განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოცდების ფორმა და საგამოცდო განრიგის საკითხები სკოლებმა თავად გადაწყვიტეს. ახალციხის საჯარო სკოლებში თარიღები უკვე დანიშნულია. მეთორმეტეკლასელები გამოცდებს ოთხი დღის განმავლობაში ჩააბარებენ.
მეექვსე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საატესტატო გამოცდები ორი შაბათ-კვირის განმავლობაში ჩატარდება. გამოცდებისთვის რეგისტრაცია 33-ვე მეთორმეტეკლასელმა გაიარა.
- ’შექმნილია სამეთვალყურეო საბჭო, საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიები. გამოცდები 15,16, 22 და 23 თებერვალს ჩატარდება. მასწავლებლებმა შესაბამისი ტესტები უკვე შეადგინეს, სადაც როგორც დახურული, ასევე ღია კითხვებიც იქნება’, - განმარტავს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, საშუალება ექნება იგივე საგანი კიდევ ერთხელ ჩააბაროს. საატესტატო გამოცდებითვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ხუთი ქულაა. თუმცა, კერძო სკოლა ’მზექა’-მ გამოცდებისთვის ბარიერი 6 ქულა დააწესა. საატესტატო გამოცდები ’მზექაში’ 15, 20, 25 თებერვალსა და 1 მარტს ჩატარდება.
- ’საატესტატო გამოცდებისთვის 26-ვე მოსწავლეა რეგიტრირებული. ტესტები უკვე შედგენილია, სადაც ის საკითხებია შესული, რაც მოსწავლეებმა უკვე გაიარეს. ასე, რომ მოსწავლეები მომზადებულები არიან’, - ამბობს ბელა კაპანაძე.
გარდა მეთორმეტეკლასელებისა, გამოცდებს ის ბავშვებიც ჩააბარებენ, რომლებმაც სკოლა გასულ წლებში დაამთავრეს და გარკვეულ საგნებში გამოცდა ჩასაბარებელი აქვთ.
იმას, რომ გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება მოსწავლეები დადებითად აფასებენ. მათი თქმით, საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარების შემდეგ, უფრო მეტი დრო ექნებათ, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ.
- ’ზოგადად საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარება რთულია, მაგრამ ვეცდებით მინიმალური ზღვარი მაინც გადავლახოთ. თუ ახლა ვერ ჩავაბარეთ, სამომავლოდ გვეცოდინება რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება’, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე თეონა თაბუნიძე.
აღნიშნულ სკოლას წელს 85 მოსწავლე ამთავრებს. საატესტატო გამოცდების პირველი ეტაპი პირველ სკოლაში 18-დან 21 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.
- ’85-ვე მოსწავლემ რეგიტრაცია უკვე გაიარა. რადგან დაუშვეს ის, რომ ვინც ბარიერს ვერ გადალახავს გამოცდაზე მეორედ გასვლა შეუძლია, ამიტომ დასაკარგი არაფერი აქვთ და გამოცდებზე ყველა გადის’, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.
საატესტატო გამოცდების პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, მეორე ეტაპი კი 2013 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით უნდა ჩატარდეს. გამოცდების ჩაბარების უფლება ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს აქვთ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად, შესაბამის წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.
[თამარ თოთაძე, ახალციხე]