FM97.5 / LIVE

‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს

მთავარისიახლე, სამართალი 04.08.2017
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის ბეგლარ კაპანაძის, მისი მამისა და შვილის ცემის საქმეზე, პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს. ხუთივე მათგანი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხუთივე სხვადასხვა დროს ახალციხის მერიაში, ან მერიას დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობდა, ორი ახლაც მუშაობს.

‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს
ნაცემი კაპანაძეები. ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"

ბეგლარ კაპანაძის ოჯახის წევრების ცემის საქმეზე, პროკურატურამ პასუხისგებაში ხუთი პირი მისცა. ხუთივე მათგანი სხვადასხვა დროს ახალციხის მერიაში, ან მერიას დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობდა.

ზაზა გელაძე – ახალციხის მერის, გიორგი კოპაძის მოადგილე იყო. იგი ამ პოზიციას 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის დეკემბრამდე იკავებდა. მას შემდეგ, რაც გიორგი კოპაძემ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა (იგი ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატია), ახალმა მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ, ზაზა გელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ, ყოფილი მოადგილე გიორგი კოპაძემ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში გადაიყვანა.

დავით სამსონიძე – საჯარო მოსამსახურეა, იგი ახალციხის მერის რწმუნებულია ქალაქის ერთ–ერთ უბანზე.

გიორგი ლონდარიძე – ახალციხის დასუფთავების სამსახურის, შპს „კეთილმოწყობის“ ხელმძღვანელია. იგი ამ სამსახურში თითქმის ორი წელია უფროსის მოვალეობას ასრულებს.

ნოდარ კურტანიძე – დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. იგი ამ სამსახურიდან დაახლოებით ერთი წლის წინ გაათავისუფლეს.

გრიგოლ რუხაძე – ახალციხის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი, ავტომობილების მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი იყო. იგი სამსახურიდან 2015 წლის შემოდგომით გაათავისუფლეს. მის სახელს ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, ახალციხის ციხის ყოფილი უფროსის ილია სიდამოიძის ცემის საქმე უკავშირდებოდა. ამ საქმეზე ძიებაც დაიწყო, 125–ე ცემის მუხლით, თუმცა შემდეგ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.

ხუთიდან ოთხს – ზაზა გელაძეს, დავით სამსონიძეს, გიორგი ლონდარიძესა და გრიგოლ რუხაძეს, სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 1–ლი პრიმა ნაწილის ბ–ე და გ–ე ქვეპუნქტებით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

ერთს, ნოდარ კურტანიძეს კი სისხლის სამართლის 118–ე მუხლის პირველი ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის) და 120–ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებენ ბრალს.

ხუთივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გუშინ, 3 აგვისტოს იმსჯელა. მოსამართლე ლუიზა თოდუამ, ხუთივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ოთხს 3000 ათასი ლარი, ერთს – ნოდარ კურტანიძეს კი, გირაოს სახით 5000 ლარი შეეფარდა.

‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს
ფოტოზე: მარცხნიდან – გრიგოლ რუხაძე, ნოდარ კურტანიძე, ზაზა გელაძე და გიორგი ლონდარიძე. ფოტო: ნოდარ კურტანიძის ფეისბუქის გვერდი

ხუთიდან სამი ამ დრომდე სხვადასხვა სამსახურში მუშაობს და ჯერ არცერთ მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეჩერებია.

"მე არაფერი არ ვიცი, არც შეიძლება პასუხისგებაში ასე ადამიანი მისცე, რომელიც იქ შეიძლება იყო, მაგრამ ბრალი ჯერ არავისთვის არ წაუყენებიათ. მე მხოლოდ მომთხოვეს ცნობა მუშაობს თუ არა ჩვენთან და ხელფასი რამდენი აქვს. წინასწარ ვერ ვიმკითხავებთ, ჯერ მოვიდეს ჩემთან, რა მუხლით უყენებენ ბრალს და მერე შეიძლება მსჯელობა ამის შესახებ", – გვპასუხობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე კითხვაზე, ხომ არ შეუწყდა უფლებამოსილება მის წარმომადგენელს ერთ–ერთ უბანზე, დავით სამსონიძეს.

გიორგი ლონდარიძე ირწმუნება, რომ კაპანაძეები ცრუობენ და მსგავსი რამ არ მომხდარა. შესაბამისად, ისიც ამ ეტაპზე სამსახურშია და მუშაობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, რის გამოც აღნიშნული პირები პასუხისგებაში მისცეს, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ურავლის მთიდან მომავალ გზაზე, დაახლოებით, 17:00 საათზე მოხდა.

ბეგლარ კაპანაძის ნაამბობის მიხედვით, იგი მამასთან და შვილთან ერთად მთიდან ბრუნდებოდა. ზემოაღნიშნული პირები კი ბუნებაში ერთ–ერთი მღვდლის დაბადების დღის აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილი. კაპანაძე ამბობს, რომ მას სამი მანქანით გზა გადაუკეტეს და პოლიტიკური მოტივით – არჩევნებზე რატომ იყავი „ნაციონალების“ მხარესო, ფიზიკურად გაუსწორდნენ მასაც და მის მამასა და შვილსაც. სამივე დაშავებული, ნოდარ, ბეგლარ და ზურაბ კაპანაძეები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. სამივე მათგანს მრავლობითი დაჟეჟილობები და ტრამვები ჰქონდა.

აქვე შეგახსენებთ, მომხდარის შემდეგ განცხადება გაავრცელა "ქართულმა ოცნებამ".

"პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ" – ნათქვამი იყო განცხადებაში.

გუშინდელ სხდომას არც კაპანაძეების ადვოკატი და არც თავად კაპანაძეები არ დასწრებიან. მათ მომხდარის შესახებ "სამხრეთის კარიბჭესგან" შეიტყვეს.

"არაფერი ვიცი, დაკითხვების მერე მე არავინ შემხმიანებია. მე თვითონ ვრეკავდი, ამდენხანს რატომ ჭიანურდება საქმე –თქო და მითხრეს, ექსპერტიზის პასუხებს ველოდებითო", – ამბობს ბეგლარ კაპანაძე.

‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს
ავტომანქანა და პირები შემთხვევის ადგილიდან. ფოტო: ბეგლარ კაპანაძე

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
ენმ–ს აქტივისტების ცემაში ბრალდებულ მოხელეებს  საპროცესო გაუფორმეს
‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
„ნაციონალების“ ყოფილი კოორდინატორი საჯარო მოხელეებს ცემაში ადანაშაულებს
ურაველში მომხდარ დაპირისპირებას „ქართული ოცნება“ ეხმაურება
"ნაციონალები" თავდასხმაში "ოცნების" წარმომადგენლებს ადანაშაულებენ