
ენის შესწავლისთვის, სახელმძღვანელოებთან და პროფესიონალ პედაგოგთან ერთად, აუცილებელია გარემო, სადაც ენას პრაქტიკაში გამოვიყენებთ. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. ახლა მინდა სწორედ ასეთ შემთხვევაზე გიამბოთ.
სოფელი ბალხო ახალქალაქიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული. განმარტოებულ, უგზო სოფელს მხოლოდ საბაზო სკოლა აქვს. ცხრა კლასის შემდეგ აქაური მოსწავლეები მეზობელ სოფლებში აგრძელებენ სწავლას. ბალხოში ქართულ ენას ამ სოფლის რძალი, გალინა ხორშიკიანი ასწავლის.
გალინა იურისტია, თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია. თავისი ბედი ბალხოელ მათემატიკის მასწავლებელს, ლევონ მელქონიანს დაუკავშირდა და მალე თვითონაც ეს გზა აირჩია. უკვე ორი შვილის დედა იყო, როცა მეზობელ, ბუღაშენის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლის ვაკანსია გაჩნდა. მაშინ არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლების გრძელვადიანი პროგრამები არ ხორციელდებოდა და დირექცია ცდილობდა საკადრო დეფიციტი ადგილობრივი, ქართული ენის მცოდნე ძალებით შეევსო. გალინამ მიწვევა მიიღო და ქართული ენის სწავლებას შეუდგა.
ქართული მშობლიურ სოფელ კორხში, ბავშვობიდან ისწავლა. თუმცა მასწავლებლობის პასუხისმგებლობის აღების შემდეგ მიხვდა, რომ ძალიან ბევრი შრომა იყო საჭირო სწავლებაში მაღალი შედეგის მისაღწევად.
ცხრა წლის წინ, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა საგანმანათლებლო პროგრამით ჯავახეთში 15-მდე მასწავლებლის ჯგუფი გაგზავნა, მათ მეზობელი სკოლების მასწავლებლებლების გადამზადებაც დაევალათ. სწორედ მაშინ გავიცანი ქართული ენის ახალგაზრდა მასწავლებელი ბალხოდან.
ის სისტემატიურად დადიოდა ტრენინგებზე, ძალიან ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე და მალე ენის ფლობის იმდენად კარგი შედეგი ჰქონდა, ერთხელ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გამართულ მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციაზეც ვიხილე მომხსენებლად.
რამდენიმე წელია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში სასწავლო ცენტრები გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო ენის კურსები შესთავაზა. გალინა დიდი მონდომებით ჩაერთო ამ პროცესში და ენის ფლობის რამდენიმე სერტიფიკატი მოიპოვა.
ახლა ის ქართულ ენას ორ - ბალხოსა და ბუღაშენის სკოლაში ასწავლის. თუმცა მხოლოდ თვითგანვითარებაზე ზრუნვა არ არის გალინას მიზანი. ენის კურსები მისმა მეუღლემ ლევონმაც გაიარა, იზრუნა იმაზეც, რომ შვილებსაც ესწავლათ სახელმწიფო ენა. როცა ბუღაშენის სკოლაში განათლების სამინისტროდან დამხმარე მასწავლებელი მიავლინეს, გალინამ მას საცხოვრებლად საკუთარი სახლი შესთავაზა. ეს ჩემი შვილებისთვის გავაკეთე, მინდოდა მათ მუდმივი კონტაქტი ჰქონოდათ ქართულენოვან მასწავლებელთან და ლაპარაკი ესწავლათო. უფროსი გოგონა ნაზი მელქონიანი წარმატებული მოსწავლეა. ის რამდენჯერმე იყო ინტეგრირებულ ბანაკში, მონაწილეობდა გაცვლით პროგრამებში და ახლახანს ჟვანიას სკოლის ა2 დონის კურსიც დაასრულა. ნაზისთვის ყველაზე საამაყო ის ფაქტია, რომ სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გასწია სომხურიდან ქართულის თარჯიმნობა. ქართულ ენას კარგად ფლობს გალინას უმცროსი ვაჟიც.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მასწავლებლის პროფესიონალიზმის ტესტი მისი მოსწავლეა. ამ სოფლებში ჟვანიას სკოლის მობილურ ჯგუფებს მე ვასწავლი ქართულს და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ ჯგუფში გალინას მოსწავლეები ვიხილე. შეიძლება კლასში გყავდეს რამდენიმე საუკეთესო მოსწავლე, მაგრამ მთელი კლასი რომ საუკეთესო იყოს, ამის მაგალითი პრაქტიკაში იშვიათად შემხვედრია.
სწრაფი, გამართული კითხვა, სხარტი პასუხები, ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად წერა და მსჯელობა, საკითხავი და მოსასმენი ტექსტების გააზრების მაღალი დონე, სწავლისა და საქართველოს ყველა კუთხის გაცნობის უსაზღვრო სურვილი - აი ის, რამაც გადამაწყვეტინა გალინა ხორშიკიანი და მისი მოსწავლეები გამეცნო თქვენთვის.
ჰოდა იცნობდეთ: მანუშაკ, ჟენია, ტათევიკ, ჯულია, კარენ, ნაზი, შოღიკ... ახალგაზრდები, რომლებიც სახელმწიფო ენას გააზრებულად სწავლობენ და საკუთარ მიზნებს საქართველოს მომავალს გულწრფელი გრძნობებით უკავშირებენ.
ამ ბავშვებს რომ ვუყურებ და ვუსმენ, ვხედავ როგორ იმსხვრევა მითი იმის შესახებ, რომ ენის მაღალ დონეზე შესწავლისთვის აუცილებელია გარემო, სადაც ამ ენას პრაქტიკაში გამოიყენებ. ახალქალაქიდან 16 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბალხოში ამ ბავშვების ქართული გარემო მხოლოდ გალინა მასწავლებლის გაკვეთილი იყო, ქართულის გაკვეთილი - კვირაში სულ 5 საათი. ამ ქალბატონმა საკუთარ შვილებს და მის თანაკლასელებს არა მხოლოდ სახელმწიფო ენა, არამედ მოქალაქეობრივი აზროვნება და საკუთარი ქვეყნის სიყვარული ასწავლა, რისთვისაც ჩემი ღირსეული კოლეგა უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

[ცაულინა მალაზონია]