FM97.5 / LIVE

20-წლიანი პატიმრობა – განაჩენი ორი ადამიანის მოკვლისთვის

მთავარისამართალი 07.04.2015
ახალქალაქში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გენადი იაკობაძეს, რომლისთვისაც დაზარალებულები სამუდამო პატიმრობას ითხოვდნენ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატი განაჩენს ასაჩივრებს, სასამართლოს კი პროცესუალურ დარღვევებში ადანაშაულებს.

20-წლიანი პატიმრობა – განაჩენი ორი ადამიანის მოკვლისთვის

დღეს, 7 აპრილს, ახალქალაქში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გენადი იაკობაძის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე მხარეებმა საბოლოო სიტყვები წაიკითხეს. თუმცა, მანამდე დაცვის მხარემ სასამართლოში შუამდგომლობები დააყენა: ადვოკატმა რამინ პაპიძემ სასამართლოს წინაშე ჯერ ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ხელახლა დანიშვნისა და პატიმრობის ვადის გაგრძელების, შემდეგ კი მისი დაცის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ იშუამდგომლა. თუმცა, მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ პაპიძეს არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

ამის შემდეგ პროკურორმა ვასილ ოსიძემ საბოლოო სიტყვა წაიკითხა. მან დანაშაულის ჩადენის სხვა გარემოებებთან ერთად, ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ იაკობაძემ ეს განზრახ ჩაიდინა.

„2011 წელს იაკობაძე პასუხისგებაში იყო მიცემული მუქარისთვის, მას უყვარდა გულნაზი ქართველიშვილი, ცოლობა სთხოვა, უარი მიიღო და ამის გამო დაემუქრა: გაგამწარებ, ცოლად თუ არ გამომყვებიო“, – განაცხადა პროკურორმა და დაამატა, რომ რადგან ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადი იყო სასჯელისგან არ უნდა გათავისუფლდეს.

სწორედ ბრალდებულის შეურაცხადობაზე გააკეთა აქცენტი მისმა ადვოკატმა: „როცა გენადს შევხვდი, მითხრა ლალი მაისურაძე იდგა ავტომატით ხელში და იმიტომ ვესროლეო. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ მას ჰქონდა ბოდვა, ასევე პერიოდულად ჩაესმოდა ქალის ხმები, რომელიც დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებდა. ამიტომ იაკობაძე თავის ქმედებას ვერ აცნობიერებდა და იგი უნდა გათავისუფლებულიყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“.

პაპიძის განცხადებითვე, იაკობაძის საქმეზე გამართული ყველა სხდომა პროცესუალური დარღვევით ჩატარდა, რადგან მოსამართლე არცერთ მოწმეს ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ არ აფრთხილებდა. ასევე, მოსამართლე მოწმეებს ჩვენების მიცემამდე ფიცს არ ადებინებდა: „ამ ყველაფრის გარეშე აწერინებდა მოწმეებს ხელს გაფრთხილებაზეც და ჩვენებაზეც. ეს კი პროცესუალური დარღვევა და გამოდის, რომ სასამართლომ წაახალისა მოწმეები სწორი ჩვენება არ მიეცათ“.

კითხვაზე რაში სჭირდებოდა ეს მოსამართლეს, პაპიძემ გვიპასუხა: „შესაძლოა ეს სასამართლოს მხრიდან არაკომპეტენტურობის ბრალი იყო, ან შესაძლოა მიზანმიმართულადაც გაკეთდა“.

სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა, გიორგი ლონდარიძემ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით მიუსაჯა. გენადი იაკობაძე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილით და ასევე, 109–ე მუხლის 1გ, 2ბ და 3 ა ნაწილებით. 236–ე მუხლი თავისუფლების აღკვეთას ოთხი წლის ვადით ითვალისწინებს, თუმცა, დიდი სასჯელი შთანთქვას მიცრეს და ამიტომ მას თავისუფლების აღკვეთა 20 წლით მიესაჯა.

დაცვის მხარე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. პაპიძე ლონდარიძის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს. გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.

„ამას განაჩენის ჩაბარების შემდეგ გადავწყვეტთ“, – ამბობს პროკურორი.

შეგახსენებთ, გოგაშენში მომხდარი მკვლელობაც და ამ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებიც, რეგიონში ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული მოვლენები იყო. შემთხვევას აქციები და სოფელში დაპირისპირებები მოჰყვა, დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესებიც ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენს უზენაესში გაასაჩივრებენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 20–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობში რჩება
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სააპელაციოში გამამართლებელ განაჩენს ითხოვენ
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა სასჯელისგან გათავისუფლდეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა