
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად რვა ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. გასული წლის ოქტომბრიდან ისინი ნაქირავებ სახლებში ცხოვრობენ. ამის შესახებ ”სამხრეთის კარიბჭე” №05 (392)-ში წერდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მხოლოდ სამი თვის ქირა (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) გაუხადა. მას შემდეგ კი მოსახლეობა
დახმარებას დღემდე ელოდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა ან ალტერნატიული ფართის გამოყოფა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის თქმით, უსახლკაროდ დარჩენილი რვა ოჯახი მხოლოდ სამი თვის ქირას (აპრილი, მაისი, ივნისი) მიიღებს. ხოლო მიმდინარე წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის ბინის ქირას ამ ეტაპზე ვერ გადაუხდიან.
”ეს ისეთი პროცედურაა, რომ დრო სჭირდება. აპრილის თვის ქირას ყველას გადავუხდით. დაზარალებულმა მოსახლეობამ შესაბამისი აქტი უნდა წარმოადგინოს, რომ ნამდვილად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ამას ბინის მესაკუთრეები შეადგენენ და დაახლოებით მაისის შუა რიცხვებამდე ყველა დაზარალებული მიიღებს ბინის ქირას”, - განმარტავს ბესიკ ბლიაძე.

მისივე თქმით, დაზარალებულები ბინის ქირას 150 ლარის ოდენობით მიიღებენ და მათ გამგეობა სამთვიან ხელშეკრულებას დაუდებს. რა ბედი ეწევა სამი თვის შემდეგ აწყურში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას, ბესიკ ბლიაძე ვერ აკონკრეტებს.
”ამ საკითხზე
სამინისტროსთან ვმუშაობთ. გვაქვს შემოთავაზება, რომ ზარალის ოდენობა დავადგინოთ, მოვიწვიოთ აუდიტი და ჩატარდეს ექსპერტიზა, თუ რა ქონებაზეა საუბარი. ხოლო, როცა ზარალი დაითვლება, სამინისტრო გადაწყვეტს როგორ უნდა მოიქცეს. ჩვენ ჩვენ საქმეს ვასრულებთ, შესაბამისად, თუ არ მოესწრო ამ ხალხის დაკმაყოფილება ამ სამ თვეში, მაშინ გავაგრძელებთ ბინის ქირის გადახდას”, - ამბობს ბესიკ ბლიაძე.
აპირებს თუ არა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ამინისტრო დამეწყრილ აწყრურში მცხობვრები მოსახლეობის დახმარებას, სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ. დაზარალებული მოსახლეობა ითხოვს, რომ მათი პრობლემით ცენტრალური ხელისუფლება დაინტერესდეს. შეიქმნას კომისია და აუდიტი ჩამოვიდეს, რომელიც შეისწავლის ვის რა ზარალი მიადგა.
მოსახლეობამ დახმარების თხოვნით
არასამთავრობო ორგანიზაციასაც მიმართა. ორგანიზაციას ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” დაზარალებულებმა განცხადება გაუგზავნეს, სადაც დამეწყრილ ზონაში არსებული მდგომარეობაა აღწერილი და ნათქვამია, რომ აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობას, კერძოდ კი ყოფილ გამგებელს გელა დემეტრაძეს რამდენჯერმე მიმართეს.
”დემეტრაძემ წერილობით გვიპასუხა, სადაც გვატყობინებს, რომ ”ამ ეტაპზე შეუძლებელია ჩვენი განცხადების დაკმაყოფილება”. გამგეობამ, კერძოდ კი გელა დემეტრაძემ 2012 წლის 30 ივლისს ისევ წერილობით გვაცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ იქნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში და კახეთის რეგიონში შესყიდული საცხოვრებელი სახლები. შემოთავაზება შემოთავაზებად დარჩა, თეთრ ფურცელზე”, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სახელზე მომზადდა ნათქვამია, რომ დამეწყრილი აწურის მოსახლეობა ”ერთსულოვნებისგან” მოითხოვს, რომ აწარმოოს მონიტორინგი ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანოებში. განცხადებას ხელს მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აწერს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ ყველა ის დოკუმენტაცია მოაგროვეს, რაც წლების განმავლობაში აწყურის მოსახლეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღო. ახლა კი მისი შესწავლა მიმდინარეობს.
”ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებამდე მივიდეს. ჩვენი სათაო ოფისი აუცილებლად მიაწოდებს ამ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს. რეგიონში ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ესაა”, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის” თავმჯდომარე ქეთევან ხმალაძე.
აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შუქრი გოგოლაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს და აუდიტს აუცილებლად მოიწვევენ.
”მოხდება ამ სახლების და ნაკვეთების აღწერა. რა თანხის ზარალი მიიღო მოსახლეობამ, რომ შესაბამისი კონპენსაცია მიიღონ. ყველა ოჯახი თანაბრად არ დაზარალებულა, შენობები სხვადასხვა კატეგორიის იყო, ამას ველოდებით, მაგრამ დღითიდღე უფრო მძიმდება მდგომარეობა და ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, - ამბობს აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.
ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება აუდიტს მოიწვევს და დამეწყრილ აწყურში არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან, მეწყერის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი დროებით ნაქირავებ სახლებში ცხოვრობს. თუმცა, იმის გამო, რომ ეს სახლებიც მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული, მოსახლეობას დაღამების ეშინია.
[თამარ თოთაძე, ახალციხე]