
35 წლის ხატია მეკოკიშვილი წარმოშობით კახეთიდანაა და მერვე წელია ახალქალაქში, სოფელ გომანში ეთნიკურად სომეხ მოსწავლეებს ქართულ ენას ასწავლის. მან პროგრამის – „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის პროგრამის“ – შესახებ წლების წინ ტელევიზიით შეიტყო და გადაწყვიტა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ქართული ენა ესწავლებინა. ამიტომ კონკურსში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა კიდეც.
თავიდან ჯავახეთში დარჩენას ერთი წლით გეგმავდა, თუმცა მერე გადაიფიქრა: „მასწავლებლების და ადგილობრივების სიყვარულმა გადამაწყვეტინა დარჩენა, სხვანაირად დავინახე ჩემი აქ ყოფნის საჭიროება. თავიდან იყო ბევრი სირთულე, ენობრივი ბარიერი სკოლაში, სოფელში, მაგრამ არ შევუშინდი და ეს ყველაფერი ნაბიჯ–ნაბიჯ გადავლახე. ერთი წელი მექცა უსასრულოდ, მაგრამ ახლა ვაგრძელებ მუშაობას და უფრო მეტი აზარტი მაქვს ვიდრე მაშინ მქონდა“, – გვიყვება ხატია.
ხატიამ ჯავახეთში ჩამოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ ოჯახიც აქ შექმნა. მომავალი მეუღლე ახალქალაქში გაიცნო და ახლა ბავშვს ელოდება, ამიტომ დეკრეტული შვებულებით სარგებლობა მოუწევს, თუმცა ამბობს, რომ სახლში ერთ თვეზე მეტ ხანს ვერ დარჩება: „მოსწავლეებს ვჭირდები და სხვა გზა არაა. თან ბავშვებთან ერთად ქართულს მასწავლებლებსაც ვასწავლი“.
ხატია სოფელ გომანში ერთადერთი ქართველია, შესაბამისად, მის მოსწავლეებს ქართულად საუბარი მხოლოდ სკოლაში უწევთ, ასე კი ენის ათვისება რთულია: „ბავშვებს ქართული გარემო არ აქვთ, ინტეგრაცია სჭირდებათ, ყველაფერი ესმით, საუბრითაც კარგად საუბრობენ, მაგრამ მხოლოდ სკოლაში და ისიც ერთი საათით, სხვა დროს სულ სომხურად უწევთ ლაპარაკი. მაგრამ ქართულ უნივერსიტეტებში ხვდებიან, იქ უკვე იხსნებენ ენას და კარგადაც ლაპარაკობენ“.

გომანის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ალინა გულანიანი ქართულად კარგად საუბრობს, ამბობს, რომ ვიდრე ხატია მეკოკიშვილი მათ სკოლაში მივიდოდა, ქართულად მხოლოდ „გამარჯობა“ და ნახვამდის“ იცოდა. ახლა კი ენის უკეთ შესაწვლის მიზნით, ზაფხულობით ქართველ მოსწავლეებთან ერთად ბანაკებშიც დადის. სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გეგმავს: „მიხარია, რომ ქართულად ვლაპარაკობ. სომეხი ვარ, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობ, ამიტომ სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია. როდესაც მივდივარ სხვა ქალაქში აღარ მიჭირს ადგილობრივებთან ურთიერთობა. სამი დღის წინ იუსტიციის სახლში პასპორტის ასაღებად მივედი და იქ მე ქართულად ვლაპარაკობდი. სხვა მოსწავლეებიც მთხოვენ დახმარებას, როცა ქართულში ამზადებენ გაკვეთილს“.
მეგობრის მსგავსად ქართულ ენას კარგად სწავლობს ქუნქუშ ანტონიანიც: „მეც დავდივარ ბანაკში, შარშან ქუთაისში ვიყავი. ძალიან მიყვარს ენები, ინგლისური, ქართული, რუსული და სომხური, თბილისში უნდა ვისწავლო და თარჯიმანი გამოვიდე“.
განსხვავებული ვითარებაა იმ სკოლებში, სადაც „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის მონაწილეები არ ასწავლიან. ასეთ სკოლებში ქართულად საუბარი მოსწავლეებსაც უჭირთ და მასწავლებლებსაც. სახელწმიფო ენის არ ცოდნის გამო კი მოსწავლეების უმრავლესობა სწავლის გასაგრძელებლად მეზობელ ქვეყნებში მიდის.
სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში სამი ქართულის მასწავლებელი მუშაობს, თუმცა სამივე ეთნიკურად სომეხია, ქართულად საუბარი უჭირთ და ამიტომ გაკვეთილებიც ძირითადად სომხურ ენაზე ტარდება.

„ჩვენთან ქართული ენის ცოდნის დონე ძალიან დაბალია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვყავს დამხმარე მასწავლებელი. ჩვენს სოფელში მხოლოდ სომხები არიან. მინდა ჩემმა მოსწავლეებმა ქართულად კარგად ისაუბრონ. გვყავდა დამხმარე მასწავლებლები, მაგრამ ერთი წლის წინ წავიდნენ“, – ამბობს ოლავერდის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ალვარდ ნერსესიანი, რომლიც სკოლაში 22 წელია მუშაობს.
ალვერდი ქართული ენის უკეთ შესწავლის მიზნით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სიარულს გეგმავს: „მაგალითად, ზმნა ძალიან რთულია, მინდა კარგად ვისწავლო და შემდეგ ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო“.
ოლავერდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას სომხეთში გეგმავენ. ამბობენ, რომ სახელმწიფო ენა არ იციან და ამიტომ საქართველოში ვერ ისწავლიან.

„ქართული ცოტა ვიცი, ამიტომ იქ წავალ. მინდა რომ მსახიობი გამოვიდე“, – გვითხრა ოლავერდის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ ილია პეტროსიანმა.
მუსიკობაზე ოცნებობს მისი თანაკლასელი მელიქ ქუდოღლიანი, თუმცა სწავლის გაგრძელებას ისიც ერევანში გეგმავს.
ამავე სკოლის მოსწავლეს, კატია ქთრიანს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა ქართული ჯერ არ იცის, ამიტომ ვიდრე სკოლას დაამთავრებს ენის კარგად შესწავლას გეგმავს.

პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, არაქართულენოვან სკოლებში დახმარე პედაგოგები ქართულ ენას ასწავლიან, 2009 წელს დაიწყო. პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების შესწავლის პროცესს.
2014 წლიდან პროგრამაში ჩაერთვნენ ორენოვანი დამხმარე მასწავლებლები, რომლებიც ეთნიკური აზერბაიჯანელები, ან სომხები არიან და ასევე, გავლილი აქვთ 4+1 პროგრამა (ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა).
„თვალსაჩინოა ის სკოლები, სადაც ჩვენი პროგრამის მონაწილეები მუშაობენ. მიმღებლობა განსხვავებული კულტურის მიმართ იქ არის მაღალი და პოზიტიური. აქვთ გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა, იმისთვის რომ ისწავლონ საქართველში, დაეუფლონ პროფესიას და შეიქმნან კარიერა. ეს მასწავლებლები ხელს უწყობენ სკოლებში არაფორმალური განათლების განვითარებას და გაუმჯობესებას“, – ამბობს „არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ მენეჯერი თამარ კეკელიძე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 65 საჯარო სკოლაა, აქედან 55 სომხურენოვანია. 2018–2019 სასწავლო წელს ახალქალაქში „არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ მხოლოდ 33 მონაწილე ჰყავთ (ცხრა –დამხმარე მასწავლებელი, ექვსი – ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი, 18 –კონსულტანტ მასწავლებელი).
თამარ კეკელიძის განმარტებით სკოლებმა თავად უნდა გამოთქვან სურვილი იმისთვის, რომ „არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ მონაწილე მუშაობდეს მათ სკოლაში:„ უნდა მოგვავწოდონ ინფორმაცია, რომ მათ სჭირდებათ მასწავლებელი. ჩვენ კი კონკურსის წესით შერჩეულ პედაგოგს ვუგზავნით“.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საგნობრივი გამოცდა. მათთვის კონკურსი ივნისში გამოცხადდება, პირველ ეტაპზე განაცხადებას გადაარჩევენ, შემდეგ კი გასაუბრება დაინიშნება. გამარჯვებულები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გადამზადდებიან.
თამარ კეკელიძის განმარტებით, მას შემდეგ რაც „არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი პროგრამა“ ამოქმედდა, სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა შემცირდა: „შედეგებს, რომ გადავხედავთ პრაქტიკულად მინიმალურია ჩაჭრილი ბავშვების რაოდენობა. რასაკვირველია სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის იდეალური, მაგრამ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2009 წლიდან დღემდე“.
2016–2017 სასწავლო წელს ქართულში, როგორც მეორე ენაში ზღვარი 107 მოსწავლიდან 102–მა გადალახა; 2017–2018 სასწავლო წელს კი 120 მოსწავლიდან ზღვარი 107–მა გადალახა.
„არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი პროგრამის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აბიტურიენტების საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხვის საკითხს, შესაბამისად შემცირდება იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც სასწავლებლად სხვა ქვეყნებში წავლენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]