FM97.5 / LIVE

ასპინძაში საკრედიტო ორგანიზაცია „ჯი ეი კაპიტალს“ შესასვლელი ჩაუკეტეს

მთავარიეკონომიკა 28.03.2016
„ჯი ეი კაპიტალის“ სადავო შესასვლელი; ვინ იყიდა იმ შენობის წინ ფართი, რომელშიც საკრედიტო ორგანიზაცია მდებარეობს და რა კავშირშია ჩაკეტილი შესასვლელი იმ მსესხებელთან, რომელსაც „ჯი ეი კაპიტალმა“ სასამართლო დავა მოუგო.

ასპინძაში საკრედიტო ორგანიზაცია „ჯი ეი კაპიტალს“ შესასვლელი ჩაუკეტეს
დღეს დილიდან ასპინძაში, ყაზბეგის №2–ში მდებარე საკრედიტო ორგანიზაცია „ჯი ეი კაპიტალის“ შესასვლელი ჩაკეტილია და თანამშრომლები გარეთ იცდიან.

„ვიდრე კართან მიხვალ კიბეა ასასვლელი და ისაა ჩაკეტილი, წვიმს და გარეთ ვდგავართ“, – ამბობს „ჯი ეი კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ლელა კახიძე.

კახიძემ ასპინძის რაიონულ სამმართველოს წერილობით უკვე მიმართა: „შევიტანე განცხადება და რეაგირებას ველოდებით. ნაძალადევად მაგას არ გავხსნი“.

ორგანიზაციის შესასვლელი ასპინძის მკვიდრმა, ამავე ორგანიზაციის მსესხებელმა და „ჯი ეი კაპიტალის“ წინ მდებარე 194 კვადრატული მეტრი მიწის მესაკუთრემ გელა ლონდარიძემ ჩაკეტა.

„მე ვარ ამ მიწის მეპატრონე. ცხრა თვეა რაც ეგ ტერიტორია აუქციონზე შევისყიდე. ამის შემდეგ შენობის მესაკუთრემ ჯამბულ ხოზრევანიძემ შემომთავაზა შევისყიდიო. დავთქვით თანხაც, დღეც მაგრამ მატყუებს. ბოლოს შევთანხმდით, რომ 10 მარტს უნდა გადამეფორმებინა, მაგრამ რამდენი დღე გავიდა მას მერე?!“ – კითხულობს გელა ლონდარიძე.

მისი თქმით, მან იმ შენობის მესაკუთრესთან, რომელშიც „ჯი ეი კაპიტალია“ და ასევე მის შვილთანაც დაკავშირება გუშინ არა ერთხელ სცადა, თუმცა როგორც თავად ამბობს, მის სატელეფონო ზარებს არცერთმა უპასუხა, დღეს კი კუთვნილი ტერიტორია შემოღობა.

ხოზრევანძე აცხადებს, რომ გელა ლონდარიძესთან თავად შეხება არასდროს ჰქონია და არც ის იცის დანამდვილებით, რომ გზა მან ჩაკეტა. თუმცა, ამბობს, რომ ლონდარიძემ ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც მის შენობაში ქირით არიან, გააფრთხილა.

„არასწორადაა ეგ მიწა აქუციონზე გამოტანილი, მანდ სახანძრო ზოლია და იქ რაიმეს აშენება არ შეიძლება, თან ჩვენი ნებართვის გარეშეც ვერაფერი ჩაიდგმება, ასეც რომ არ იყოს ნაყარი მიწაა და ზედ რაიმეს აშენება დაუშვებელია“, – ამბობს ხოზრევანძე.

თუმცა, მისივე ნათქვამიდან ირკვევა, რომ წლების წინ აქ ეს ტერიტორია სწორედ აუქციონის გზით თავად იყიდა: „მერე ფულის შეტანა დაგვავიწყდა და ახლა ეს შესასვლელი ჩვენი მაგიტომ აღარაა. არადა შენობას შესასვლელი სჭირდება. მერე ეს ადგილი აუქციონზე თავიდან გამოიტანეს, ვერ გავიგეთ და ლონდარიძემ იყიდა. ამის მერე იძახის გადავკეტავო, არადა 8–10 წელია შენობა ჩემია. შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ალბათ ეს ადგილი რამდენად სწორად გაიყიდა“.

აუქციონზე 194 კვადრატული მეტრი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასაყიდად 2015 წლის ივლისში გაიტანა. თუმცა, გამგეობაში ხოზრევანიძის ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშული ტერიტორიის აუქციონის წესით გაყიდვა თავად ხოზრევანძეს სურდა.

„ეს მიწა სახელმწიფოსი იყო და რადგან შენობა ჰქონდა მანდ ხოზრევანიძეს მის წინ მდებარე ტერიტორიით უკანონოდ სარგებლობდა. უნდოდა რომ კანონიერი მფლობელი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ პირდაპირ მიყიდვის უფლება არ გვქონდა. თავად მოიტანა ნახაზი მაგ მიწის და გვთხოვა აქუციონზე გაგვეტანა, გავიტანეთ და ლონდარიძემ მოუგო“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.

ხოზრევანიძე კი დარწმუენბულია, რომ მიწის გაყიდვის კანონიერების საკითხს სამართალდამცავები გაარკვევენ: „ბუნებრივია, ვიჩივლებთ“.

თუმცა, ვიდრე ხოზრევანიძე იჩიველბს და სამართალდამცავები მიწის გაყიდვის კანონიერებას გამოიკვლევენ, გელა ლონდარიძეს „ჯი ეი კაპიტალისთვის“ იძულებით აღსრულების წესით დაახლოებით 9 000 ლარის გადახდა მოუწევს. როგორც სასამართლოში აღშნიშნული ორგანიზაციის ინტერესების დამცველი ეკა აბაშიძე ამბობს, ლონდარიძის ოჯახის წევრებთან „ჯი ეი კაპიტალს“ სამი ხელშკერულება აქვს გაფორმებული და სესხის გადაუხდელობის გამო, სასამართლოში დავაც გასული წლის მარტში დაასრულა.

სწორედ ამ დავას უკავშირებენ ჯამბულ ხოზრევანიძე და „ჯი ეი კაპიტალის“ თანამშრომლები დღეს გზის ჩაკეტვას: „არასწორად მოიქცა ეს ახალგაზრდა, ამას ალბათ უფრო შურისძიების სახე აქვს“.

თავად ლონდარიძე შურისძიებაზე არა, თუმცა „ჯი ეი კაპიტალთან“ სასამართლო დავაზე საუბრობს და ამბობს, რომ ორგანიზაციამ 3000 ლარიანი დავალიანება 9000–მდე აუყვანა: „სესხს რომ ვიხდიდი 300 ლარი მაკლდებოდა, ვთხოვე ლელა კახიძეს ანგარიში გაეწია და პროცენტი დაეკლო. ანუ პროცენტის პროცენტის დაკლებას ვითხოვდი და სასაცილოდ ამიგდეს. წამოვედი და არც ის თანხა შემიტანია. მერე სასამართლოს გადამცეს“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ვიდრე იძულებით აღსრულების წესით ლონდარიძისგან თანხას ამოიღებენ, შესაძლოა მის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი დავა დაიწყოს. როგორც „ჯი ეი კაპიტალის“ ადვოკატი ეკა აბაშიძე ამბობს, დღეს გარდა ორგანიზაციისა, იმის გამო, რომ შენობაში მსესხებლები ვერ შევიდნენ, პროცენტი ვერ გადაიხადეს: „დრო ფულია და ამ პროცესის შეფერხების გამო მიყენებულ ზარალს დაითვლიან, შემდეგ კი მის ამოღებაზე იფიქრებენ“.

მანამდე კი ორგანიზაციის თანამშრომლები ჩაკეტილ კართან იცდიან და სამართალდამცავების მხრიდან რეაგირებას ელიან.

„განცხადებაზე, რომელიც მათ შემოიტანეს წინასაგამოძიებო მოკვლევა დაიწყება, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება ძიება გაგრძელდება“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში საკრედიტო ორგანიზაცია 'ჯი ეი კაპიტალის' შესასვლელი მეორე დღეა ჩაკეტილია
ასპინძაში 'ჯი ეი კაპიტალის' შესასვლელი გაიხსნა
დაუდასტურებელი ინფორმაციით ასპინძის გამგებლის მოადგილე დააკავეს
სასამართლო გადაწყვეტს გამოასახლებენ თუ არა იძულებით იაკობაძეებს
რატომ ვერ მოგვარდა ადიგენის სასაფლაოს ტერიტორიის საკითხზე ფორმალური მხარე
‘ადგილი უკანონოდ გამოუყვეს, მაგისი სიძე დეპუტატია’ – დავა მიწის ნაკვეთის გამო
ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები იძულებით განაცდურის მიღებას სასამართლოს გზით ეცდებიან