FM97.5 / LIVE

ორი „არჩევანი“

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.08.2018
ემმა დედინაცვალმა 15 წლისა გაათხოვა. განათლება ვერ მიიღო. ბაზარში ვაჭრობდა და ცოტა ქართულიც იქ ისწავლა. სუსანა მასწავლებელია. მშობლებმა მოინდომეს, რომ ესწავლა, სამსახური კი დედამთილმა აშოვნინა. ამ ორი ქალის ცხოვრება ორმა რამემ განსაზღვრა - ოჯახმა და განათლებამ.

ორი „არჩევანი“


სუსანა


„როცა ნასწავლი ხარ, ბევრი რამ იცი, უფრო საინტერესო ადამიანი ხდები, არ ხარ ჩაკეტილი შენს კედლებში და რეალური შანსი გაქვს კარიერული ზრდისთვის“,–ამბობს სუსანა აკოპოვა, რომელსაც 40–წლიანი პედაგოგიური სტაჟი აქვს.
ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში რუსულ ენას ასწავლის. ორი წლის წინ სკოლის ხელმძღვანელობა ჩაიბარა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მასწავლებლის გამოცდებიც წარმატებით გაიარა და უფროსი პედაგოგის სტატუსი მოიპოვა.

„იცით რა, როცა დირექტორი მუდმივად წარმატების ძიებაშია და ცდილობს მეტი ისწავლოს, ამით სხვა პედაგოგებსაც ეძლევათ სტიმული, ეს კი შემდეგ ბავშვების განათლებაზე აისახება“.

სუსანა თბილისში ეთნიკურად სომხურ ოჯახში დაიბადა. წარმატების მიღწევაში და სასურველი პროფესიის დაუფლებაში მშობლების ხელშეწყობა ყოველთვის ჰქონდა.

„ერთი ძმა მყავს, თუმცა ჩემს მშობლებს, ისე როგორც მაშინ ბევრ სომხურ ოჯახში ხდებოდა ხოლმე, არასდროს უთქვამთ, რომ განათლება ძმას უნდა მიეღო, მე სახლში ვმჯდარიყავი და ნაადრევად ოჯახი შემექმნა“.

ორი „არჩევანი“თბილისის 63–ე, რუსული სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა ერევნის უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო. 20 წლის იყო როცა საქართველოში დაბრუნდა. მალევე დაოჯახდა და რადგან მეუღლე ახალციხიდან იყო, ისიც ახალციხეში გადავიდა საცხოვრებლად. ამბობს, რომ ამჯერადაც გაუმართლა, სამსახურის დაწყებაში დედამთილი დაეხმარა: „ახალი გათხოვილი ვიყავი დედამთილმა რომ მითხრა, უმაღლესი განათლება გაქვს და აუცილებლად უნდა იმუშაოო. თვითონ მოვიდა იმ სკოლაში, სადაც ახლა მე ვმუშაობ და დაელაპარაკა დირექტორს, რომ რუსული ენის პედაგოგად დამეწყო მუშაობა“.

ეთნიკურად სომეხი რუსული ენის მასწავლებლისთვის ქართული ენის ცოდნაც მნიშვნელოვანი იყო: „საქართველოში ვცხოვრობ და ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა მით უფრო ჩემი სტატუსიდან გამომდინარე. ქართული ნელ–ნელა, ასე ჩემით ვისწავლე და ახლა თავისუფლად ვლაპარაკობ“.



სუსანა დარწმუნებულია, რომ თუ ახალგაზრდები მოინდომებენ, აუცილებლად შეძლებენ წარმატების მიღწევას, თუმცა მათ ოჯახის და მშობლების ხელშეწყობა დასჭირდებათ: „საბოლოოდ მშობელმა თუ არ გადაწყვიტა ბავშვის განათლების საკითხი, არაფერი გამოვა. არადა განათლება მნიშვნელოვანია, ადამიანი უფრო თავისუფალი და თავდაჯერებულია“.

იხსენებს, რომ გასულ წლებში, ბევრი უფროსკლასელი გოგო თხოვდებოდა, თუმცა ახლა ეს ტრადიცია შეცვლილია: „ალბათ იმიტომ, რომ მშობლების დამოკიდებულებებიც შეიცვალა და მასწავლებლებმაც სწავლის მიდგომა შეცვალეს. მარტო საგანი კი არ უნდა ასწავლო ბავშვს და ის რაც წიგნში წერია, საზოგადოებაში ინტეგრაცია უნდა ასწავლო, სხვადასხვა საკითხის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბო“.

ემმა


სოფელ სხვილისში მცხოვრები 53 წლის ემმა ეკნოსიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე დღეს შვილებისა და შვილიშვილების მოვლაა. მთელ დღეს ოჯახს და მეურნეობას უთმობს: „კარგია თუ სწავლობ და მერე მუშაობ კიდეც, მაგრამ უკვე ისე მივეჩვიე ბაღ–ბოსტანში ყოფნასა და პირუტყვის მოვლას, სხვანაირად ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია. აქ მირჩევნია ცხოვრება, სოფელში ასე“.

ორი „არჩევანი“ემმა 15 წლის იყო, როდესაც დედინაცვალმა გაათხოვა: „არც მამა იყო ამის წინააღმდეგი, ჩემი სწავლის არც დრო იყო და არც საშუალება“.
მერვეკლასელი გოგონა სხვილისშივე თანასოფლელს გააყოლეს. სკოლის დასრულების შემდეგ, უნდოდა ბუღალტერი გამოსულიყო. სწავლა ერევანში, კოლეჯში გააგრძელა, თუმცა დაასრულება ვერ შეძლო.

„იქ მამიდა მყავდა და ქმარმა და დედამთილმა გამიშვეს, ორ წელში უკან დავბრუნდი. მაგით დასრულდა ჩემი სწავლა–განათლება. უკვე ერთი შვილი მყავდა, ბავშვს მოვლა უნდოდა და სოფელშიც ბერი საქმე იყო“.

ემმას ქართულად საუბარი უჭირს, თუმცა ფიქრობს, რომ სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს: „ქართული რაც ვიცი ნელ–ნელა ბაზარში ვისწავლე, პროდუქტებს რომ ვყიდდი. თან ჩემი მულის ქმარი ქართველია და ის რომ საუბრობს, მეც ვიმახსოვრებ სიტყვებს, ცოტა სკოლაშიც ვისწავლე და იქიდანაც მახსოვს“.



ემმას ორი შვილი, ბიჭი და გოგო ჰყავს, ორივე დაოჯახებული.

„ორივეს თავიანთი საქმე აქვს და კარგია, აბა, ქალაქში სხვანაირად ვერ იცხოვრებენ. ვცდილობ ჩემ გოგოს დავეხმარო და ზაფხულობით ჩემი გოგოს შვილები ჩემთან არიან, ბავშვებს მე ვუვლი“.

გვიყვება, რომ ბიჭმა იურიდიული ფაკულტეტი რუსეთში, ვოლგოგრადში დაამთავრა და ახლაც იქ ცხოვრობს, გოგო კი ახალციხეში კოლეჯში ფარმაცევტობას სწავლობს. ემას უხარია, რომ რაც თვითონ ვერ მოახერხა, მისმა შვილებმა შეძლეს.

სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობის 54.6% ეთნიკურად სომეხია. წლების წინ საშუალო განათლების მიღების შემდეგ, ეთნიკურად სომეხი გოგონების უმრავლესობა სწავლას წყვეტდა და ოჯახს ქმნიდა, მათი ნაწილი კი უმაღლეს განათლებას, ოჯახის ტრადიციების მიხედვით, სომხეთში ან რუსეთში იღებდა. ახლა კი ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში განათლებისადმი დამოკიდებულება შეცვლილია. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, არაქართულენოვანი მოსწავლეების საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლების მსურველთა რაოდენობა გაზრდილია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოდან სომხეთში... და უკან
ბრძოლისა და წარმატების 17 წლიანი ისტორია [Video]
‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]
ახალციხის მესამე საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს
'თავიდან მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის ვიცოდი'– რას ცვლის ქართული ენის პროგრამა ჯავახეთში
განათლება გოგონებისათვის
სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის