
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის 54 სოფელში გასულ წელს 462 000 ლარი დაიხარჯა. 2012 წელს კი თანხამ 537 000 ლარამდე მოიმატა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ჯემალ იაკობაძის განმარტებით, მიმდინარე წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის” პრიორიტეტები შეცვლილია: “წინა წლებში სოფლის მოსახლეობისთვის მთავარი რიტუალების სახლების მოწყობა და ინვენტარით აღჭურვა იყო, წელს კი რიგით პირველი პრიორიტეტი შიდა გზებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაციაა”.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი განმარტავს, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სასმელი წყლის პრობლემა მუნიციპალიტეტის რვა სოფელში მოგვარდება: “მიმდინარე წელს სასმელი წყალი ვარხანში, სოფელ ადიგენში, არალში, ჭეჭლაში, წახანში, ხევაშენში, ღორთუბანსა და ზედაუბანში გაკეთდება”.
მოსახლეობის თქმით, იმის გამო, რომ თითო სოფლისთვის გამოყოფილი თანხა ბევრს ვერაფერს გაწვდება, პრიორიტეტად ისეთ პრობლემას ასახელებენ, რასაც აღნიშნული თანხა ეყოფა. სასმელი წყლის პრობლემა ადიგენის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში აწუხებთ, მაგრამ პრიორიტეტად მაინც რიტუალების სახლს ასახელებენ.
- “შარშან რიტუალების სახლი გაკეთდა. სახურავი გაფუჭებული იყო და წყალი ჩამოდიოდა. შიგნიდან გაილესა და გადაიხურა, მაგრამ ბოლომდე არ არის დამთავრებული. ის თანხა სასმელ წყალს მაინც არ ეყოფოდა”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მცხოვრები კახაბერ მაისურაძე.
მიმდინარე წელს ბოლაჯურის მოსახლეობა სოფლისთვის რიგით პირველ პრიორიტეტად სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ასახელებს. აქაურები ამბობენ, რომ სასმელი წყლის გაკეთება სახელმწიფომ წლების წინ სცადა, თანხა დაიხარჯა, მაგრამ მოსახლეობას სასმელი წყალი მაინც არ მიეწოდება.
- “1987-1988 წლებში დაიწყო სასმელი წყლის გამოყვანა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. მერე, 2004 წელს სასმელი წყლისთვის 50 ათასი ლარი გამოიყო, ორი ავზი გააკეთეს, ფილტრაციისთვის შენობა დადგეს და ეს ფული ამაში დახარჯეს. ზემოდან თუ წყალი არ წამოვიდა, ეგ ფილტრი რად გვინდა?!” - უკვირს ბოლაჯურელ ლეონ სარიშვილს.
სასმელი წყლის პრობლემის მოგვარემას ბენარის მოსახლეობა უკვე მეორე წელია ცდილობას. სოფელში ამბობენ, რომ გარდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გადმორიცხული თანხისა, აღნიშნული პრობლემისთვის სახელმწიფოსგან დამატებით 75 ათასი ლარი მიიღეს. თანხა კი მას შემდეგ გადმოირიცხა, რაც ადგილობრივებმა სოფლის პრობლემა საქართველოს პრეზიდენტს გააგებინეს.
- “ლაივი პრეზიდენტთან რომ იყო, სოფლიდან ერთ-ერთმა მოსახლემ დარეკა და ბენარაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება სთხოვა. მთავრობამ 75 ათასი გადმორიცხა. გარდა ამისა, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” შარშან 6 900 გამოიყო, წელს 9 000 და ორივე წელს ამ პრობლემის მოგვარებაში ჩაიდო. 10 კილომეტრია იქიდან, საიდანაც სასმელი წყალი ჩვენ სოფლამდე უნდა მოვიდეს”, - ამბობს სოფელ ბენარაში მცხოვრები გაგა ცარუკიანი.
ბენარის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს. იმის გამო, რომ სოფელს წყალი არ მიეწოდება, მოსახლეობა მდინარიდან 20 მეტრის მოშორებით მდებარე ჭიდან ეზიდება. თუმცა, აქაურები ამბობენ, რომ სასმელად არც ეს წყალი ვარგა.
- “ძალიან ბინძური წყალია დიდები კი ვსვამთ, მაგრამ ვისაც ოჯახში პატარა ბავშვი ჰყავს ცდილობს დასალევი წყალი იყიდოს”, - ამბობს სოფელ ბენარაში მცხოვრები ბადრი გუბელაძე და ამატებს, რომ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” დახმარებით პრობლემა წელს საბოლოოდ გადაიჭრება.
[თამარ თოთაძე, ადიგენი]