FM97.5 / LIVE

ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე

მთავარი 05.12.2012
საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს; ქალაქი უბნის ექიმების გარეშე დარჩა; სადაზღვევო კომპანიის ინტერესს მორგებული ჯანდაცვის სისტემა თუ დაზღვევით “გამარტივებული მომსახურება“

ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე

„უნიმედი სამცხე“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებიდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს: 2 პედიატრი 2 თერაპევტი და 10 მედდა. ყველა მათგანი ყოფილი პოლიკლინიკის თანამშრომელი იყო. შეგახსენებთ, რომ ყოფილი ახალციხის რაიონული პოლიკლინიკა საავადმყოფოს 2011 წლის სექტმებერში შეუერთდა.

საავადმყოფოს ახალმა მფლობელმა „ჩემი ოჯახის კლინიკამ“, რომელიც „ალდაგი ბი სი აის“ შვილობილი კომპანიაა, ჯერ მედდებს ხელფასი 22 ლარი გაუხადა, შემდეგ კი სამსახურიდან გათავისულფების შესახებაც აცნობა.

- „მენეჯერთან გავაპროტესტეთ ხელფასის რაოდენობა და სწორედ ამ დროს მოვიდა ელექტრონული ფოსტით ბრძანება ჩვენი გათავისუფლების შესახებ“, - ამბობს მედდა ნაზი პონიატოვსკი.

მედპერსონალი აცხადებს, რომ ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე დარჩა.

- „პირველადი პრევენციაო იძახიან და დატოვეს ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე. ვინ მოემსახურება 0-დან 5 წლამდე ბავშვებს?! 60 წლის ზემოთ ხალხს?! ამდენი წელი თუ საჭირო ვიყავით, ახლა აღარ ვართ საჭირო?!“ - კითხულობს მედდა მარინა ადანაია, რომელიც ბავშვთა განყოფილებაში 30 წელი მუშაობდა.

ნანი ყურმაშვილი ამბობს, რომ ახალციხეში 2500 დაზღვეული ბავშვია: „ამ ბავშვებს მომსახურება ხომ სჭირდებათ?! ქალაქში 24 000 მოსახლე ცხვორობს, ვინ უნდა მოემსახუროს მათ?! ამბობენ საყოველთაო დაზღვევა იწყება და პირველადი ჯანდაცვა უმჯობესდებაო. თუ ყველა დააზღვიეს, როგორ აპირებენ ამ ხალხის მომსახურებას?!“

მედდების განცხადებით, მედპერსონალის შემცირება მხოლოდ ყოფილი პოლიკლინიკის თანამშრომლების ხარჯზე მოხდა. „ალდაგი ბი სი აის“ სტაციონარში არავინ შეუმცირებია. თუმცა მაშინ, როცა კომპანია საავადმყოფოში შევიდა, მედპერსონალს დაპირდა, რომ სამსახურიდან არავის გაათავისუფლებდა: „თუ სასწრაფო, ფტიზიატრია და ფსიქო დარჩა სახელმწიფო დაფინანასებით, რა დააშავა პოლიკლინიკამ?!“

პოლიკლინიკის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ 6-თვიანი გადასამზადებელი კურსები გაიარეს.

- „ამის შემდეგაც 100 ლარზე ვმუშაობდით, ახლა კი სულ გამოგვიშვეს სამსახურიდან. სოფლის ექიმებს არავინ ეხება. 7 ბავშვი ჰყავდათ და 300 ლარი ჰქონდათ ხელფასი, ჩვენთან თითო მედდას მინიმუმ 400 ბავშვი ჰყავდა და 100 ლარი იყო ანაზღაურება. სოფლის ბავშვებს სჭირდებათ ექიმი და ქალაქის ბავშვებს არა?!“ - კითხულობენ მედდები.

მარინა ადანაიას თქმით, როცა ქალაქში რაიმე ეპიდემია ჩნდებოდა, კარდაკარ დადიოდნენ და აცრებს ატარებდნენ: „ღამეებს ვათენებდით, რა იციან ახლა რა ეპიდემია გაჩნდება?! პირველადი პრევენციის გარეშე 10 წელიწადში სავალალო შედეგებს მივიღებთ“.

მედპერსონალი ფიქრობს, რომ ასეთ ფონს ყოფილი ხელისუფლება ამჟამინდელ მმართველობას შეგნებულად უქმნის, რადგან ცდილობს ახალ ხელისუფლებას მეტი უკმაყოფილო ადამიანი გაუჩინოს. თუმცა მედდები ამბობენ, რომ აქ დღევანდელი მმართველობა არაფერ შუაშია, რადგან „ალდაგი ბი სი აი“ ახალციხეში შემოსვლას აგვისტოდან გეგმავდა. ეს კი არჩევნებამდე იმიტომ არ განახორციელეს, რომ ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნოდ განაწყენებული ადამიანების რიცხვი დააკლეს.

- „ძველი მთავრობის გადმონაშთი ვინც მუშაობს ხელმძღვანელ თანამდებობებზე, უნდა მოხსნან ყველა“, - ამბობს ნაზი პონიატოვსკი.

საავადმყოფოში სადაზღვევო კომპანიის შესვლის შემდეგ ტარიფებიც გაორმაგდა.

- „კაცს ხელზე 2 ნაკერი დაადეს და 25 ლარი გადაახდევინეს. ნაკერების ამოსაღებად მოსული უკან გაბრუნდა, რადგან ნაკერის მოხსნაში 30 ლარი მოსთხოვეს. სახლში ნაკერები არასტერილური მაკრატლით, თვითონ ამოიღო, - ამბობს ნაზი პონიატოვსკი - სადაზღვევო კომპანიებისთვის სამედიცინო დაწესებულებების გადაცემა უნდა გააუქმონ. ასე ხალხიც ზარალდება და მედპერსონალიც. მას შემდეგ რაც სადღავევო კომპანია შემოვიდა, აცხადებს რომ აქ ბიზნესის საკეთებლად მოვიდა“.

მედდებმა კითხვაზე: რატომ აღარაა საჭირო პირველადი ჯანდაცვა ხელმძღვანელებისგან პასუხი ვერ მიიღეს.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულების მენეჯერმა დავით მაისურაძემ განუცხადა, სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ნოლიდან 5-წლამდე და 60 წლის ზემოთ ბენეფიციარებს გარკვეულ თანხას უხდიდა, გაუქმდა: „ეს კონტიგენტი სექტემბრიდან დაზღვეულ იქნა. აღნიშნული კონტიგენტის მომსახურება გადავიდა სადაზღვევო კომპანიასთან და სადაზღვევო კომპანია აი ამას აკეთებს. ის კომპანია უზრუნველყოფს დაზღვეული ბენეფიციარების მომსახურებას, რომელიც ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში შევიდა“.

საავადმყოფოში 7 უბნის ექიმი დარჩა. მაისურაძის თქმით, საქართველოში მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს აქვთ ვალდებულება 2000 ბენეფიციარზე, 18 წლის ზემოთ, არსებობდეს ერთი ექიმი. 700 ბავშვზე კი, 18 წლის ქვემოთ, ერთი პედიატრი. რადგან ახალციხე თვითმმართველი ქალაქი არ არის, ამ კონტიგენტის მომსახურე კომპანიას არ აქვს ვალდებულება, რომ ჰყავდეს აღნიშნული პროფილით ექიმები. მას უნდა ჰყავდეს ოჯახის ექიმები და ჰყავს კიდეც: „ოჯახის ექიმები ნოლიდან გარდაცვალებამდე, თავიანთი სპეციალობის მიხედვით, უვლიან ბენეფიციარებს, ისე როგორც ეს სოფლის ექიმების - ფიზიკური პირების შემთხვევაში ხდება“.

ჯანდაცვის ექსპერტის ირაკლი სასანიას განცხადებით, აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამას არანაირი კავშირი არ აქვს მედპერსონალის გათავისულფებასთან: „ეს არის უნამუსო დამოკიდებულება, აქ ადმინისტრაციული მიზეზები აქვთ და უმჯობესი იქნებოდა ასე აეხსნათ ეს. დაზღვევის მოდელი დაფუძნებულია პირველად ჯანდაცვაზე. მანდ გათავისულფების მიზეზი სხვაა და აქ დაზღვევას არანაირი კავშირი არ აქვს“.

სასანიას თქმით, მით უფრო მას შემდეგ, რაც საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდება, პრიორიტეტი სწორედ პირველადი ჯანდაცვა იქნება. ამდენად, კიდევ უფრო მეტი კვალიფიციური მედპერსონალი დაგვჭირდება, ვიდრე ახლა გვყავს, რადგან პირველ ხანებში საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში მიმართვიანობა გაიზრდება.

საავადმყოფოს ახალ მფლობელობაში გადასვლის შემდეგ ჯერ მხოლოდ ყოფილი პოლიკლინიკის თანამშრომლები გაათავისუფლეს. დარჩენილ ექიმებს ხელფასები მნიშვნელოვნად შეუმცირეს. თუმცა, როგორც ხელმძღვანელები პირად საუბრებში ამბობენ, საავადმყოფოში თანამშრომლების შემცირებას კიდევ გეგმავენ.

„სამხრეთის კარიბჭემ“ მომხდარზე კომენტარის მისაღებად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, 29 ნოემბერს, თანამშრომელთა გათავისუფლების დღესვე მიმართა. სამინისტრო კითხვაზე პასუხის გაცემას დეკემბრის პირველ სამუშაო კვირაში დაგვპირდა. რა პოზიცია აქვს მომხდართან დაკავშირებით სამინისტროს, როგორ განვითარდება მოვლენები ახალციხის საავადმყოფოში და შეიცვლება თუ არა მომსახურების ტარიფები, ამ საკითხებს „სამხრეთის კარიბჭე“ თვალყურს მიადევნებს და ინფორმაციას მომავალშიც მოგაწვდით.

[თამუნა უჩიძე,თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს [Video]
გათავისუფლებული ექიმები ჩივილს აპირებენ
გათავისუფლებულმა ექიმებმა გამგებელს მიმართეს
ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
დაზღვევის ანაბარად მიტოვებული პაციენტები
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს