
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" კვლევა დღეს, 7 ოქტომბერს
გამოაქვეყნა.
ავთანდილ კაჭკაჭაშვილიცა და გიორგი ბალიაშვილიც თანამდებობის პირები მას შემდეგ გახდნენ, რაც 2013 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აკაკი მაჭუტაძე სუს-ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციიდან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად გადაიყვანა. მაჭუტაძემ კაჭკაჭაშვილი მოადგილედ 2014 წლის იანვარში დანიშნა. მოგვიანებით გუბერნატორის მეგობარმა, გიორგი ბალიაშვილმა ახალციხის მუნიციპალური შპს „კეთილმოწყობის” უფროსის პოზიცია დაიკავა. ბალიაშვილმა და კაჭკაჭაშვილმა თანამდებობები 2015 წლის ივლისში ერთდროულად დატოვეს. ამის შემდეგ კი ბიზნესპარტნიორები გახდნენ და სახელმწიფო შესყიდვებში გააქტიურდნენ.
ავთანდილ კაჭკაჭაშვილი გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნამდე, ადიგენში „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა.
გიორგი ბალიაშვილის სახელი კი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება: 2015 წელს, იგი ყოფილმა პატიმარმა ცემაში დაადანაშაულა, 2016-2017 წლების წინასაარჩევნო პერიოდში კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ამხელდნენ. ამ ინციდენტების გამო გუბერნატორის მეგობრის, გიორგი ბალიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო უწყებებს დღემდე არ დაუყენებიათ.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გიორგი ბალიაშვილის დედა, ზოია ბალიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს, 2018 წლის მარტში კი მისი დის ქმარი, კობა კურტანიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორად დანიშნეს.
ვიდრე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი გუბერნატორის მოადგილე გახდებოდა, მას უკვე ჰქონდა შპს „უტა 2015“ და შპს „მადლი“.
"თანამდებობის დატოვების შემდეგ, კაჭკაჭაშვილის კომპანიები „უტა 2015” და „მადლი” ერთმანეთს შეერწყა: გუბერნატორის ყოფილი მოადგილის გაერთიანებული კომპანია „უტა 2015“-ის 100% წილი გუბერნატორის მეგობარ ბალიაშვილს უსასყიდლოდ გადაეცა. ბალიაშვილი დაინიშნა დირექტორადაც.
„უტა 2015“-ით გუბერნატორის მოადგილის პოზიციაზე ყოფნის დროს კაჭაკჭაშვილმა ადიგენისა და ახალციხის გამგეობებში 5 ტენდერი 113 601 ლარზე მოიგო.
თანამდებობის დატოვების შემდეგ კაჭკაჭაშვილმა „უტა 2015“ ბალიაშვილს უსასყიდლოდ გადასცა. მას შემდეგ კომპანიის დირექტორიც და 100% წილის მფლობელიც გიორგი ბალიაშვილია. კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს. 2014-2020 წლებში „უტა 2015-მა“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 590 662 ლარი მიიღო.
რაც შეეხება კაჭკაჭიშვილის კიდევ ერთ კომპანიას - „მადლს“, ის ტენდერებში არ მონაწილეობდა, კაჭკაჭაშვილს გუბერნატორის მოადგილეობის პერიოდში კი ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 13 168 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
ორივე კომპანიის ძირითადი შემსყიდველები სწორედ ახალციხის და ადიგენის მუნიციპალიტეტები არიან", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში თამუნა უჩიძე.
თუმცა მას შემდეგ, რაც კაჭკაჭაშვილმა და ბალიაშვილმა ახალი კომპანია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2” დაარეგისტრირეს, რეგიონში მათი შესყიდვების არეალი გაიზარდა და მიღებული თანხაც.
საგზაო სამშენებლო სამმართველო №2ბალიაშვილმა და კაჭკაჭაშვილმა შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2” თანამდებობის დატოვებიდან ექვს თვეში, გორში რეგისტრირებულ სამშენებლო ფრიმასთან შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-თან დააფუძნეს.
შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2”-ში საწყის ეტაპზე 70% წილს ფლობდა შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”, ხოლო 15%-15% ფლობდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი და მისი მეგობარი, ახალციხის მუნიციპალური შპს “კეთილმოწყობის” ყოფილი უფროსი გიორგი ბალიაშვილი, რომელიც იმავდროულად კომპანიის დირექტორიც იყო.
ამჟამად კი შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო №2”-ში წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული: ავთანდილ კაჭკაჭაშვილი - 30% (დირექტორი), შოთა აბულაძე - 35%, ნუკრი აბალაკი - 17.5%, ნუგზარ აბალაკი - 17.5%.
2017 წლის ივლისიდან 2020 წლის სექტემბრამდე „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ 95 ტენდერში მონაწილეობდა და 47 მოიგო, მათ შორის 19-ში (38.7%) ერთადერთი პრეტენდენტი იყო. მისი ძირითადი შემსყიდველები სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები იყვნენ. მათ შორის ყველაზე მსხვილი, დაახლოებით, 5,5 მილიონი ლარის შესყიდვები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა.
„საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”-მა ტენდერებიდან სულ 13,607,970 ლარი მიიღო, აქედან 3 952 231 ლარი (29%) უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებიდან დაერიცხა.
„საგზაო სამშენებლო სამმართველო N2”-ის მონაწილეობა ტენდერებში 
„საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“- მა ამავე პერიოდში მიიღო 7,367 ლარის ოდენობის 6 გამარტივებული შესყიდვა, მათ შორის სამი შესყიდვა (სულ 4,465 ლარის ღირებულების) - ახალციხის შპს „კეთილმოწყობისგან“.
ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ სულ 13,615,337 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები გააფორმა სახელმწიფო შესყიდვებზე.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-მა ახალციხეში, ავთანდილ კაჭკაჭაშვილთან და გიორგი ბალიაშვილთან ერთად, „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ დააფუძნა, იგი სახელმწიფო შესყიდვებში სამცხე-ჯავახეთშიც გააქტიურდა.
მანამდე „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-ს რეგიონში მხოლოდ 5 ტენდერი ჰქონდა მოგებული, ჯამში 5,056,920 ლარზე, შემდეგ კი 46 ტენდერიდან 23 მოიგო და ჯამში 27,374,099 ლარი დაერიცხა. აქაც მისი შემსყიდველები ისევ საავტომობილო გზების დეპარტამენტი და რეგიონის მუნიციპალიტეტები იყვნენ.
საერთო ჯამში, კაჭკაჭაშვილი-ბალიაშვილის და მათი პარტნიორების კომპანიებმა, „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა” და „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-მა”, სამცხე-ჯავახეთში, 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე განხორციელებული პროექტებით, 40,989,436 ლარი მიიღეს.
„საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-ის” მეწილეები ნუგზარ და ნუკრი აბალაკები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველები არიან. მათ 60,000-60,000 ლარი მმართველ პარტიას 2016 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში გადაურიცხეს. კომპანიის მესამე მეწილემ, შოთა აბულაძემ კი 60,000 ლარი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირა. ყოფილ მმართველ პარტიას აფინანსებდა უშუალოდ კომპანიაც. 2011 წელს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-მა 100,000 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გადაურიცხა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-ისა“ და „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2-ის“ სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მათსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.
[sknews.ge]