FM97.5 / LIVE

სოციალურად შეჭირვებულ იაკობაძეებს ბინა აღსრულების ბიურომ გაუყიდა

მთავარისაზოგადოება 24.01.2016
ახალციხეში, სოციალურად შეჭირვებული იაკობაძეების ბინა აუქციონის წესით გაიყიდა; რვა წლის წინ დაწყებული დავა და სასამართლოს ორი განჩინება; ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება.

სოციალურად შეჭირვებულ იაკობაძეებს ბინა აღსრულების ბიურომ გაუყიდა
ახალციხეში ვაჟა–ფშაველას N30-ში მდებარე ბინა, რომლის ფართობიც-143 კვმ–ია, აუქციონის წესით, გაიყიდა. ამის შესახებ ოჯახის დიასახლისს გულთამზე იაკობაძეს სამცხე–ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროდან გუშინ, 22 იანვარს განუცხადეს.

„მითხრეს შენი ბინა 10 ათას ლარად გაიყიდაო“, – ამბობს გულთამზე იაკობაძე.

აუქციონი რომ შედეგიანად დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა, ეს სამცხე–ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში „სამხრეთის კარიბჭესაც“ დაუდასტურეს: „როდესაც ბინის მყიდველი სრულად დაფარავს ქონების საფასურს, ეს სახლი მისი საკუთრება ამის შემდეგ გახდება“.

ამჟამად, გულთამზე იაკობაძე შვილთან ერთად ცხოვრობს. გოგონა მეთორმეტე კლასშია, თუმცა როგორც დედა ამბობს, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო გოგონა სკოლაში ვეღარ დადის: "პერიოდულად სამუშაოდ თურქეთში დავდივართ, ახლა ბავშვიც წაყვანილი მყავდა, 22 დეკემბერს დავბრუნდით. ძალიან გვიჭირს, ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ“.

იაკობაძეები გამოსახლებას ყოველწუთს ელიან.

„ეს სახლი მე და ჩემმთა მეღულემ 2001 წელს ვიყიდეთ. წასასვლელი არსად გვაქვს, ღია ცის ქვეშ დავრჩებით“, – ამბობს გულთამზე.

იაკობაძეების ბინა რომ არ გაყიდულიყო, ამისთვის მათ სასამართლოს მიერ დაკისრებული 8 000 დოლარი და 396 ლარი უნდა გადაეხადათ. თუმცა, სოციალურად შეჭირვებულმა ოჯახმა ამ ვალის დაფარვა ვერ შეძლო. გარდა ამისა, იაკობაძეები ირწმუნებიან, რომ რეალურად აღნიშნული თანხა, მათ სესხად არ აუღიათ. ამის გამო ოჯახი სასამართლოში წლების განმავლოაბში დაობდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

„2008 წელს ჩემ ქმართან მოვიდა ჩემი მამამთილის თანასოფლელი, ის დაპირდა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წაიყვანდა და ასე ძალიან რომ გვიჭირდა, ცოტა ფულს აშოვნინებდა“, – გვიყვება გულთამზე იაკობაძე და ამატებს, რომ მაშინ ამ კაცს მევალეები ეძებდნენ, სწორედ ერთ–ერთი მევალეს თავიდან მოშორების მიზნით, მის ქმარს თემურ იაკობაძეს ბინა ამ მევალის სახელზე გააფორმებინა – „ჩემ ქმარს სამუშაოდ საზღვარგარეთ წაყვანას ამ ბინის თავის მევალის სახელზე გაფორმების სანაცვლოდ დაპირდა“.

მოგვიანებით, საქმე სასამართლომდე მივიდა. თემურ იაკობაძეს ის უჩიოდა, ვის სახელზეც მისი სახლი იყო გაფორმებული. იაკობაძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი იცავდა. იგი გულთამზე იაკობაძისგან განსხვავებით, მომხდარის შესახებ სხვა ვერსიას ყვება.
„მომჩივანი ამბობდა, რომ თემურ იაკობაძეს მისი ვალი ჰქონდა და ამიტომ ეს ბინა უნდა გაყიდულიყო. აღმოჩნდა რომ არსებობდა ნოტარიულად გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იაკობაძეს გარკვეული თანხა ჰქონდა გადასახდელი. სასამართლოში დაიკითხა სანოტარო ბიუროს წარმომადგენელიც“, – გვიყვება ნუგზარ სამარჯიშვილი.

სესხის ხელშეკრულებისა და სანოტარო ბიუროს წარმომადგენლის ჩვენების საფუძველზე სასამართლომ გადაწყვეტილება იაკობაძის სასარგებლოდ ვეღარ გამოიტანა. მას ვალის გადახდა დაეკისრა, რაც შესაბამისად ბინის გაყიდვას გულისხმობდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლოს თემურ იაკობაძის მეუღლემ, გულთამზე იაკობაძემ მიმართა. იგი ქორწინების პერიოდში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობას, ასევე წილის გამოყოფას და კუთვნილ წილზე ყადაღის მოხსნას ითხოვდა.

„სასამართლომ გულთამზე წილის თანამესაკუთრედ ცნო, თუმცა განუცხადა, რომ ვალის აღება თემურთან თანაცხოვრების დროს მოხდა, ამიტომ ყადაღა არ მოუხსნა“, – გვიხსნის გულთამზე იაკობაძის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

ამჟამად გულთამზე და თემურ იაკობაძეები გაყრილები არიან. როგორც აბაშიძე გვიხსნის, თუ გულთამზე მეუღლესთან ხელს გააწერდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის მიკუთვნებული წილი მასვე დარჩებოდა: „ნაკლიან ქონებას კი აუქციონზე ვერ გაიტანდნენ, მაგრამ გულთამზე იაკობაძემ მეუღლესთან განქორწინება არ ისურვა“.

განქორწინებაზე რომ ხელის მოწერას არ აპირებს, ამაზე გულთამზეც საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად იგი მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს, კვლავ ირწმუნება, რომ თემურ იაკობაძე თაღლითობის მსხვერპლი იყო.

მოატყუეს თუ არა მისი მეუღლე, ამის დადგენა სამართლებრივად ვერ მოხერხდა. როგორც ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი აცხადებს, მათ მომხდარის შესახებ პროკურატურასაც მიმართეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, თუმცა თაღლითობის ფაქტზე ძიებაც კი ვერ დაიწყეს, მოწმე არ არსებობდა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ სამართლებრივად ბინის უკან დასაბრუნებლად, ან გამოსახსნელად რეალურად რაიმე შანსი აღარ არსებობს: „მათი ნათესავი თუ გამოისყიდის ბინას, ერთადერთი ეს შეიძლება მოხდეს. სამწუხაროდ, სხვა გზა აღარ არის. პირველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს ძალაში შესული განჩინება გვაქვს, მეორე შემთხვევაში კი საქმეზე უკვე უზენაესმაც იმსჯელა".

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა კავშირი აქვს ყაჩაღობაში ბრალდებულ ქეთევან ხმალაძეს იაკობაძეების გაყიდულ ბინასთან
სასამართლო გადაწყვეტს გამოასახლებენ თუ არა იძულებით იაკობაძეებს
სასამართლოს გადაწყვეტილებით იაკობაძეებს იძულებით გამოასახლებენ
იაკობაძეებს, რომლებსაც ბინა სააღსრულებომ გაუყიდა, სახელმწიფო ვერ დაეხმარება
რა ხდებოდა ქეთევან ხმალაძის სახლში ყაჩაღობამდე – ბრალდებულის წერილი ციხიდან
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენს უზენაესში გაასაჩივრებენ
მომვლელად ჩაწერილი ძმისშვილის ვალების გამო, ცოლ–ქმარი ღია ცის ქვეშ რჩება