარაღის ჩადება უნდა ეღიარებინა, შემდეგ დააკავებდნენ და 8 დღეში ისევ გამოუშვებდნენ. მაგრამ თუ მათ ჩაუშვებდა, ვერაფერს დაუმტკიცებდა, რადგან იარაღზე მისი თითის ანაბეჭდები იყო.

„პოლიციამ იარაღის ჩადება მაიძულა. თუ ყველაფერს მათი დავალების მიხედვით არ შევასრულებდი, სიკვდილით მემუქრებოდნენ“, - გვითხრა იაკობაძემ.

მეორე დღეს იგი პოლიციაში მივიდა, „დანაშაული აღიარა“ და ყველა დოკუმენტს ხელი მოაწერა. მან პოლიციის შენობა იმ პირობით დატოვა, რომ მეორე დღეს მივიდოდა და დააკავებდნენ. შინ დაბრუნებულს კი მთელი სოფელი შეკრებილი დახვდა. როგორც რომან იაკობაძე ამბობს, ყველას აინტერესებდა თუ რა დაუშავა მას ოთარ ბერიძემ ისეთი, რომ იარაღი ჩაუდო.

შემობრუნებული საქმე

თანასოფლელების რჩევით იმ ღამეს იაკობაძე ბათუმში, ფეხით, ტყე-ტყე წავიდა, რადგან რეგიონში დახმარების იმედი არ ჰქონდა. ბათუმში ჩასულმა აჭარის პროკურატურასა და სახალხო დამცველს, იმის შესახებ თუ როგორ ძალადობდნენ მასზე პოლიციის თანამშრომლები, წერილობით შეატყობინა. თუმცა, მანამდე სანამ მომხდარით პროკურატურა დაინტერესდებოდა, 12 ივლისს, ღამით, იგი ადიგენის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებმა დააკავეს.

საქმეში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ჩარევის შემდეგ, იაკობაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. იგი 24 საათში გაათავისუფლეს. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში მომხდარზე გამოძიება ახლა უკვე ადიგენის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლების მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაიწყო.

პოლიციელებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

დერცელსა და კიკიბოში ადგილობრივები რომან იაკობაძის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან. აქ არც იმაში ეპარებათ ეჭვი, რომ ოთარ ბერიძეზე პოლიციას შურისძიება უნდოდა.

პოლიციელების პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ ნათესაური კონფლიქტის შედეგი?„ოთარ ბერიძე „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო. ის ერთადერთი კაცი იყო მთელ სოფელში, რომელიც ამას ხმამაღლა აცხადებდა. დანარჩენი აქ ყველა „ნაციონალი“ გახლდათ. ამიტომ მას დევნიდა არამარტო მთავრობა, არამედ სოფელიც, მაგრამ მაინც ეწეოდა თავის საქმიანობას. ამიტომ, ოთარს ცუდი დამოკიდებუილება ჰქონდა პოლიციასთან. მაშინ წინასაარჩევნო პერიოდი იყო, ანგარიში ვერ გაუსწორეს და იარაღის ჩადებით ახლა გადაწყვიტეს შურისძიება“, - აცხადებს ოთარ ბერიძის მეზობელი ზურაბ ვანაძე.

სოფელში ფიქრობენ, რომ ადიგენის სამმართველოში არჩევნების შემდეგ „ნაციონალი“ კადრები რომ შეცვლილიყო, მომხდარს თავიდან აიცილებდნენ. „ნაციონალი“ კადრების დარჩენის გამო სოფელსა და ოთარ ბერიძეზე ანგარიშსწორების სურვილი გამძაფრდა.

„ოთარ ბერიძე რომ აქტივისტი იყო, ამას შედეგიც მოჰყვა, სოფელმა „ოცნებას“ მისცა ხმა“, - ამბობს ვანაძე.

მას ეთანხმება რომან იაკობაძის ბიძაშვილი, კიკიბოში მცხოვრები ნუგზარ იაკობაძე: „მეც მინდოდა „ოცნებაში“ ვყოფილიყავი, მაგრამ შიშის გამო ვერ გავბედე, დამაკავებდნენ ან რაღაცას მიზამდნენ“.

ოთარ ბერიძეზე ანგარიშსწორება რომ პოლიტიკური ნიშნით სურდათ, ამაზე რომან იაკობაძეც საუბრობს: „როცა ვკითხე პოლიციელებს, რატომ მაკეთებინებდნენ ამას, ლევან აბულაძემ მიპასუხა, „ოცნების“ აქტივისტი იყო და ამიტომ გვინდა გავუსწორდეთო. ყველა ღონე იხმარეს, რომ მისთვის სამაგიერო გადაეხადათ“.

„შესაძლოა, პოლიციელებს ზევიდან დაავალეს...“

თავად ბერიძე მომხდარს ვერაფრით ხსნის.

„პოლიციელებს ჩემგან რა უნდოდათ, წარმოდგენა არ მაქვს. რომანს ვინც ძალას ატანდა, რომ ჩემთვის იარაღი ჩაედო, მაგ ორ პიროვნებას არ ვიცნობ, - აცხადებს ბერიძე და ამატებს - „ოცნება“ რომ დაარსდა, ვერავინ ბედავდა ადიგენის რაიონში ჩემს გარდა „ოცნებაზე“ ლაპარაკს, მაგრამ ამ ორ პიროვნებასთან კამათი არასდროს მომსვლია“.

მიუხედავად ამისა, მას ეჭვი ბევრი რამის გამო უჩნდება: „მომხდარს ყველაფერს ვუკავშირებ - თუ არასწორად შევხებივარ პოლიციას, ან წინა მთავრობას... შეიძლება პოლიციელებს ზევიდანაც დაავალეს“.

მისი თქმით, როგორც პოლიციელებმა მასთან საუბარში განაცხადეს, იარაღი რომანს საბძელში მათი დავალებით არ ჩაუდია: „მითხრეს შენი სიმართლე ბოლომდე ეძიეო. მეც მხოლოდ სიმართლის დადგენა მინდა. მინდა ვიცოდე ასე ვინ ან რატომ მოიქცა“.

ბერიძეებსა და იაკობაძეებს შორის არსებული 20-წლიანი უთანხმოება

ადიგენის რაიონულ სამმართველოში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გახდა ცნობილი, საქმეში ერთ-ერთი მთავარი გარემოება ბერიძეებსა და იაკობაძეებს შორის 20-წლიანი კონფლიქტია.

ოთარ ბერიძის ძმას ცოლად რომან იაკობაძის მამიდა ჰყავდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ შეეწყო და დაშორდა. ორ ოჯახს შორის ურთიერთობა სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა. თუმცა, მომხდართან რომ ამ საკითხს რაიმე კავშირი ჰქონდეს, ოთარ ბერიძეც და რომან იაკობაძეც გამორიცხავენ.

„მე და ოთარი, როგორც ძმები, ისე ვიყავით ერთმანეთში“, - ამბობს იაკობაძე.

„ხმას არ ვცემდით და შეხების წერტილი არ გვქონია ერთმანეთთან. რაიმე ცუდის გაკეთება რომ სდომებოდათ, 20 წლის განმავლობაში, აქამდეც გამიკეთებდნენ“, - აცხადებს ბერიძე.

ამ დავის შესახებ არც კიკიბოსა და დერცელში საუბრობენ.

„მიზეზი ვერ ვნახეთ, რის გამო შეიძლება მოსვლოდათ კონფლიქტი ოთარსა და რომანს, რომ შემდგომ ოთარისთვის იარაღის ჩადება გადაეწყვიტა. არანაირი კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ, თანატოლები არ იყვნენ, რომ პურისჭამაში ან რაიმე ეგეთ სიტუაციაში წაჩხუბებოდნენ ერთმანეთს, - ამბობს იაკობაძის ბიძაშვილი ნუგზარ იაკობაძე და ამატებს, რომ სწორედ ამიტომ აიძულეს რომანი სიმართლე მთელი სოფლისთვის საჯაროდ ეთქვა, - რომ არ ეღიარებინა, შეიძლება აქ არც მე და არც სხვა არ ყოფილიყო ცოცხალი, დავერეოდით ერთმანეთს და რა იქნებოდა ღმერთმა იცის“.

ორ ოჯახს შორის არსებული 20-წლიანი დავის შესახებ იაკობაძის ადვოკატმა რევაზ რევაზიშვილმა ჩვენგან შეიტყო: „ასეც რომ იყოს, ეს არ შეიძლება იარაღის ჩადების საფუძველი გამხდარიყო“.

ადვოკატის ვარაუდი

კითხვაზე, თუ რა მიზნით შეიძლება პოლიციელებს ის გაეკეთებინათ, რაშიც მათ იაკობაძე ადანაშუალებს, ადვოკატი გვპასუხობს, რომ ამას გამოძიება დაადგენს: „ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ქვეყნის მასშტაბით ძალიან გახშირდა შემთხვევები, როდესაც პოლიციის თანამშრომლები იმის გამო, რომ სტატისტიკა გაიუმჯობესონ და ვიღაც პიროვნებები დააჯარიმონ, ცდილობენ ასეთი მოქმედებები წაახალისონ“.

მისი განცხადებით, საქმეში ერთ-ერთი მთავარი გარემოება ისიც არის, რომ პოლიციამ სოფელში უკანონო იარაღის არსებობის შესახებ იცოდა, მაგრამ მის ამოღებას არ ახდენდა: „რომან იაკობაძემ დაკითხვის დროს პოლიციას მიაწოდა არაერთი ფაქტობრივი გარემოება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის შესახებ ინფორმაციას ჯერ ვერ მოგაწვდით, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ იმის დადგენა, პოლიციის თნაამშრომლებს აქ რაიმე დანაშაული ჰქონდათ თუ არა, იოლი გადასამოწმებელია“.

რატომ არ ენდობიან რეგიონში სამართალდამცავებს

პოლიციელების პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ ნათესაური კონფლიქტის შედეგი?მომხდარის შემდეგ დერცელსა და კიკიბოში შიში გაჩნდა. ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული შემდეგი მსხვერპლი სხვა აღმოჩნდეს. სწორედ ადიგენის პოლიციის თანამშრომლების ქმედებიდან გამომდინარე, სოფელმა რეგიონში არსებული სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობა დაკარგა. ამიტომ ურჩიეს იაკობაძესაც დახმარება აჭარის და არა საკუთარი რეგიონის სამართალდამცავებისთვის ეთხოვა.

„ვეღარ ვენდეთ აქაურ პოლიციას, ორი შვილი მყავს და ბაღანა რატომ ტირის სახლში ვიცით ყველამ. ამიტომ არ გვგონია, რომ მხოლოდ რაიონულის კი არა, რეგიონული პოლიციის უფროსსაც კი ეს ამბავი არ სცოდნოდა. სწორედ ამიტომ ვეძებთ სიმართლეს აჭარაში და არა აქ“, - ამბობს იაკობაძის ბიძაშვილი ნუგზარ იაკობაძე.

სწორედ აღნიშნულის გამო, რომან იაკობაძემ სამცხე-ჯავახეთის მთავარ პროკურატურას საქმის გამოძიებაზე აცილება მისცა. თუ მთავარი პროკურატურა ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ საქმის ძიება სწორედ მთავარ პროკურატურაში გაგრძელდება.

გამოძიების დასრულებამდე

მანამდე კი, სანამ გამოძიება დასრულდება, დერცელსა და კიკიბოში სასამართლოს დანიშვნის დღეს ელოდებიან.

„სასამართლო რომ შედგება და გავიგებთ, ქუდზე კაცი ჩავალთ, რომ პროცესებს დავესწროთ. თუ საჭირო გახდება, შეიძლება ჩხუბზეც გადავიდეთ და დარტყმაზეც. ყველაფერზე წამსვლელი ვართ“, - აცხადებს დერცელში მცხოვრები კოტე ბერიძე.

ამ დრომდე კი სამუშაო ადგილებს ინარჩუნებენ ის პოლიციელები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. ეს კი ადვოკატს, რევაზ რევაზიშვილს არასწორად მიაჩნია: „მათ უფლებამოსილება დროებით, საქმის გარკვევამდე მაინც უნდა ჰქონდეთ შეჩერებული“.

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი გიორგი პაპუაშვილი ადვოკატს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს ჯერ დაუშვებლად მიაჩნია: „ვერ ვიტყვით ვერცერთ პირზე, რომ მან ჩაიდინა დანაშუალი, სანამ მის მიმართ არ დადგება განაჩენი და არ დასდებს მას სასამართლო ბრალს. ასევე, მათი გადაყენება ვერ მოხდება მანამდე, სანამ არ იარსებებს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მისცემს საშუალებას გამოძიებას და პროკურატურას, რომ განახორციელონ პირის სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც გამოიხატება მისთვის ბრალდების წარდგენაში. სხვაგვარად მათი გათავისუფლება მათი უფლებების დარღვევა იქნება“.

იაკობიძის ბებია და ბაბუა

დარჩენილი კითხვები

მანამდე კი, სანამ გამოძიება დასრულდება, მრავალი კითხვა ჩნდება: თუ პოლიციას ოთარ ბერიძეზე ანგარიშსწორება ჰქონდა განზრახული, საინტერესოა, სცენარი, რომლის ავტორებიც თავად გახლდნენ, თავიანთთვის სასურველი ფინალით რატომ არ დაასრულეს; თუ იაკობაძესაც და ბერიძესაც დადგმული დანაშაულით იჭერდნენ, მაშინ რატომ შემოუბრუნდნენ რომანს, როცა უკვე იარაღი სწორედ იმ ადამიანის საბძელში „აღმოაჩინეს“, ვისთვისაც საერთოდ ეს სცენარი შეადგინეს.

ამ კითხვებზე იაკობაძე და ადგილობრივებიც გვპასუხობენ, რომ მოვლენები ისე ვერ განვითარდა, როგორც გეგმავდნენ. როგორ განვითარდება მოვლენები საქმის ამგვარად შემობრუნების შემდეგ, ამას მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გავარკვევთ.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]

ამავე თემაზე იხილეთ სპეციალური რეპორტაჟი.

sknews.ge: სტატიის სრული ვერსიის წაღება სხვა ვებ-გვერდზე აკრძალულია. სტატიის ამონარიდის წაღებისას გთხოვთ, მიუთითეთ მასალის ლინკი სრული ვერსიის სანახავად!


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რევაზ რევაზიშვილი: ადიგენის პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილება შეწყვეტილი უნდა ჰქონდეთ
ფსიქიურად დაავადებულზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურამ ძიება დაიწყო
სოციალურად შეჭირვებულ იაკობაძეებს ბინა აღსრულების ბიურომ გაუყიდა
20-წლიანი პატიმრობა – განაჩენი ორი ადამიანის მოკვლისთვის
დერცელსა და კიკიბოში გზის გადაკეტვით იმუქრებიან
სასამართლო გადაწყვეტს გამოასახლებენ თუ არა იძულებით იაკობაძეებს
ადვოკატი: წამლის, იარაღის ჩადება გამიგია, ხბოს ჩადება არა