FM97.5 / LIVE

ადვოკატი: წამლის, იარაღის ჩადება გამიგია, ხბოს ჩადება არა

მთავარისამართალი 18.03.2014
ხბოს ქურდობისთვის ბრალდებულები ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ მანქანაში ხბო ჩაუდეს.

ადვოკატი: წამლის, იარაღის ჩადება გამიგია, ხბოს ჩადება არა
ხბოს ქურდობაში ბრალდებული 4 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე, 18 მარტს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 2 საათზე მეტხანს იმსჯელეს. ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოთხივე მათგანი: თბილისში მცხოვრები შ.ბ., რომელიც წარმოშობით ადიგენიდანაა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მკვიდრები ძმები: ა.ა. და კ.ა. , ასევე, თბილისში მცხოვრები მ.მ. 16 მარტს დააკავეს. მათ ბრალი სსკ-ის 177-ე მუხლით ედებათ, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მძიმე კატეგორიათა დანაშაულს მიეკუთვნება.

პროკურორის კახაბერ ლეკიშვილის განცხადებით, ბრალდებულებმა ქურდობა თბილისში დაგეგმეს და მის განსახორციელებლად ადიგენში 15 მარტს წამოვიდნენ. 16 მარტს, ღამის საათებში, სოფელ ადიგენში ბადრი კირთაძის საქონლის სადგომში შეაღწიეს და იქიდან 200 ლარის ღირებულების ხბო გამოიყვანეს. აქედან ოთხივე ერთად წავიდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, აქ ა.ა. მანქანით დატოვეს, დანარჩენები კი სოფელ არალში ფეხით გაემგზავრნენ და შეთანხმდნენ, რომ პირუტყვს როცა მოიპარავდნენ, ერთმანეთს მაშინ შეხვდებოდნენ.

პროკურორის თქმით, ბრალდებულებმა შუშანა იაკობიძე-ბალახაშვილის საქონლის სადგომიდან 600 ლარის ღირებულების მოზვერი გამოიყვანეს, შეთანხმებისამებრ, ა.ა-ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდნენ, მოპარული მოზვერი საბარგულში ჩადეს და წამოვიდნენ. დანაშაული ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ფარეხასთან გამოავლინეს.

„ეს მძიმე ჯგუფური დანაშაულია, ამიტომ, ვაყენებ შუამდგომლობას დაპატიმრების თაობაზე“, - მიმართა პროკურორმა მოსამართლეს.

წარმოდგენილი შუამდგომლობა ლეკიშვილმა იმით გაამყარა, რომ მათი თავისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა დანაშაული განმეორდეს. როგორც ბრალდებულებმა მიცემულ ჩვენებებში განაცხადეს, მათ საქონელი უდედან და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურიდან თებერვალშიც მოიპარეს. ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2 სული პირუტყვი გასულ თვეში დეიდას მოპარა.

შსს-ს მტკიცებით, ბრალდებულებს ჯამში მოპარული 6 სული პირუტყვი ჰყავთ.

ბრალს ნაწილობრივ 4-ვე დაკავებული აღიარებს. ისინი გამოძიებასთან მიცემულ ჩვენებებში თებერვალში ჩადენილ დანაშაულზე საუბრობენ. ასევე აღიარებენ იმასაც, რომ იმ დღეს, როცა დააკავეს, ერთი ხბო ნამდვილად მოიპარეს, თუმცა, ამბობენ, რომ მეორე ხბო მანქანაში პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს.

„რომ დაგვაკავეს, ჩვენზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. თავი მაქვს დაჟეჟილი, ნეკნი მოტეხილი. მოვითხოვ, ექსპერტიზა ჩამიტარდეს“, - განაცხადა სასამართლო დარბაზში ერთ-ერთმა ბრალდებულმა კ.ა-მ, რომელსაც ადვოკატი არ ჰყავს, - „რაც შეეხება ხბოს, როცა გადმოგვიყვანეს მანქანიდან, კისერზე დაგვადგეს ფეხი, დავინახე ამ დროს როგორ მოგვადგა ლურჯი ფერის ოპელი და იქიდან გადმოიყვანეს ხბო“.

სწორედ ამის თქმა გახდა იმის მიზეზი, ადიგენის რაიონულ სამმართველოში, კ.ა-ს ფიზიკურად რომ გასწორებოდნენ: „როგორც კი ეს ვთქვი, ნაბეღლავის ბოთლით ჩამიჟეჟეს გვერდები. დანაშაულს რაც ჩავიდინე, ვაღიარებ, მაგრამ ჩემი თვალით დავინახე, ხბო როგორ ჩასვეს მანქანაში და ამაზე რა ვაღიარო?!“

კ. ა-ს ეთანხმება ძმა ა.ა. და ამბობს, რომ მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ, თავი არ აუწევია: „მერე ამაყენეს, მიმიყვანეს მანქანასთან და მითხრეს, საბარგულს თავი ახადეო. ავხადე და იქ უკვე 2 ხბო იყო. როცა მანქანიდან გადმომიყვანეს, მაშინვე ეთქვათ საბარგული გახსენიო, ეს მერე რატომ გამაკეთებინეს?!“

ფიზიკური ზეწოლის ფაქტი სასამართლო დარბაზში ყველა ბრალდებულმა დაადასტურა.

„გვერდები მაქვს დაზიანებული, განსაკუთრებით მუხლი მაქვს ნატკენი“, - ამბობს მ.მ.

მათი თქმით, ფიზიკური ზეწოლა დროებითი მოთავსების იზოლატორში აღარ გაგრძელებულა. მოსამართლის მარიკა ჩიტაშვილის კითხვაზე, რატომ არ განაცხადეს აღნიშნულის შესახებ აქამდე, უპასუხეს, რომ დაშინებულები იყვნენ და იმიტომ.

„უფრო მეტიც, წუხელ იზოლატორში გამომძიებელი შემოვიდა და ჩემ დაუკითხავად წერდა, თითქოს მე ვამბობდი, რომ მანქანიდან რომ ჩამოგვსვეს, მანქანა არ მიგვიტოვებია, არადა ასე არ ყოფილა“, - ამბობს ა.ა.

შ.ბ.-ს ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განცხადებით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს იზოლატორში მტკიცებულებათა გაცვლის ოქმზე ხელი ისე მოაწერინეს, რომ მას რეალურად საქმის მასალები არ გადასცემია: „ერთ ტომ საქმეს იზოლატორში ვერ შეჭამდა“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, მაშინ რატომ აწერდა შ.ბ. ხელს მტკიცებულებათა გაცვლის ოქმზე, გვიპასუხა: „არ არის ვალდებული პროცესუალური ნორმები იცოდეს. თან ისეთი ნაცემები და დაშინებულები იყვნენ, მაგას კი არა ლენინის და სტალინის მკვლელობას აიღებდნენ თავზე“.

ასევე „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, რაში შეიძლება დასჭირვებოდათ ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს მეორე ხბოს ჩადება საბარგულში, მაშინ როცა დანაშაული უკვე ჩადენილი იყო და ერთი ხბო უკვე მანქანაში ჰყავდათ, გვპასუხობს: „არ ვიცი რაში დასჭირდათ! წამლის, იარაღის ჩადება გამიგია, ხბოს ჩადება არა“.
ადვოკატებმა შუამდგომლობა 5000 – 5000 ლარის გირაოს შეფარდებაზე დააყენეს. მოსამართლემ კი თითოეულ მათგანს გირაო 15 000 ლარი შეუფარდა მის სრულ გადახდამდე პატიმრობის უზრუნველყოფით. ხოლო გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

ადვოკატების განცხადებით, პროკურატურა ვალდებულია ბრალდებულების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლაზე გამოძიება დაიწყოს და ექსპერტიზა ჩაატაროს. დაიწყებს თუ არა პროკურატურა მომხდარზე ძიებას, ჯერ უცნობია. თუმცა, ბრალდებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაშავებულებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

შსს-ში კი ფიზიკური ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ, ასევე უარყოფენ ხბოს ჩადების ფაქტსაც.

ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 8 მაისს დაინიშნა. გირაოს უზრუნველყოფამდე კი ბრალდებულები პატიმრობაში დარჩნენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაში ადანაშაულებენ პროკურატურას ხბოს ქურდობაში ბრალდებულების ადვოკატები?
საქონლის ქურდობაში ბრალდებულებს  სასამართლომ გირაო შეუფარდა
აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს
ადვოკატი: 'ბრალდებული ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა'
ბრალდებულის პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
‘პირადად შენ მირტყამდი’– სასამართლო დარბაზში  ბრალდებულმა პოლიციელი ცემაში დაადანაშაულა