FM97.5 / LIVE

ვინ იქნება შემდეგი? – „გადადგომების სერია“ ახალციხეში [Video]

მთავარიპოლიტიკა, ვიდეო 20.07.2015
კაჭკაჭაშვილი, ბალიაშვილი, ბაგინაშვილი – სამ დღეში გაჩენილი სამი ვაკანტური პოზიცია. ვინ და რა ვითარებაში დატოვა სამსახური ახალციხეში და რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მომხდარზე.

ვინ იქნება შემდეგი? – „გადადგომების სერია“ ახალციხეში [Video]

გასულ კვირას, სამ დღეში, ახალციხეში თანამდებობა სამმა პიროვნებამ დატოვა: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა, ახალციხის მერიას დაქვემდებარებული შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორმა გიორგი ბალიაშვილმა და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის სერვისცენტრის მენეჯერმა გიორგი ბაგინაშვილმა.

სამივე ირწმუნება, რომ გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერეს. თუმცა, განსხვავებით გუბერნატორის მოადგილისა და „კეთილმოწყობის“ უფროსისგან, რომლებიც, მას შემდეგ რაც განცხადება დაწერეს, სამსახურში აღარ მისულან, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი იმ დღეს სამსახურში ჩვეულებრივად გამოცხადდა და მაშინ, როცა მისი გადადგომის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, კაბინეტში, სამუშაო რეჟიმში იყო.

სამი გადამდგარი ჩინოვნიკიდან, ორს თანამდებობისთვის გამოთხოვება ძალიან მალე მოუხდა. ავთანდილ კაჭკაჭაშვილი გუბერნატორის მოადგილედ წელიწადნახევარი მუშაობდა, 2014 წლის 3 იანვრიდან 2015 წლის 13 ივლისამდე. ერთ წელიწადს დაახლოებით ორი კვირა დააკლდა, შპს „კეთილმოწყობის“ უკვე ყოფილი უფროსის, გიორგი ბალიაშვილის შემთხვევაში. ბალიაშვილი დასუფთავების სამსახურს 2014 წლის ივლისის ბოლოდან 2015 წლის 14 ივლისამდე ხელმძღვანელობდა. გიორგი ბაგინაშვილი კი წყალმომარაგების კომპანიას ხუთწელიწად–ნახევარი უძღვებოდა, 2010 წლის თებერვლიდან, 2015 წლის 15 ივლისამდე.



სამიდან ორის შემთხვევაში ინფორმაცია თავად უკვე ყოფილი თანამდებობის პირებისგან გავრცელდა. ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა და გიორგი ბალიაშვილმა განაცხადეს, რომ მიდიან და მეორე დღეს სამსახურში არც გამოჩენილან. მესამეს შემთხვევაში კი, მაშინ როცა ამაზე მედია და „ცენტრი“ საუბრობდა, თავად ჯერ კიდევ არაფერი იცოდა. გიორგი ბაგინაშვილი მედიასთან ჯერ დაიბნა, გადადგომა უარყო, შემდეგ კი განაცხადა, რომ განცხადება თავად დაწერა: „რა პრობლემაა, მე წავალ და სხვა შემცვლის. მართლა ჩემი გადაწყვეტილებით მივდივარ“.
სამი უკვე ყოფილი თანამდებობის პირიდან, ორმა: კაჭკაჭაშვილმა და ბაგინაშვილმა, გადადგომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მესამემ, გიორგი ბალიაშვილმა კი ტელეფონი გათიშა. თუმცა, განსხვავებით იმ ორისგან, ბალიაშვილი მედიასთან გახსნილი არც მუშაობის პერიოდში ყოფილა.

სამიდან ორმა განაცხადა, რომ სამუშაოდ სხვა სამსახურში გადადის. ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა განაცხადა, რომ „მუშაობის გაგრძელებას სხვა საჯარო სამსახურში აპირებს, რეგიონში არა, თბილისში“. გიორგი ბაგინაშვილის „სხვა სამსახურს“ ჯერ რაიმე კონკრეტული მონახაზი არ აქვს, ყოველშემთხვევაში, მედიასთან არ დაუზუსტებია. გიორგი ბალიაშვილის წასვლის მიზეზი კი ახალციხის მერიის საქმის წარმოების განყოფილებაში განგვიმარტეს: „ როგორც განცხადებაში ეწერა, მან სამსახურიდან გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაწყვიტა“.
ოპოზიციამ ნაკლებად დაიჯერა, რომ სამივე მათგანმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა და მომხდარი რამდენიმე ფაქტორს დაუკავშირა. ყველაზე მეტი ვერსია გუბერნატორის მოადგილის ირგვლივ გაისმა.

ავთანდილ კაჭკაჭაშვილის სახელი ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა თვითმმართველობებზე ზეწოლის კონტექსტში. მას განსაკუთრებით ადიგენის მუნიციპალტეტში უჩიოდნენ. კერძოდ, მისი სახელი ფიგურირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ლობჯანიძის საქმეში, რომელმაც იმპიჩმენტი გაასაჩივრა.

კაჭკაჭაშვილის შემთხვევაში ამ ბოლო პერიოდში გაირკვა ისიც, რომ ქონებრივ დეკლარაციაში მეუღლის შემოსავალს, კერძოდ, რესტორან „ალავერდში“ 33%–იან წილს მალავს.

სწორედ ამ ორ ფაქტორს უკავშირებს გუბერნატორის შემთხვევას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაური და ამბობს, რომ: „ამის გარდა, არის ბევრი საკითხები, რაზეც პასუხი არ აქვს“.

იურისტი, „ნაციონალების“ მხარდამჭერი ირაკლი ბარძიმაძე ფიქრობს, რომ გიორგი ბაგინაშვილი მერიამ გადაიყოლა: „წყლისა და კანალიზაციის მოუწესრიგებლობის შემთხვევაში, ქალაქის მერი ყოველთვის აპელირებდა გიორგი ბაგინაშვილზე. ამ დროს პროექტები ბაგინაშვილს არ ეხება და გადაიყოლეს ერთი წესიერი, პროფესიონალი კაცი“.

გიორგი ბალიაშვილის წასვლა კი გუბერნატორის მოადგილეს დაუკავშირეს.

„მარჯვენა ხელი იყო კაჭკაჭაშვილის ბალიაშვილი და მაგის მიყვანილი. ერთად მოვიდნენ, ერთად წავიდნენ“, – ფიქრობს ლევან ლობჯანიძე.

გაცილებით მეტი კითხვა დაუგროვდა სამოქალაქო სექტორს.

„ზემდგომებს რომ გაეშვათ, ძალოვნებს რომ ჰქონოდათ მათთან პრეტენზიები, მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდებოდა. როდესაც ამბობენ, რომ საკუთარი სურვილით დაწერეს განცხადება, სასწაულს ვერ მივაწერთ. შესაძლოა ეს იყო შიდა ხედვებში განსხვავება, ან შეუთანხმებლობა“, – ვარაუდობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე.

ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი კი ქვეყანაში ტენდენციად ქცეულ, მმართველი გუნდის შეცვლის შემდეგ დაწყებულ მასობრივ საკადრო ცვლილებებს იხსენებს და არ უკვირს, რომ კაჭკაჭაშვილისა და ბალიაშვილის წასვლას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს.
ორივე მათგანი პასუხს უკვე წასული თანამდებობის პირებისგან ელოდებიან. გადამდგარი ჩინოვნიკები კი მეტ დეტალებზე აღარ საუბრობენ.

სამოქალაქო სექტორშიც და ოპოზიციაშიც ფიქრობენ, რომ „გადადგომების სერია“ გაგრძელდება. მაგალითად, ცირა მესხიშვილი, ცვლილებებს თვითმმართველობებში ელის. გიორგი ანდღულაძე კი ფიქრობს, რომ არამხოლოდ „საკუთარი სურვილით“ წასვლები, გათავისუფლებებიც მოსალოდნელია.

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამ დღეში სამი „პირადი განცხადებით“ გადამდგარი ჩინოვნიკი ახალციხეში
შპს "კეთილმოწყობის" უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა თანამდებობა დატოვა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
სამცხე-ჯავახეთში ყოფილი თანამდებობის პირების კომპანიები ტენდერებს იგებენ
გიორგი დალალიშვილი თანამდებობას ტოვებს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მოადგილის წასვლაზე სიტყვაძუნწობს