
“დაახლოებით 20 წუთში ვიქნებით”, - გვეუბნება ტაქსის მძღოლი და ჩვენი მგზავრობაც იწყება.
ავტომაგისტრალის მოასფალტებული ნაწილი მალე სრულდება, ზაფხულის სიცხეს ამორტიზებული გზიდან ავარდნილი მტვერიც ემატება და სუნთქვა სჭირს. თუმცა, მძღოლის პროგნოზი მართლდება, სულ რაღაც 20 წუთი და სოფელ ხორენიაში ვართ.
ადგილზე მისულები ვიგებთ, რომ სოფელი ხორენია ერთი კი არა, ორია, თანაც ორივე სხვადასხვა სახელწოდებით და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. პატარა ხორენია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, დიდი ხორენია კი – ახალქალაქს.
დიდ და პატარა ხორენიას ერთმანეთისგან მდინარე ფარავანი და ძველი ხიდი ყოფს.
ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ მართალია ახლა მათ სოფელში ასასვლელად ნახევარი საათიც არ დაგვჭირდა, მაგრამ ზამთარში, უხვი თოვლის გამო, იქ საერთოდ ვერ ავალთ.

სოფელში დაახლოებით 120 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობითა და მეკარტოფილეობით ირჩენს თავს.თუმცა, ოჯახებს, რომელტა წევრებიც სამუშაოდ სხვა ქვეყანაში, ძირითადად სომხეთსა და რუსეთში არ არიან წასული, ძალიან უჭირთ.
იშვიათია სოფელში სახლი, რომლის ეზოშიც მზეზე გასაშრობად გამოფენილი ნაკელი არ იყოს. ადგილობრივების თქმით, ეგრეთ წოდებული წივა ზამთარში შეშის ალტერნატივაა.
“შეშას ცოტა ყიდულობს, გაზი კი არ არის, ამიტომ ნაკელს ვწვავთ”. – ამბობს შავარშ კირაკოსიანი.
თუმცა სოფლის ძირითადი პრობლემა არა სათბობი, არამედ სასმელი წყალია.
“მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მდინარე ჩამოდის, სასმელი წყალი მაინც არ გვაქვს. არც სასმელი და არც სარწყავი, ამიტომაც კარტოფილს ცოტას ვრგავთ. სასმელი წყალი კი ძალიან უხარისხოა. ყველა ოჯახს საკუთარი ჭა აქვს, საიდანაც წყალი ელექტროენერგიის დახმარებით ამოგვაქვს. თუ ელექტროენერგია არ არის, მდინარის შორიახლოს მდებარე ჭით ვსარგებლობთ, სადაც ზოგჯერ თევზები და ბაყაყებიც არის”, - გვეუბნება სოფლის მცხოვრები სამველ პეტროსიანი.
სასმელ წყალს სოფელში ძალიან უფრთხილდებიან, ამიტომაც ქალები სარეცხს მდინარეში რეცხავენ.
სოფლის შიდა გზები ქვის გროვებითა და მიწის ბელტებითაა დფარული. წვიმის შემდეგ კი გზაზე ისეთი ტალახია, გადაადგილება ჭირს.
სოფელში ყველგან მსხვილფეხა პირუტყვი და ცხვრის ფარა გვხვდება. ეზოები თივის ზვინებითაა სავსე. საქონლის საკვებ თივას მოსახლეობა უკვე აგვისტოში იმარაგებს. არსად, არცერთ ეზოში ხეხილის ხეები არ ჩანს.
“მაინც არ გაიზრდება, რისთვის დავრგოთ”, - ამბობენ სოფელში.

მთელი დღე, ვიდრე ჩვენ ხორენიას ვსტუმრობთ, სოფელჩი მუსიკისა და სიმღერის ხმა ისმის.
“ეს სოფლის მომღერალი გადის საქორწილო სიმღერების რეპეტიციებს”, - გვიხსნიან ადგილობრივები.
სოფლის ახალგაზრდობა მდინარის პირასაა შეკრებილი. ზოგი იქვე ხიდთან, საუბარშია გართული. ერთ-ერთი მდინარეში მანქანას რეცხავს. ზოგიც ცოტა მოშორებით თევზაობს.
ხორენიის კიდევ ერთი პრობლემა ძველი ეკლესიის სახურავია. რკინის სახურავს სიძველე და ჟანგი მოსდებია.
“დიდი ხანია, ეკლესიის გადარჩენას ვცდილობთ. გვყავს სპონსორი ჩვენივე სოფლიდან, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. მან ახალი სახურავისთვის რკინის მასალა შეიძინა, თუმცა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არც მისი შეცვლის უფლებას გვაძლევს და XX საუკუნის ეკლესიის გადარჩენისთვის არც თავად აკეთებს რაიმეს”, - გვეუბნება სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელიც ვინაობას არ გვიმხელს.
ორივე, დიდსა და პატარა ხორენიაშიც, მრავალი უძველესი ძეგლია. სოფელს ნახევრად დანგრეული ციხე-სიმაგრე გადმოჰყურებს, უამრავი შესასვლელ-გამოსასვლელით. მოსახლეობას სიმაგრეში შესვლის ეშინია
.
“საით მიემართება ეს მიწისქვეშა ბილიკები არავის აინტერესებს. არაოსდეს არავინ მოსულა”, - ამბობენ სოფელში და ფიქრობენ, რომ ამ ციხის მიხედვა სოფლისთვისაც მომგებიანი იქნებოდა და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითც.
სოფელში გენოციდის მსხვერპლთა პატივისცემად ორი ძეგლია აღმართული.
“სომეხთა გენოციდის ძეგლები იმ საწყობების ადგილას აღვმართეთ, რომლებიც თურქებმა მთა აბულის საძოვრებიდან დაბრუნებული ადგილობრივი მცხოვრებლებით აავსეს. 800 ადამიანი დახვრიტეს და შენობის ნანგრევებში სასიკვდილოდ განწირულები დატოვეს. დანარჩენები, ვინც წალკაში გაქცევა მოახერხა, გზაში სიცივისგან დაიხოცნენ. ჩვენ ყოველ წელს, 24 აპრილს, დაღუპულთა მოხსენიების დღეს ძეგლებთან მოვდივართ და მათ ყვავილებით ვამკობთ”, - ამბობს სოფლის მცხოვრები შავარშ კირაკოსიანი.

უკან ვბრუნდებით. გზაზე ადგილობრივების იმედიანი მზერა მოგვაცილებს.
იქვე, მდინარის პირას, ერთი დიასახლისი თეთრეულს რეცხავს. დიდი ხორენიის მკვიდრია თუ პატარა ხორენიის, აღარ ვეკითხებით. სოფელს, ორი სახელწოდებით, ერთი, საერთო პრობლემა აქვს, დიასახლისებს იმედი აქვთ, რომ წყლის პრობლემა დაზამთრებამდე მაინც მოგვარდება და ტანისამოსის დარეცხვა გაყინულ წყალში აღარ მოუხდებათ.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]