FM97.5 / LIVE

სოფელ სვირში ქალს ოჯახის ხანდაზმულ წევრზე ძალადობაში ამხელენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 21.07.2016
ახალციხეში, სოფელ სვირში, ერთ–ერთი სახლიდან მეზობლებს ქალის გამუდმებული ტირილი ესმით. სოფელში ამბობენ, რომ ამ ოჯახში მცხოვრებ 60 წლის ქალზე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მისი რძალი ძალადობს.

სოფელ სვირში ქალს  ოჯახის ხანდაზმულ წევრზე ძალადობაში ამხელენ

სოფელ სვირში მედიასთან ღიად საუბარს ერიდებიან, რადგან მეზობლის განაწყენება არ სურთ. თუმცა, იმას, რომ 60 წლის ქალს სცემენ და ავიწროებენ, ადასტურებენ.

„წივილ–კივილის ხმა ყველას აწუხებს, ყვირილი გამოდის სულ“, – ამბობენ სოფელ სვირში მცხოვრებლები.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ 60 წლის ქალზე მისი რძალი, ძმის შვილის მეუღლე ძალადობს. ისინი ოჯახში ერთად ცხოვრობენ.

„აივანზე ჰყავთ ეს ქალი, რაც ეგ რძალად მოვიდა, სულ სცემს. ბევრჯერ შევესწარი, ვუთხარი, რატომ სცემ–მეთქი და არ ვცემო, იატაკზე ურტყამს ხელსო“, – გვიყვება ოჯახის ერთ–ერთი მეზობელი.

მისივე ინფორმაციით, ამ ძალადობის გამო ქალს ერთხელ უჩილეს კიდეც: „მე როგორც ვიცი, ეგ აყვანილი იყო ერთხელ“.

გამგებლის წარმომადგენელი სოფელში ბორის შუბითიძე ამბობს, რომ ძალადობის ფაქტს რამდენჯერმე თავადაც შეესწრო: „ახლა მგონი დალაგდნენ, დაწყნარდნენ. რძალი ისეთ რაღაცეებს სთხოვს ავადმყოფს, რომლის გაკეთებაც ამას არ შეუძლია“.

ქალის ტირილის ხმა მაშინაც ისმოდა, როცა სახლს, რომელშიც შემთხვევა ხდება, „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი მიუახლოვდა.
„ჩაიწყვიტე ხმა, სტუმრები მოვიდნენ“, – იყო რეპლიკა ჩვენი დანახვისას.

სახლში ახალგაზრდა გოგო დაგვხდა, რომელიც ოჯახის რძლად გაგვეცნო. ჟურნალისტის დანახვა არ ესიამოვნა, თუმცა სახლის მეორე სართულის აივანზე მაინც მიგვიპატიჟა. აივანზე ძირს მჯდომი ქალი დაგვხვდა, რომელსაც გადაადგილება არ შეეძლო, იგი იატაკზე ხოხავდა და დახმარებას ითხოვდა.

„რა ეტყობა ამას ნაცემი?! ეს ასაკიანია, ამის ასაკამდე მე რომ მივიდე, მადლობა უნდა ვთქვა“,– გვითხრა გოგონამ და დაამატა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და რაღაცეები ეჩვენება, – „ბატონები ჰქონია ბავშვობაში, მამამის უცემია და იმის მერე ასეა. ამ ბოლო დროს ძაღლმა უკბინა და ვეღარ დადის“.

გოგონამ კატეგორიულად უარყო მეზობლების ნათქვამი ოჯახის წევრზე ძალადობის შესახებ. იგი გაამუდმებით იმეორებდა, რომ ქალს ნაცემის არაფერი ეტყობა: „ზის ტირის, დადის ტირის, ჭამს ტირის. ამას ეტყობა რამე ნაცემის? სადაა ნაცემი?! რომ ტირის, ხალხს ჰგონია, რომ ვცემთ“.

ძირს მჯდომმა ქალმა ტირილი ჩვენი საუბრის დროსაც დაიწყო. იგი ცდილობდა ჩვენთვის ეთქვა, რომ ნამდვილად სცემენ.
„ნუღარ ტირიხარ“, – ჩვენი თანდასწრებით უყვირა ქალს გოგონამ.

შეკითხვაზე რატომ არ მიჰყავთ იგი თავშესაფარში, გოგონამ გვიპასუხა: „რატომ უნდა ჩავაბარო?! სადამდეც იცოცხლებს, უნდა ვაცოცხლო“.

სოფელ სვირში ქალს  ოჯახის ხანდაზმულ წევრზე ძალადობაში ამხელენ

ნამდვილად აქვს თუ არა სვირში მცხოვრებ 60 წლის ქალს ფსიქიკური პრობლემები, გარკვევა ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქონერვოლოგიურ განყოფილებაში ვცადეთ.

„არის თუ არა აღრიცხვაზე აყვანილი, ამას ვერ გეტყვით. რატომ ხართ ასე დაინტერესებული? შეიცვალა კანონი და ვერ გეტყვით“, – გვითხრა ახალციხის სარაიონთაშორისო ფსიქონერვოლოგიურ განყოფილების თანამშრომელმა ლამარა კიკნაძემ.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

„თქვენგან შევიტყვეთ ეს ინფორმაცია. აქამდე ჩვენთვის არავის მოუმართავს. სოციალური მუშაკი ჩაერთვება ამ საქმეში და შევისწავლით ოჯახს“, – დაგვპირდნენ სააგენტოში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ ფაქტს ამდენი მოწმე ჰყავს, საკვირველია რატომ იკავებენ ისინი ჩარევისგან თავს.
„ფაქტის შემსწრემ უნდა დარეკოს საპატრულო პოლიციაში, ან წერილობით მიმართოს უბნის ინსპექტორს და მოახდენს რეაგირებას“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ჩიხლაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სოფელ სვირიდან ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შეტყობინება ამ დრომდე არ შესულა.

ბოლო ინფორმაციით, სოფელ სვირში ასვლას ხვალ სოციალური მომსახურების სააგენტო აპირებს.

სოფელ სვირში ქალს  ოჯახის ხანდაზმულ წევრზე ძალადობაში ამხელენ

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამგეობა: სოფელ სვირში ხანდაზმულ ქალზე შესაძლო ძალადობის შესახებ არ ვიცოდით
სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’
სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო
60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ
სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ
სვირში ხანდაზმულ ქალზე ოჯახის წევრები,  სავარაუდოდ, ისევ ძალადობენ