FM97.5 / LIVE

‘გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს’– სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

მთავარისამართალი 29.04.2016
ახალციხის სოფლებში მცხოვრები ეთნიკური სომხები ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსსა და მის თანამშრომლებს ცემაში, ოჯახის წევრების გაუპატიურებით მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ; რა მოხდა სომეხთა გენოციდის 101–ე წლისთავის აღნიშვნისას ახალციხეში;

‘გენოციდის ღამეს პოლიციაში გვცემეს’– სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებენ

23 აპრილს, ღამით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევში მამაკაცი დანით დაჭრეს. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს ახალციხის სოფლებში მცხოვრები ქართველები და ეთნიკური სომხები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი იმ ადგილზე მოხდა, სადაც სოფლებში: აბათხევში, წინუბანსა და ჯულღაში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს გენოციდის დღის აღსანიშნავად საბურავები უნდა დაეწვათ. ადგილზე მისულ სომეხ მოქალაქეებს იქ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქართველები დახვდნენ, ვალეში მცხოვრებლები ერთ–ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. შეხლა–შემოხლის დროს სწორედ ვალეში მცხოვრები მამაკაცი დაჭრეს.

„მუცლის არეში ერთი შემავალი ჭრილობა ჰქონდა, ამჟამად სრულიად ჯანმრთელია და საავადმყოფოდან დღეს გაეწერება“, – ამბობენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

ახალციხის რაიონულმა სამმართველომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, იმ ღამესვე დაიწყო. შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ფაქტის შემსწრე პირები დასაკითხად წაიყვანა.

„მეძინა, პოლიცია დამადგა თავზე, დაბლა ჩამოდიო. ვიფიქრე რაღაცას მკითხავენ და უკან ამოვალ–მეთქი. ცოლის ჩუსტებით გავედი, მაგრამ მანქანაში ჩამსვეს და დაკითხვაზე წამიყვანეს“, – ამბობს სოფელ აბათხევში მცხოვრები ეროვნებით სომეხი 40 წლამდე ასაკის პ.მ., რომლის თქმითაც პოლიცია მამაკაცის დაჭრას მის ძმას აბრალებს.

სოფელ აბათხევში, ჯულღასა და წინუბანში მცხოვრები მამაკაცები ამბობენ, რომ სამართალდამცავები ყველა იმ პირისგან, ვინც დაკითხეს, ითხოვდნენ ეღიარებინათ, რომ მამაკაცი სწორედ პ.მ–ს ძმამ, ს.მ–მ დაჭრა.

„მესამე სართულზე ამიყვანეს, ხელმარჯვნივ ოთახში, იქ ხუთამდე პოლიციელი იყო, სამოქალაქო ფორმა ეცვათ. სახეზე ხელი დამარტყეს, ფეხებშიც მირტყამდნენ. თქვი ვინ დაჭრაო. ვერ ვლაპარაკობდი, წყალი მოვითხოვე, ჭიქით მოიტანეს, მაგრამ თავზე დამასხეს, „პოლზე“ რაც დაიქცა, მითხრეს ზედ დაჯექიო, შემეშინდა და დავჯექი“, – ამბობს პ.მ.

იმ ღამეს პოლიციაში როგორ სცემეს, 30 წლამდე ასაკის ა.ტ–ც გვიყვება: „ფეხით ფეხებში მირტყამდნენ, ხელით მუცელში, გვერდებში. ყვიროდნენ, თქვი, რომ დანა იმ კაცს ს.მ–მ დაარტყაო. არ ვიცი ვინ დაარტყა და არც მითქვამს“.

დასაკითხად მიყვანილი პირების თქმით, მათ პოლიცია ოჯახის წევრების გაუპატიურებითაც დაემუქრა: „თუ არ იტყვით დანა ვინ დაარტყა, თქვენ ოჯახის წევრებს აქ მოვიყვანთ და თქვენ თვალწინ გავაუპატიურებთო“.

მათი განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები გენოციდსაც აგინებდნენ.

„ვიცით ვინც არიან, სახეზე ყველას ვიცნობთ, ერთ–ერთი პოლიციის უფროსია, წყალი იმან დამასხა თავზე და დამარტყა კიდეც“, – ამბობს პ.მ. და ამატებს, რომ პოლიციაში ფიზიკური ზეწოლის დროს მიღებული იარა სახიდან ახლახანს გადაუვიდა.

იმ პოლიციელების ამოცნობა, რომლებსაც ცემასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ, როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ სხვა მოწმის სახით დაკითხული პირები აცხადებენ, მათაც შეუძლიათ. თუმცა, არცერთ მათგანს რეაგირებისთვის ზემდგომ ორგანოში არ მიუმართავს. მხოლოდ ერთმა პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა.

„მან პროკურორ კახა ლეკიშვილთან თქვა, რომ დაზიანებები რაც მაქვს, მივიღე ჩხუბის დროს. პოლიციის განყოფილებაში ერთმა პიროვნებამ დამარტყა, პოლიციელია თუ არა არ ვიცი, ამოცნობა არ შემიძლიაო“, – აცხადებენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში და ამატებენ, რომ აღნიშნულ განცხადებას შეისწავლიან და შესაბამისი რეაგირებაც მოყვება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელების მხრიდან რაიმე ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი ედუარდ აივაზიანი კი აცხადებს, რომ რეაგირებისთვის საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავენ: „პოლიციამ კანონი დაარღვია, ცემა და გინება არ შეიძლება. უნდა გამოიძიონ ეს და პასუხი აგონ ამ ადამიანებმა, მათ კანონი დაარღვიეს და ეს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ დაუპირისპირდნენ ქართველი და სომეხი ახალგაზრდები ერთმანეთს – გენოციდის ღამის ინციდენტის დეტალები
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი  'სამხრეთის კარიბჭეში' გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტზე პროკურატურამ  ძიება დაიწყო
ომბუდსმენის აპარატი: 'პოლიციაში ფიზიკურ ზეწოლას მხოლოდ ერთი  ადასტურებს'
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი სწავლობს
ახალგაზრდები: 'პოლიცია გვაიძულებდა სოფლებში მომხდარი ქურდობები ჩვენს თავზე აგვეღო'
ეთნიკური სომხების პოლიციაში შესაძლო ცემის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია