FM97.5 / LIVE

განათლება გოგონებისათვის

მთავარისიახლე, ბლოგები 15.09.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

განათლება გოგონებისათვის
ბავშვობაში ზოგჯერ მოგვწონებია მშობლების მიერ არჩეული ნივთი, მაგრამ გაგვჩენია განცდა, რომ ეს ის არ იყო, რაც ჩვენ გვინდოდა. ასეა ზოგადად: ადამიანის მომავალი ცხოვრება, მიღწევები, წარმატებები მისსავე არჩევანზე უნდა იყოს დამოკიდებული.

მასწავლებლობა ახალი დაწყებული მქონდა, როცა ერთხელ, თანატოლებთან ერთად, სახლში ქერა, თმაგაშლილი, ულამაზესი გოგონა შემომეჭრა, მაგიდას მიუჯდა, ზედ თეთრი, მოუსვენარი ხელები დააწყო და როგორც მშიერი პურს, ჯიუტად დაელოდა, რომ რაღაც ახალს, საინტერესოს შესთავაზებდნენ და ამ ცოდნაში საკუთარ ძალებს გამოცდიდა.

მე მინდა ვიცოდე... მე ვისწავლი ქართულს... მე შემიძლია... ეს მე უკვე ვიცი... მე დავწერე... მე მზად ვარ... ფანდურზე დაკვრა უნდა ვისწავლო... დიდ სცენაზე უნდა ვიმღერო... მე მინდა გავხდე ჟურნალისტი... – მესმოდა მთელი ცხრა წელი მისგან.

„მე არ მეშინია ვიცხოვრო და ვისწავლო საქართველოში“, – რამდენიმე თვის წინ, უკვე დოკუმენტური ფილმიდან, ასე უთხრა ამ გოგონამ მთელ საქართველოს. მალე სკოლაც დაამთავრა და ზოგადი უნარების გამოცდაც წარმატებით ჩააბარა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც უნდა ესწავლა, რეგისტრაციის ვადები უკვე დასრულდა, თუმცა პირველკურსელთა სიაში, სამწუხაროდ, მის სახელსა და გვარს ვერ მიაგნებთ.

ჩამქრალი ხმით შეხვდა ჩემს მილოცვას, რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა და მთხოვა, ახალქალაქში პროფესიული სასწავლებელი ხომ არ გეგულებათო. მერე ალბათ ეს სურვილიც აუხდენელი დარჩა, დედამ ბილეთი აუღო და რუსეთში მამასთან და ძმასთან გაგზავნა, ბოლოს თვითონაც მიჰყვა.

მათი სახლი დაკეტილია, ჯერჯერობით მასთან დაკავშირების არავითარი საშუალება აღარ არსებობს. ასე უცებ მოიკვეთა და გაუჩინარდა საკუთარი ოცნებებიდან და მიზნებიდან, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი მშობლებისთვის.
სხვა გოგონებიც ვიცი, უსაზღვრო შესაძლებლობების და ამბიციის მქონენი, თავისი ცოდნით და უნარებით რომ ამაყობდნენ, თბილისში სწავლაზე და „ქართულის მასწავლებლობაზე“ რომ ოცნებობდნენ და ამას ყოველ წამს ხაზგასმით იმეორებდნენ.

მაგრამ ბევრი მათგანი ახლა სახლში ზის, რადგან სომხეთში სწავლის საფასური არ აღმოაჩნდათ, საქართველოში სწავლას კი მშობლები არ თანხმდებიან. ბევრიც მეზობელ ქვეყნებში რუსული ენის კურსებს გადის, რომ მერე რომელიმე სავაჭრო ცენტრში კონსულტანტად, მოლარედ ან გამყიდველად იმუშაოს. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მათ გაცილებით მეტი პოტენციალი და იმის უფლებაც ჰქონდათ, ცხოვრების გზა საკუთარი გულის კარნახით აერჩიათ.

ასეთი მიდგომებით ახალგაზრდები ეჩვევიან პასიურ როლს, ვერ აცნობიერებენ საკუთარი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და საზოგადოებას ყოველთვის მტკივნეულად ეტყობა მათი ხმის ნაკლებობა.

მშობლების ერთპიროვნულობას, აღზრდის სტილთან ერთად, ხელს ისიც უწყობს, რომ ამ ასაკში ახალგაზრდებს არა აქვთ ფინანსები, ნება და გამოცდილება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. სკოლის, პედაგოგების ჩარევა რჩევით შემოიფარგლება, რასაც დიდად ყურს არავინ უგდებს.
მაგრამ არიან გოგონები, რომლებმაც იბრძოლეს და საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტეს ან უბრალოდ, მიზნის დასახვისას მშობლების მხარდაჭერა მოიპოვეს.

ანჟელა მკრტჩიანი იმ ოჯახიდანაა, რომელმაც ქართული ენა ტელევიზიით და გაკვეთილებით ისწავლა. სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლის მნიშვნელობაც გააცნობიერა. ანჟელას ორმა დამ სომხეთის უნივერსიტეტი დაამთავრა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ოჯახმა მესამე გოგონას სასწავლებლად გაგზავნა ვეღარ შეძლო. ანჟელა ბედს არ დანებდა და გასულ გაზაფხულზე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა. მშობლები მის სურვილს წინ აღუდგნენ, მაგრამ გოგონამ იბრძოლა და გაიმარჯვა:

„ჩემი ჯიუტი ბრძოლით მივაღწიე იმას, რომ ახლა თბილისში ვსწავლობ. მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან ამ ქალაქთან ისეთი კავშირი არ ჰქონდათ, როგორიც – ერევანთან. თუმცა იმ ფაქტმა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ორი წელი სახლში დავრჩი, დედ–მამა ძალიან შეაწუხა და ბოლოს მითხრეს, როგორც შენ გინდა ისე მოიქეციო. ჩემს სტუდენტობას მთელი ოჯახი სიხარულით შეხვდა,“– იხსენებს ანჟელა.

განათლება გოგონებისათვის

ანჟელა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში 1+4 პროგრამაზე სწავლობს. ერთწლიანი კურსით სახელმწიფო ენის ცოდნის დონე გაიღრმავა, სემესტრული გამოცდები შეუფერხებლად ჩააბარა და პროფესიაც აირჩია. სტუდენტობის პირველ წელს ასე აფასებს: „გრამატიკა,
მართლწერა, კომუნიკაციური ასპექტები, კითხვა და წერა ჩავაბარე. ზოგ საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, ზოგში – არც ისე მაღალი. მაგალითად, კითხვა–წერაში მივიღე 99 ქულა, მართლწერაში – 75“.

აღიარებს, რომ უცხო გარემოსთან ადაპტაცია რთული იყო, მაგრამ მეგობრების წყალობით ყველაფერს თავი გაართვა. ჯგუფი ინტეგრირებულია და ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ლექციებს ერთად უსმენენ. მათი ძირითადი საკომუნიკაციო ენა ქართულია. ანჟელა ფიქრობს, რომ თბილისში გატარებული ერთი წელი მისთვის საკმარისია, რომ პროფესიული საგნების შესწავლას ქართულ ენაზე შეუდგეს.

ბავშვობის ოცნებები არც ანჟელას შესრულებია, თუმცა როცა თავად იღებ გადაწყვეტილებას, ცვლილებები მტკივნეული არ არის. სკოლაში ყველა საგანზე მეტად ისტორია უყვარდა, არქეოლოგობაზე ოცნებობდა, მაგრამ ბოლოს, წმინდა პრაგმატული მოსაზრებით, ეკონომიკა აირჩია. დარწმუნებულია, რომ ამ პროფესიით მაღალანაზღაურებად სამსახურს უფრო ადვილად იშოვის.

ანჟელა მკრჩიანი, საქართველოს მოქალაქე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ახლა მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი მიზნის მიღწევის პროცესშია. ბუნებით მშვიდს, საკუთარ თავში დაჯერებულს და პრინციპულს, ძალიან უყვარს კითხვა, ტურისტული გადაცემებისა და ისტორიული ფილმების ყურება. აქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სწრაფვა, – მინდა ღირსეულად ვიცხოვრო, – ამბობს.

ანჟელამ იცის, რომ ამ ნაბიჯებით, მეტ–ნაკლებად, თავისი თემის უმცროსი თაობების წინამორბედია და მათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების მაგალითს აძლევს. ვიმედოვნებ, ამ მაგალითზე დაყრდნობით ჯავახეთში მცხოვრები გოგონები ისწავლიან როგორ შეძლონ ცხოვრება მომავალში.
ანჟელასაც ჰყავს წინამორბედი: პირველი გოგონა, რომელიც ზაკის საჯარო სკოლიდან თბილისში წავიდა სასწავლებლად, ასთხიკ გალსტიანია. ასთხიკი ანჟელას კლასელი და ის ბედნიერი გამონაკლისია, რომელსაც არჩევანის გაკეთებისას მშობლები გვერდში დაუდგნენ. „ჩემს სურვილს, თბილისში გამეგრძელებინა სწავლა, მშობლების მხრიდან არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრია. პირიქით, მამა სულ გვეუბნებოდა მე და ჩემს ძმას, უმაღლესი განათლების გარეშე ცხოვრება გაგიჭირდებათ, თქვენ მხოლოდ პროფესია აირჩიეთ და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებითო, დედა პროფესიით მასწავლებელია და მასაც დიდი სურვილი ჰქონდა სწავლა გაგვეგრძელებინა’’, – ამბობს ასთხიკი.

განათლება გოგონებისათვის

მან თბილისის საერთაშორისო საზოგადოებრივ კოლეჯში საბანკო საქმე და ბუღალტერია შეისწავლა. უკვე შეიტანა განაცხადი რამდენიმე ვაკანსიაზე და ახლა გამოძახების მოლოდინშია. იმედოვნებს, რომ ახალქალაქის რომელიმე ბანკში დასაქმების შემთხვევაში როგორც ქართველ, ისე სომეხ და სხვა ენოვნების კლიენტებს კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევს.

თბილისში გატარებულ სამ წელიწადს ასთხიკი ახლა სიამოვნებით იხსენებს. იქ ის და მისი ძმა სხვადასხვა ეროვნების ადამიანების გვერდით სწავლობდნენ. ინტეგრირებულ გარემოში ცხოვრებამ ასთხიკი დაარწმუნა, რომ ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანებს ერთმანეთის ესმოდეთ და იყვნენ მეგობრულები. სოციალურ ქსელში კომენტარებს და პოსტებს ხშირად ქართულად წერს, ამით ცდილობს ენობრივი ბარიერის გამო მისი ხმა იზოლირებული არ აღმოჩნდეს და თან ყველა ნაცნობსა თუ მეგობარს შეეხმიანოს.

წაღვერში და თბილისში ქართველი ნათესავები ჰყავთ და მჭიდროდ კონტაქტობენ მათთან. მამას ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს. „მამაჩემი სულ ამბობდა, თუ საქართველოში ცხოვრობს ადამიანი, ის ვალდებულია იცოდეს ქართული ენა. თვითონაც ლაპარაკობს ქართულად. მე ცოტა მეშინოდა თბილისის, დიდი ქალაქი, უცხო ადამიანები, ლექციები ქართულად, მაგრამ არ ვნანობ. ჩემმა ლექტორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ გარემოში თავი კარგად მეგრძნო და პროფესია შემესწავლა“.

არაკორექტულს, არატოლერანტულს თბილისელებისგან ვერაფერს იხსენებს. პირიქით, მონატრებულ ქალაქს აწ უკვე მეუღლესთან ერთად სტუმრობს. მადლიერია ყველასი, ვინც წარმატების მიღწევაში დაეხმარა და საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგა. „თბილისში თითქმის ყველგან ვყოფილვარ, მაგრამ უფრო მეტად მომწონს მთაწმინდის პარკი, იქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, იქიდან მთელი დედაქალაქი ჩანს, სიმშვიდე და სილამაზეა“.

„მხოლოდ სიცხადე ხდის ადამიანს იდუმალს და სასიამოვნოს“, – ეს ასთხიკის საყვარელი ფრაზაა. დღეს მისთვის ყველაზე სასიამოვნო „სიცხადე“ ის არის, რომ თბილისში მიღებულმა განათლებამ შემდგარ, ოპტიმისტ პიროვნებად აქცია.

ბოლოს ისევ საკუთარი ოცნებებიდან მოწყვეტილ იმ უნიჭიერეს გოგონას დავუბრუნდები. ვიცი როდესმე გაიგონებს ჩემს ძახილს. ძალიან მინდა იცოდეს, რომ მე დაველოდები მის გაბრწყინებას, თუნდაც მთელი ცხოვრება.

განათლება გოგონებისათვის

[ცაულინა მალაზონია]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბრძოლისა და წარმატების 17 წლიანი ისტორია [Video]
ვინ არიან ახალციხელი 100%–იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები
ორი „არჩევანი“
'თავიდან მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის ვიცოდი'– რას ცვლის ქართული ენის პროგრამა ჯავახეთში
კარატეს ჩემპიონობიდან ხალხური მელოდიების შემსრულებლამდე

გალინა - ქართულის მასწავლებელი
1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება