FM97.5 / LIVE

ბრძოლისა და წარმატების 17 წლიანი ისტორია [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.07.2018
„რაზეც ვიოცნებე ყველაფერი ამისრულდა, ეს ჩემი დაუღალავი შრომის შედეგია და ამით შემიძლია ვიამაყო“, – ასე გიპასუხებთ 37 წლის თინა აკოფიანი, თუკი სთხოვთ, რომ საკუთარი ცხოვრება ერთ წინადადებაში ჩაატიოს.

ბრძოლისა და წარმატების 17 წლიანი ისტორია [Video]

თინას საკუთარი ბიზნესი და საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა ვიდრე აქამდე მოვიდოდა, რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარა. დაიბადა და გაიზარდა ახალციხეში, სომხურ ოჯახში. როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაში იმედგაცრუებაც ბევრი ნახა და წარმატებაც, თუმცა არაფერს ნანაობს და არც არაფრის შეცვლას ისურვებდა.

17 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, ქართული ენა კარგად ესწავლა. ფიქრობდა, რომ სახელმწიფო ენის გარეშე, ვერ შეძლებდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც დღესაა.

„სკოლა ისე დავამთავრე, ქართულად საუბარი მიჭირდა. დედა სომხეთიდანაა და დღემდე არ იცის ქართული. რეპეტიტორთან სიარული დავიწყე.

შემდეგ ახალციხის უნივერსიტეტში თურქულ–ქართული ენა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მეოთხე კურსზე ვიყავი, წირის სკოლაში, ქართული ენის მასწავლებლად რომ დავიწყე მუშაობა“, – იხსენებს თინა.

17 წლის იყო, როდესაც გათხოვდა. ფიქრობს, რომ მის ბევრ მეგობარზე მეტად გაუმართლა - ოჯახმა ხელი შეუწყო და მცირეწლოვანი შვილების ყოლის მიუხედავად, არც სწავლა შეუწყვეტია და არც მუშაობა.

„ჩემს მეუღლესაც უმაღლესი განათლება ჰქონდა, მისი და ჩემი მშობლების სურვილიც იყო, რომ მესწავლა და მემუშავა. ჩემი მეგობრების ნაწილმა ვერ დამთავრა სასწავლებელი, ვინც დაამთავრა საჯარო სამსახურში და თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია, ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა და იქ კი არიან წარმატებულები“.

17 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მიზნის მისაღწევად ბრძოლა ღირს. იგივეს ურჩევს ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ხშირად სწორედ ქართული ენის არ ცოდნის გამო ვერ საქმდებიან საჯარო სამსახურებში, - „ახალციხეში ბევრია ისეთი ახალგაზრდა, რომელსაც წინსვლის და დასაქმების პოტენციალი აქვს. ბევრი ვერ რისკავს ეშინია. ბევრს ფიქრობენ და ამასობაში შეიძლება საერთოდ გადაიფიქრო. უნდა ისწავლონ სახელმწიფო ენა, ეს მათ დასაქმებასაც გაუადვილებს. ენის არცოდნის გამო უმეტესობა ხელობას სწავლობს და ისე საქმდება“.
მეუღლე 25 წლისას გარდაეცვალა, მას შემდეგ ორ შვილს მარტო ზრდის.

„რაზეც მიოცნებია, გამიკეთებია და მე ამით შემიძლია ვიამაყო. ბევრი სირთულე და პრობლემა შემხვდა, მაგრამ არ გავრჩერებულვარ. ჩემი ოცნებაა შვილები კარგ გზაზე დავაყენო, მივცე განათლება, რომ თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში, არაფერს შევცვლიდი, მთავარია ეს არ იყოს დასასრული“.

უფროსი ვაჟი ერევნის უნივერსიტეტში სწავლობს, უმცროსი გოგონა კი ახალციხის მესამე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა.

„ათებზე დაამთავრა და კომპიუტერი უნდა აჩუქონ. ბიჭიც კარგად სწავლობს. ისე დაემთხვა რომ ბოლო რამდენიმე წელი ერევნის სკოლაში ისწავლა. რადგან მეგობრებიც და სანაცნობო წრეც იქ ჰყავს, სწავლის გაგრძელება იქ გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ერევანში აბარებდა, აქ ორი წლის განმავლობაში უნარებს ქართულ ენაზე სწავლობდა“.

თინა იხსენებს, რომ წლების წინ რეგიონის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ადგილობრივებთან რუსულ ენაზე ურთიერთობდა და ამიტომ არ ცდილობდნენ ქართულის სწავლას, - „ბოლო წლებში გაკეთდა ქართულ ენაზე, როგორც სახელმწიფო ენაზე აქცენტი. სახელმწიფომაც ბევრი შრომა ჩადო, გამოცხადდა პროექტები, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ სომეხი მოსახლეობისთვის შეესწავლათ სახელმწიფო ენა და ინტეგრირებული ყოფილიყვნენ საზოგადოებაში“.



მისი აზრით, ამ მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარება სოფლებშია.

„კომპაქტურად არიან დასახლებულები. როცა კარის მეზობელი და ნათესავი ყველა სომეხია ურთიერთობ მშობლიურ ენაზე. ქალაქში მხოლოდ სავაჭროდ ჩამოდიან, ეს კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფო ენა კარგად იცოდე“.

მას შემდეგ რაც პირველი სამსახური იშოვა, 17 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში, იყო თარჯიმანი, ადვოკატი, დეპუტატი, ტრენერი, საჯარო მოხელე და საკრებულოს დეპუტატი, მის დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში კი არაერთმა ეთნიკურად სომეხმა ახალგაზრდამ ისწავლა ქართული.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ქართულს ისე კარგად შევისწავლიდი, რომ სხვასაც ვასწავლიდი. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის უკვე იყო დიდი წარმატება“, – ამბობს თინა.

თინა კარგად ფლობს ოთხ ენას - ქართულს, რუსულს, სომხურს და თურქულს. ბევრი საქმის წამოწყებასა და პროფესიის შეძენაში სწორედ ენების ცოდნა დაეხმარა. „სფერო არ დავტოვე, სადაც არ მიმუშავია. ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. საზღვრის უკანონო კვეთის დროს დაკავებული პირების თარჯიმანიც ვიყავი ხოლმე".

ამბობს, რომ მტკიცე ხასიათი აქვს, ამის გამო კი ხშირად რადიკალური გადაწყვეტილებებიც მიუღია, თუმცა არ ნანობს.

„წინა მთავრობის დროს სამხარეო ადმინიტრაციაში ვმუშაობდი, მუნიციპალიტეტებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვიყავი. მთავრობის შეცვლის შემდეგ პარტიულ ნიშანს მიაქციეს ყურადღება და ჩემი დაქვეითება უნდოდათ. არცერთ სამსახურში არადროს გამიფუჭებია საქმე. ეს შეურაცხყოფად მივიჩნიე და ამიტომაც დავწერე განცხადება და წავედი“.

თინას ბიზნესი ქალაქის ცენტრში მდებარე სილამაზის სალონია, რომელშიც რამდენიმე ადგილობრივიც დაასაქმა. ახლა ცხოვრებაში შედარებით მშვიდი ეტაპი უდგას. დაახლოებით ერთი თვის წინ ის პროექტი დაასრულა, რომელსაც სამი წელი ხელმძღვანელობდა.

„ვფიქრობ, საკუთარ თავს მოვუწყო დასვენება. ერთი თვით დავისვენებ და ისევ აქტიური ცხოვრების დავუბრუნდები, თავს მოდუნების უფლებას ალბათ ვერასდროს მივცემ. ვნახოთ, როგორი შემოთავაზებები გამოჩნდება. არგუმენტი ვერავის ექნება, რომ სომხებმა არ იციან ქართული ენა და გამოცდილება არ აქვთო. მე ვარ ამის ცოცხალი მაგალითი“.

და იმ გოგონებსაც, რომლებიც ახლა დგანან არჩევანის წინაშე, ღირს თუ არა წინააღმდეგობების გადალახვა, იგივეს ურჩევს - „სწავლას და ამ უფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“.

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორი „არჩევანი“
საქართველოდან სომხეთში... და უკან
გალინა - ქართულის მასწავლებელი
'თავიდან მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის ვიცოდი'– რას ცვლის ქართული ენის პროგრამა ჯავახეთში
განათლება გოგონებისათვის

ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატები მიიღეს