ნინოწმინდის შორიახლოს ორი სოფელია დიდი და პატარა ხანჩალი. ამ უკანასკნელში წასვლა მძღოლებს არ უყვართ. მართალია, სოფელი ქალაქ ნინოწმინდასთან ახლოსაა, მაგრამ იქამდე მიღწევა მართლაც რთულია.
ხანჩალში ყველა დილა ერთნაირად იწყება – რიგებით სოფლის წყაროებთან და ადგილობრივების ნაკადით რძის ქარხნისკენ, სადაც კარაქსა და ყველს ამზადებენ.
სოფლის მარჯვნივ ტბაა, ამავე სახელწოდების და დაშრობის პირას. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ადრე ტბა საცხოვრებელ სახლებამდე აღწევდა. ახლა ტბის ნაპირებზე ლელქაშია მოდებული. აქ ნადირობის სეზონი უკვე დაწყებულია და ჩამოსული მონადირეები იხვებსა და სხვა გარეულ ფრინველზე ნადირობენ.

გარდა ტბისა, სოფელს სხვა სოფლებიდან კიდევ ერთი ნიშანი გამოარჩევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანჩალი ესოიანების სოფელია, ესოიანები სოფლის ყველაზე დიდი გვარია.
სოფლის მთავარი პრობლემა წყალი და ცუდი გზებია. `სოფლის მხარდაჭერის პროგრამით~ მიღებული 12,000 ლარით გზები ნაწილობრივ მოასწორეს, თუმცა, პრობლემა ამით არ მოგვარდა. ახლა ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ჯობდა ამ თანხით სასმელი წყლის პრობლემა მოეგვარებინათ.

სოფელში ბევრი პატარა წყაროა. ერთ-ერთისკენ დროშიანი ურიკით ორი ქალბატონი მიეშურება.
"საქონლისთვის წყალს ზამთარში ტბიდან ვეზიდებით. თოვლს ნიჩბებით ვხვეტავთ, დილას კი გაწმენდილ ბილიკს ქარბუქი კვლავ თოვლით ფარავს. კაცები ისევ წვალობენ, რომ საქონლისთვის როგორმე წყალი მოიტანონ. წყალი სასმელადაც მოგვაქვს. წყლის პრობლემა უმთავრესია. ადამიანს საკვებისა და წყლის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია", - გვეუბნება სონია ესოიანი.
წყაროსთან შეკრებილ ქალბატონებს სხვა პრობლემაც აწუხებთ. როგორც კი სატვირთო მანქანა გამოჩნდება, მაშინვე კითხულობენ, კარტოფილის ყიდვა ხომ არავის უნდა.
`80 მეასედზე მქონდა დარგული და კარგი მოსავალიც ავიღე. ჩვენთვის მთავარია, კარტოფილის მოსავალი კარგი იყოს და ძროხები ბევრ რძეს იწველიდნენ. აი, სულ ესაა~, - ამბობს ხაჩატურ ესოიანი.
ბევრი გვეუბნება, რომ რუსეთში სამუშაოდ უნდათ წასვლა, მაგრამ ვერ ახერხებენ.

"რუსეთში ვერ მივდივართ, ქართული პასპორტებით ეს შეუძლებელია. სომხეთის პასპორტის მისაღებად სომხეთის ჯარში უნდა იმსახურო და მერე შეძლებ რუსეთში წასვლას. საზღვრებს არ ხსნიან, რომ წავიდეთ", - გვეუბნება გიორგი ესოიანი.
სოფლის მცხოვრებლების დიდ ნაწილს სამუშაოს პოვნა ადგილზე, მშენებლობებზე ურჩევნია.
"მუნიციპალიტეტში ბევრი სამშენებლო სამუშაოა, მაგრამ არ გვიღებენ. ჩამოყავთ ხალხი", - ამბობს ზორიკ ვართანიანი.
სოფლის დატოვება ძირითადად ახალგაზრდებს უნდათ. მათ აქ არც სამუშაო ადგილები აქვთ და არც გასართობი.
"სოფელში არაფერია, რომ ახალგაზრდობამ სადმე დრო გაატაროს. სამსახურს ვამთავრებთ და მერე ეზოებში ვსხედვართ. სადმე შეკრების და თამაშის ადგილიც არ არის. კლუბში თანამშრომლები არ გვიშვებენ. გვინდა ერთი ოთახი მაინც გვქონდეს, სადაც ზამთარში შევიკრიბებოდით და რაიმეს გავაკეთებდით", - ამბობს ოგანეს ესოიანი.
ზამთარში სოფლის მცხოვრებლები სახლებს შეშით ან წივით (გამხმარი ნაკელით) ათბობენ. ყველა ელოდება, როდის შევა სოფელში გაზი.
"სოფლამდე მოყვანილია, მაგრამ სოფელში ჯერ არ შემოუყვანიათ. ამბობენ, რომ სამუშაოები ჯერ არ დამთავრებულა. ამისთვის მათ ისედაც ცუდი გზა კიდევ გათხარეს. ზამთარში ჩვენი გზები, ქარბუქის დროს 2-4 დღით იკეტება", - ამბობს რაფიკ ესოიანი.
სოფელში მოსწავლეების რაოდენობაც შემცირდა. სკოლაში 80 მოსწავლეა.
"ბიბლიოთეკაში ვმუშაობ. მართალია, სკოლა შორსაა, მაგრამ 45-ლარიან ხელფასზე მაინც ყოველდღე დავდივარ. წელს სკოლას 10 მოსწავლე ამთავრებს, პირველ კლასში კი მხოლოს ოთხი ბავშვია", - ამბობს ანუშიკ ესოიანი და ამატებს, რომ სოფელში ქალებს განსაკუთრებით უჭირთ, - ყველაფერი ქალების ზურგზეა. მაგალითად, მე დღეში 7 ძროხას ვწველი. ბევრი წვალებაა, რძე კი იაფია".
ბოლო პერიოდში სოფელს მტაცებელი შეეჩვია. ზოგჯერ ადგილობრივები სისხლგამოცლილ ქათმებსა და ღორებს პოულობენ.
"ღამე ნადირობს, ვერაფრით დავიჭირეთ. ყოველდღე ვინმეს ქათმებს და წიწილებს ახრჩობს", - გვეუბნება რაფიკ ესოიანი.
პატარა ხანჩალის მოსაწყენ ყოველდღიურობაში მრავალფეროვნება მხოლოდ ტურისტებსა და მონადირეებს შეაქვთ. ამ უკანასკნელთ სოფელში დიდი ხანია შეეჩვივნენ.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]