
ეფრემოვკა თითქმის საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარეობს. სოფელს ყველა მხრიდან ჰექტრობით საძოვარი ესაზღვრება. თავად ეფრემოვკაში ხეები თითზე ჩამოსათვლელადაა.
შეიძლება ითქვას, რომ სოფელი ერთი ქუჩაა ორივე მხარეს მდგომი სახლებით. ქუჩის დასაწყისში ნახევრადდანგრეული, მოხატულპარმაღებიანი და გახუნებულ ცისფერკედლებიანი სახლები დგას. ეს მიგვანიშნებს, რომ აქ დუხობორები ცხოვრობდნენ. დუხობორთა დაახლოებით 30 ოჯახიდან დღეს ეფრემოვკაში ორიღაა დარჩენილი.
ეფრემოვკაში წყალი ძვირი და არამუდმივი სიამოვნებაა. სოფლის მცხოვრებლები წყალს ელექტროენერგიაზე მომუშავე ტუმბოებით ქაჩავენ. მათი თქმით, დღეში 1 საათის განმავლობაში მომდინარე წყალი თვეში 12 ლარი უჯდებათ. თუმცა ახლა ეს `ძვირადღირებული წყალიც~ ძვირი სიამოვნება გახდა, რადგან ელექტროსადენები ცუდ მდგომარეობაშია და ხშირად ავარიები ხდება.
- "ამ ეტაპზე ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს წყალი, რადგან არ გვაქვს დენი. სოფელში ტუმბოები უყურადღებოდაა დარჩენილი. წყალს 70-80 მეტრის სიღრმიდან ვქაჩავთ, თუ დენი არ არის, ე.ი. ტუმბოც არ მუშაობს. შუქი კი ხშირად ქრება, რადგან სადენები ძველია და შეცვლა ჭირდება", - გვიამბობენ სოფელში.
ეფრემოვკის მკვიდრი გიორგი ქობელიანი ამბობს, რომ ხშირად სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან: "ზამთარში მარხილებით დავდივართ სხვა სოფლებში წყლის მოსატანად. ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდებით, მხოლოდ მათ სასარგებლოდ".
გასულ საუკუნეში დუხობორებმა თავიანთი სახლები სოფლების: ფოკას, არაგიალისა და სათხას მცხოვრებლებსა და ქართულ და სომხურ ფონდებს მიყიდეს. ამ უკანასკნელებმა აქტიურად დაიწყეს ეფრემოვკის ტერიტორიის ათვისება, რომლებიც საძოვრებით მდიდარი და მესაქონლეობისთვის მოხერხებულია. სწორედ ამ საქმიანობას ეწევა დღეს სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა.
თუმცა, პრობლემა მხოლოდ დენი და წყალი არ არის. ადგილობრივები ჩივიან, რომ სოფელში მაღაზიის არარსებობის გამო საყიდლებზე გორელოვკაში ან ჟდანოვაკანში უხდებათ წასვლა.
- "ვისაც როგორ შეუძლია, ისე მიდის მაღაზიაში, მანქანებით, ცხენებით, მარხილებით", - ამბობენ სოფლის მცხოვრებლები.
სოფელში არც რიტუალების სახლია. სკოლის შენობაში ქელეხის ან ქორწილის გამართვის ნებართვის მისაღებად, ადგილობრივებს ნინოწმინდის რესურსცენტრში უწევთ წასვლა. ორი წელიწადია, რაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით რიტუალების სახლი შენდება, თუმცა, ეს ფული მხოლოდ საძირკველს ეყო.
- "საძირკველს 6000 ლარად აკეთებენ. ახლახანს 17 წლის გოგონა გარდაიცვალა, სულის მოსახსენიებელი სუფრის გასაშლელად ნებართვისთვის ნინოწმინდაში წასვლა მოგვიხდა, მათ კი რესურსცენტრში გადაგვამისამართეს, რათა სკოლის შენობაში სუფრის გაშლის ნებართვა მათ მოეცათ. ამ დღეს სკოლაში გაკვეთილები არ ჩატარებულა", - გვეუბნება ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები.
ზამთარში ეფრემოვკაში ცხოვრება უფრო რთულდება. თოვლი სოფლის შიდა გზებსაც ფარავს და ადგილობრივები სახლებიდან ვერ გამოდიან. ზოგჯერ საავადმყოფოში წასვლაც შეუძლებელია.
- "სოფლის გზას ადგილობრივი ხელისუფლება არ წმენდს. აი, ეგრე უბრალოდ, არ წმენდს. ყველა ადამიანი შეძლების ფარგლებში საკუთარ ეზოს ასუფთავებს", - გვიამბობს გიორგი ქობელიანი.
წყლის, დენის, მაღაზიისა და სარიტუალო სახლის გარეშე, მოახლოებული ზამთრისა და გზების დაკეტვის მოლოდინში მიდის ყოველდღიური ცხოვრება ეფრემოვკაში.
[ქრისტინა მარაბიანი, ეფრემოვკა]